მადიარის მთელო პოლიტიკური კარიერა ვერ შეფასდება, როგორც მხოლოდ „ფიდესიდან“ წამოსული ადამიანის. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავად ორბანმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა, რის გამოც მადიარმა ორბანის პარტია დატოვა. რეალური პოლიტიკური კაპიტალი მოიპოვა აჯანყებით და არა „ფიდესთან“ მისი აფილიაციით , - ამის შესახებ „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
როგორც მელაშვილმა აღნიშნა, შეუძლებელია, ორი განსხვავებული ქვეყნის მაგალითის ერთმანეთთან შედარება, თუმცა უნგრული შემთხვევიდან საბაზისო გაკვეთილების გამოტანა შესაძლებელია.
„ზოგადად, სიტუაციებისა და ქვეყნების შედარება ყოველთვის ძალიან უმადური საქმეა, რადგან ყველა ქვეყანა არის განსხვავებული, ყველას აქვს თავისი დეტალები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია სიტუაციის სწორად შეფასება. ზუსტი ორი მაგალითი შეიძლება ძალიან შეუსაბამო იყოს და იმან, რამაც იმუშავა უნგრეთში, ჩვენთან შეიძლება კონტრშედეგი გამოიღოს, მაგრამ მგონია, რომ არსებობს საბაზისო გაკვეთილები, რომელთა გამოტანაც უნგრული შემთხვევიდან შესაძლებელია. პირველი ეს არის ის, რომ მადიარმა ოპოზიციური ფლანგის საკუთარი თავის გარშემო გაერთიანება მოახერხა. თავიდან ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ როდესაც ბოლოს ყველა მიხვდა, რომ მისი რეიტინგი მზარდი იყო, ხოლო ოპოზიციური პარტიების რეიტინგი კლებადი, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მისთვის დაეჭირა მხარი.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ უნგრული საარჩევნო სისტემა და ჩვენი საარჩევნო სისტემა ერთმანეთისგან განსხვავდება. უნგრეთში არის მაჟორიტარული ოლქები, ჩვენ მაჟორიტარული ოლქები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს. ანუ იმისთვის, რომ უნგრეთში შანსი მაინც ჰქონოდა ოპოზიციას, მას უნდა ჰყოლოდა ერთი კანდიდატი ორბანის წინააღმდეგ. ჩვენთან მდგომარეობა ოდნავ უკეთესია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც კარგად არის.
მეორე თემა, რატომაც არ შეიძლება საქართველოს შევადაროთ, არის ის, რომ უნგრეთში მოქმედებდა ევროკავშირის შემაკავებელი ბერკეტი და ევროკავშირის სამართალი. უნგრეთს არ აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან, უნგრეთში რუსული პროპაგანდა გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე ჩვენთან. მესამე არის ის, რომ საქართველოში არის უფრო მეტი შესაძლებლობა კრიტიკული აზრის მოსმენისთვის. უნგრეთში ამ მხრივ გაცილებით უარესი მდგომარეობაა, საერთოდ არ იყო ოპოზიციური ტელევიზიები, იქ იყო ერთადერთი იუთუბ-არხი, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებდა.
მადიარმა ძალიან კარგად გამოიყენა სოციალური ქსელები, იდეალურად გამოიყენა „ტიკ-ტოკი“, „ფეისბუქი“, „იუთუბი“. გამოიყენა არსებული ოპოზიციური ინფრასტრუქტურა.
მადიარის მთელო პოლიტიკური კარიერა ვერ შეფასდება, როგორც მხოლოდ „ფიდესიდან“ წამოსული ადამიანის. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავად ორბანმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა, რის გამოც მადიარმა ორბანის პარტია დატოვა. ორბანმა დაიცვა პედოფილიაში მხილებული ადამიანი. ორბანმა, რომელიც ამბობდა, რომ მისთვის ოჯახური ღირებულებები არის მთავარი და კონსერვატიზმი არის მნიშვნელოვანი, დაიცვა პედოფილი იმიტომ, რომ იყო მისი გუნდიდან. ამას მოჰყვა მადიარის ცოლის ქმედებები, რომელიც იყო ორბანის მინისტრი. მადიარმა ეს ყველაფერი რომ დაინახა, გამოვიდა, მოყვა, ილაპარაკა და ამით მოიპოვა პირველადი პოლიტიკური კაპიტალი. რეალური პოლიტიკური კაპიტალი მოიპოვა ამ აჯანყებით და არა „ფიდესთან“ მისი აფილიაციით.
მე არ მგონია, რომ მაინც და მაინც ქართულ პოლიტიკაში უნდა გამოჩნდეს ვიღაც „ქართული ოცნებიდან“ წამოსული, თუმცა მნიშვნელოვანია შიშებით, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ ელექტორატში, ნებისმიერი ახალი ოპოზიციური ძალის დაკავშირება მოხდეს“, - განაცხადა მელაშვილმა.