მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT საქართველოში ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს.
პროექტები ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემისა და ანტრეპრენერული უნარების განვითარებას, რაც სტუდენტებს, ლექტორებსა და ამ სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აძლევს, აშშ-ში, MIT-ის კამპუსში გაიღრმაონ ცოდნა. ლექტორებსა და სტუდენტებს საქართველოდან შეეძლებათ შეხვდნენ „სილიკონის ველის“ ინვესტორებსა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ეკონომიკურ აქტორებს, გაიზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება და ახალი იდეებითა და ხედვებით დაბრუნდნენ ქვეყანაში.
„სილიკონის ველი“ არის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ჰაბია და მისი ძირითადი ამოცანაა მეცნიერული იდეების პრაქტიკაში დანერგვა. „სილიკონის ველის“ ზონაში შექმნილია სპეციალური ინფრასტრუქტურა, მოქმედებს სპეციალური საგადასახადო შეღავათები, აქ თავს იყრიან ტექნოლოგიების, მეცნიერების და სხვა სფეროების წამყვანი სპეციალისტები, ხორციელება სტარტაპების აქსელერაციის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ენჯელ ინვესტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციურ იდეებს აფინანსებენ.
MIT უკვე მე-12 წელია, რაც QS World University Rankings-ის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი კომპანია, რომელშიც, ახლანდელი მონაცემებით 4.6 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და წელიწადში 2 ტრილიონ დოლარზე მეტის ეკონომიკურ აქტივობას ქმნის. უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ შექმნილი ეკონომიკა ცალკე ქვეყანა რომ იყოს, ის მსოფლიოს სიდიდით მე-10, მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ MIT-ის კურსდამთავრებულები არა მარტო ბიზნესში, არამედ მეცნიერებასა და პოლიტიკაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლები.
MIT-ის (Massachusetts institute of technology) როლი ანტრეპრენერობის ხელშეწყობაში უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინსტიტუტის Delta V აქსელერაციის პროგრამამ შექმნიდან დღემდე უკვე მხარი დაუჭირა 181 სტარტაპს, რომლებმაც ჯამში 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპების 61%-მა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მოწინავე აქსელერატორებში, როგორიცაა Mass challenge, Y combinatory and Techstars.
მის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპებიდან 61% დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას, რაც მაღალი მაჩვენებელია, რადგან დიდი რისკისა და გარემო ფაქტორების გამო როგორც წესი, მათი უმეტესობა წყვეტს ხოლმე საქმიანობას.
MIT-ს, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტს, დიდი კონტრიბუცია შეაქვს როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკის განვითარებასა და მეწარმეობის წახალისებაში.
MIT-ის პროგრამების საქართველოში შემოტანა ნიშნავს სრულიად ახალ გამოცდილებას სტარტაპ პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის. ისინი შეძლებენ, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით შექმნან თავიანთი სტარტაპები, მოიზიდონ დაფინანსება და გახდნენ მსხვილი კომპანიების დამფუძნებლები.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტრეპრენერობის წახალისებაში დიდ როლს ასრულებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network-ი (GLEEN), რომლის მიზანია, გლობალური მასშტაბით გააძლიეროს ანტრეპრენერული განათლება და გააუმჯობესოს ეკოსისტემა, რასაც წარმატებით ასრულებს.
GLEEN არის ინოვაციური ქსელი, რომელიც გლობალური მასშტაბით, ანტრეპრენერული განათლების გაძლიერებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ის MIT-ის გარდა აერთიანებს საქართველოს, კანადის, ავსტრიის, სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის მეწარმეობის და ინოვაციების განმავითარებელი ქსელის წევრებს, რაც გულისხმობს ერთობლივი კვლევითი პროექტების შექმნას, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებასა და საგანმანათლებლო ლიტერატურის შემუშავებას, რის შედეგადაც გაჩნდება მეტი წარმატებული სტარტაპი და მეწარმე ჩვენს რეგიონში.
სწორედ აღნიშნული ქსელი შემოვიდა საქართველოშიც, რომელიც გააძლიერებს სამეწარმეო განათლებას, თავის წვლილს შეიტანს ინოვაციების დანერგვასა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. GLEEN-ის შემავალი უნივერსიტეტების მიზანი მაღალკვალიფიციურ მეწარმეთა თაობების აღზრდა და ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებთან გამკლავების უნარების ჩამოყალიბებაა. წარმატების ერთიანი სტანდარტის შესამუშავებლად ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელი ქსელი MIT-ის გამოცდილებასა და სტარტაპის შექმნის და განვითარების მეთოდოლოგიას გამოიყენებს.
ინიციატივის შესაბამისად, GLEEN ხელს შეუწყობს მსოფლიო ანტრეპრენერული განათლების ეკოსისტემის გაუმჯობესებას და ღია დიალოგისა და ხშირი თანამშრომლობის გზით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ MIT-სთან ერთად GLEEN-ის თანადამფუძნებელია 4 უნივერსიტეტი, მათ შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU საქართველოდან, რომლის პარტნიორობითაც განხორციელდება ქსელის მიერ შემუშავებული პროექტები.
ჩვენს ქვეყანაში ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა MIT-ის ულტრაინოვაციური ციფრული პლატფორმა Orbit-ი, რომელიც სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. Orbit გამოიყენება MIT-ის სტარტაპების განვითარების მთავარ ინსტრუმენტად. Orbit პლატფორმაზე წვდომა სხვადასხვა უნივერსიტეტებს აქვთ მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ულიმიტო წვდომა მსოფლიოს 5 უნივერსიტეტს. რეგიონში კი SEU ერთადერთი უნივერსიტეტია, რომლის სტუდენტებსა და ლექტორებს ულიმიტო წვდომა აქვთ Orbit-ზე.
საქართველოში MIT-ის პროგრამების ფარგლებში ლექტორებს ყოველწლიურად მიეცემათ შესაძლებლობა, MIT-ის კამპუსში, MIT-ის სტუდენტებთან ერთად გაიარონ გადამზადება ანტრეპრენერულ პროგრამაზე. SEU-ს აკადემიურმა პერსონალმა აღნიშნული შესაძლებლობა ერთხელ უკვე გამოიყენა და ახალი მიდგომებით დაბრუნდა ქვეყანაში. მათ შექმნეს MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების სასერტიფიკაციო პროგრამა, რომლის პირველი მოდული უკვე დაინერგა და მე-2, მე-3 მოდული სექტემბრიდან აიღებს სტარტს. აღნიშნული პროგრამა MIT-ის პროფესორების ჩართულობითა და ამავე უნივერსიტეტის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით არის შექმნილი.
ამასთან SEU ყოველწლიურად ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სრული დაფინანსებით, გაგზავნის მასაჩუსეტსში, სადაც ისინი სამი კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად, კამპუსში StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე იმუშავებენ. 2026 წლისთვის სტუდენტების ნაწილი უკვე შერჩეულია.
MIT-ის შემოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა, გახდნენ გლობალური პროცესების ნაწილი, ხორცი შეასხან თავიანთ სტარტაპ იდეებს და წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.