საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

„47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა, პროფესორებმა, საზოგადოებამ ერთხმად აღიმაღლა ხმა და დაიცვა ეროვნული თვითმყოფადობის, აზროვნებისა და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის - ქართული ენის - სახელმწიფო სტატუსი. ეს იყო გამორჩეული სიმამაცის გამოვლენა უზარმაზარი ზეწოლის ფონზე. ქართული ენისთვის კონსტიტუციური სტატუსის გაუქმება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, ეს იყო თავდასხმა ენაზე, რომელითაც შეიქმნა უდიდესი ეროვნული და საკაცობრიო საგანძური, თავდასხმა მის ფესვებზე, მის კულტურაზე, მის მომავალზე“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუ-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია - „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ, ანუ სტუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები”, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს სახელმწიფო ენის დღეს, რადგან პედაგოგებსა და სტუდენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის, ის კულტურის, აზროვნებისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველია.

„1978 წლის 14 აპრილს, სტუდენტები და ათასობით ადამიანი შეიკრიბა არა ძალაუფლებისთვის ან ხელისუფლებაში მოსვლისთვის, არამედ ეროვნულობის, ჩვენი მშობლიური ენის, ჩვენი მომავლის დასაცავად, იმისთვის, რომ ჩვენს მიწაზე, სადაც ქართული ენა უხსოვარი დროიდან იშვა, მის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე არ შექმნოდა. იცოდნენ მაშინ, თუ რა რისკის ქვეშ იდგნენ. უბრალო სტუდენტები იყვნენ, რომლებიც ბევრად ძლიერ სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ.

ახალგაზრდებო, გახსოვდეთ - თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მიგვიღია, ის თაობებმა მოიპოვეს, ისეთმა სტუდენტებმა, როგორებიც თქვენ ხართ. ისტორია მხოლოდ წიგნებში არ ცხოვრობს, ის თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებებშია - იმაში, როგორ საუბრობთ, როგორ იქცევით და როგორ იცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს. არასოდეს დაგვავიწყდეს - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, დავკარგავთ წარსულს, მომავალს და საკუთარ თავსაც, მაგრამ თუ მას მოვუვლით, განვავითარებთ და გადავცემთ მომავალ თაობებს, ვერცერთი ძალა ვერ მოგვერევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალ თაობას მოგიწოდებთ, იაზროვნეთ არა მხოლოდ როგორც მეცნიერების და ტექნოლოგიის შემსწავლელებმა, არამედ როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მცველებმა. ილაპარაკეთ ქართულად, წერეთ ქართულად, იაზროვნეთ ქართულად, დაიცავით ენა და ასწავლეთ მომავალ თაობებს, რომ 14 აპრილი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ჩვენი დაუმორჩილებლობისა და სიცოცხლის უწყვეტობის დღე“, - განაცხადა რექტორმა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით - „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ, ანუ სტუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები”, წარსდგა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების მისიაზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადადგმული იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე კულტურულ გამოწვევებთან.

როგორც კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება არსებითად ეხმიანება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანების მიზნებს.

სტუ-ის ინფორმაციით, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს და ქართული პოეზიის შედევრები წაიკითხეს. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფაკულტეტი, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობით, უცხოური ტერმინების განმარტებით ლექსიკონზე დაიწყებს მუშაობას და მას გამოსაცემად მოამზადებს. დეკანის თქმით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ლექსიკონის ციფრულ ვერსიასაც შეიმუშავებს, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა, სტუ-ის სტუდენტებისა და პედაგოგების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა