ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი ორ სხდომაში გამოცხადდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი ორ სხდომაში გამოცხადდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართა, თუმცა დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო, რის გამოც საქმის განხილვა ორ სხდომაში დასრულდება.

„პირველი არსებითი სხდომა იყო, შესავალი სიტყვები ვთქვით მხარეებმა. ამას ემატება ის, რომ ბრალდების მხარეს რამდენიმე მოწმე ჰყავდა სიაში შეყვანილი, ყველა მათგანი უდაოდ გავხადეთ, ვინაიდან მათ რეალურად არაფერი იციან, ტექნიკური თანამშრომლები არიან, რეალური მოწმეები ვინც არიან ამ საქმეზე, ანუ კომისიის წევრები, მათი დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შემდეგ სხდომაზე წერილობით მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ და დასკვნით სიტყვებზე გადავალთ. ძალიან მალე დავასრულებთ აღნიშნულ საქმეს, შემდეგი პროცესი 24 და 4 ივნისსაა, წესით, 4 ივნისს პროცესი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს