ეკა სეფაშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებზე - არა მარტო ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, ისინი მთლიანად გუნდის მიერ იყვნენ წარდგენილი და პარლამენტიც მონაწილეობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე კონკრეტული პირების დამტკიცებაში, ამიტომ ეს საერთო პასუხისმგებლობაა

ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ვერ იკვეთება - არ ვფიქრობ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილს გასაკეთებელი აქვს განმარტებები, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ნდობა ვერ გაამართლეს და აღნიშნავს, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

სეფაშვილის განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტიც მონაწილეობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დამტკიცებაში, ამიტომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეს, როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, „სამხილები არის უტყუარი და რადგან მასზე ძებნა გამოცხადდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრალი უკვე დადასტურებულია“.

„ოპოზიციის კომენტარები ფარცხალაძის თემასთან დაკავშირებით არის სრული აბსურდი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ქართული მართლმსაჯულებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი თანამდებობის პირია თუ ამჟამინდელი. მართლწესრიგი მყარდება კანონების შესაბამისად და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მე დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა. სამხილები არის უტყუარი და რადგან მასზე ძებნა გამოცხადდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრალი უკვე დადასტურებულია და ახლა განხორციელდება პროცედურები, რაც საჭიროა კანონის შესაბამისად.

მე არ ვფიქრობ, რომ პირადად მას [ბიძინა ივანიშვილს] გასაკეთებელი აქვს განმარტებები. ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ასე ვერ იკვეთება. არა მარტო ბიძინა ივანიშვილმა [წარადგინა], ის მთლიანად გუნდის მიერ იყო წარდგენილი და გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტიც მონაწილეობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დამტკიცებაში. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა და პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას მე ვერ ვხედავ. მეორე საკითხია, რომ ამ ადამიანებმა ნდობა ვერ გაამართლეს. უღალატეს პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას, ქართველ ხალხს, თანამდებობას. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ეს ყველაფერი და გუნდშიც დიდი წუხილი არის გამოხატული, თუმცა ის ფაქტი, რომ ისინი ოდესღაც თანამდებობებს იკავებდნენ, მათ ვერანაირად გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა