ლაშა ფარულავა - პარტიების აკრძალვა ტყუილი და ფარისევლობაა, ხომ შეიტანეს სარჩელი, რამდენი თვე გავიდა? რაც შეეხება ცოტნე ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი შვილის მემკვიდრედ წარმოჩენას ცდილობს, გვაჩვევს, რომ მემკვიდრეობით დაინიშნებიან ქვეყნის ხელმძღვანელები

სიცრუის ოსტატები არიან. თავიდან ივანიშვილმა „ტრამპ თაუერის“ პროექტი ჩაშალა, ისე, როგორც გააფუჭა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები - ინვესტიცია კი არ შემოაქვთ, ადგილობრივი მინი ოლიგარქების ჯგუფი აშენებს საკუთარი ფინანსებით ფრენჩიზის ქვეშ ცათამბჯენს. თბილისი მიიღებს იმას, რომ კი, დაეწერება „ტრამპ თაუერი“, მაგრამ ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოვა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ინფორმაციას, რომ The Trump Organization-ი საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტს განახორციელებს.

როგორც ლაშა ფარულავამ განაცხადა, სამ ბიზნესჯგუფს ["ბლოქსი", „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი] არაფერი აქვს საერთო თავისუფალ ბიზნესთან და მთლიანად არიან შერწყმულები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ბანაკთან.

„სიცრუის ოსტატები არიან. თავიდან ივანიშვილმა „ტრამპ თაუერის“ პროექტი ჩაშალა, ისე, როგორც გააფუჭა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის შეერთებული შტატების სანქცია. ამიტომ გაუშვა კობახიძე ბუდაპეშტში, როდესაც მთელი ერი პატრიარქს გლოვობდა. ჯეი დი ვენსი ჩადიოდი იქ და ევაჭრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქნებ სანქცია მოხსნან ივანიშვილს. განა ის, რომ ქართველი ხალხისთვის დამატებითი შესაძლებლობა გაჩნდეს, დემოკრატია იყოს - არა!

ამ სამ ბიზნესჯგუფს არაფერი აქვს საერთო თავისუფალ ბიზნესთან, ეს ადამიანები მთლიანად არიან შერწყმულები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ბანაკთან. ფხაკაძე, კალაძის ძმაკაცი „არქი ჯგუფიდან“. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, იქ რომ ზაზა ფაჩულიას ვხედავ, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი კალათბურთელია. „ტრამპ თაუერი“, რომელიც ნამდვილად შენდებოდა ბათუმში და პირადად ჩაუყარა საფუძველი დონალდ ტრამპმა, ეს პროექტი ჩაშალეს და დღეს გვეუბნებიან, რომ იქ სადაც რეკრეაციული სივრცე უნდა ყოფილიყო, სადაც „თბილისის ფილტვებია“, „ტრამპ თაუერი“ უნდა აშენდეს. ინვესტიცია კი არ შემოაქვთ, არამედ ადგილობრივი მინი ოლიგარქების ჯგუფი აშენებს საკუთარი ფინანსებით ფრენჩიზის ქვეშ ცათამბჯენს. თბილისი მიიღებს იმას, რომ კი, დაეწერება „ტრამპ თაუერი“, მაგრამ ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოვა. არათუ ინვესტიცია არ შემოვა, ყველა ინდიკაცია არსებობს იმის, რომ საქართველოში არავინ აპირებს ფულის ჩადებას. 2 წელია გვეუბნებიან, რომ ჩინური ინვესტიცია შემოვიდოდა ქვეყანაში, მათ შორის „ლიბერთი ბანკსა“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაში“, - განაცხადა ფარულავამ.

რაც შეეხება სხვა თემებს, პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებებზე ცოტნე ივანიშვილის ხშირად გამოჩენა და მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი საკუთარ შვილს, როგორც მის პოლიტიკურ მემკვიდრეს, ისე წარმოაჩენს და ნელ-ნელა გვაჩვევს, რომ მემკვიდრეობით დაინიშნებიან ხელმძღვანელი პირები ამ ქვეყანაში“.

„ეს არის ჭორვილის მოდელი, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს. ჩვენ აღარ ვართ თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ ვართ ავტორიტარული ბანაკის წევრები. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა ქვეყანაში - ქვეყანაში აღარ არის დემოკრატია. პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს აუქმებენ. კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო ივანიშვილის გუნდმა. ივანიშვილმა საკუთარი შვილი ცოტნე წარმოაჩინა, როგორც მისი მემკვიდრე. ნელ-ნელა გვაჩვევს, რომ მემკვიდრეობით დაინიშნებიან ხელმძღვანელი პირები ამ ქვეყანაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა, ირაკლი კობახიძე რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის მეთაურია, როგორც ლეკვი ისე დაჰყვებოდა ივანიშვილს. სამარცხვინო სურათს ვუყურებდით. მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ექცევა ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებს, როგორ არაფრად აგდებს. გახსოვთ, ღარიბაშვილზე განცხადებები, მას არანაირი ფასი არ აქვს ჩემთვისო და რა ფასი აქვს კობახიძეს, ამ შეხვედრაზე დავინახეთ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცოტნე ივანიშვილს უყურებენ, როგორც ივანიშვილის მემკვიდრეს. მე ივანიშვილის ოჯახს ვუყურებ, როგორც საქართველოს მთავარ პრობლემას. წარმოუდგენელია, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენთვის არსებითია ლიბერალური დემოკრატია, ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური იდენტობით იღებდეს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბანზე, თუ ვინ უნდა იყოს მისი ხელისუფლება. თუ ვინმეს სურს ეს გააუქმოს, ივანიშვილია. არავის უნდა დაავიწყდეს, 2024 წლის 29 აპრილს მისი განცხადებები რუსთაველის გამზირზე. ევროპული არჩევანის საბოტაჟი ვინ მოგვიწყო?! ვინ დაგვიანონსა ტერორი? ძალადობა?! ივანიშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ცოტნე ივანიშვილის მის გვერდით იყო, ტაშს უკრავდა მამამისს. წელიწადნახევარი გავიდა არცერთი მოქალაქე დასჯილი არ არის, თვითონ იძალადეს და ახლა წუხს. ეს არის „ლურჯი მელიის“ პოზა. „ლურჯი მელია“ „ქართული ოცნების“ ილუსტრაციაა,“- განაცხადა ფარულავამ.

ამასთან, ფარულავა იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, სადაც ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტები“ დაემატება.

„სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ ვერ ეგუება იმას, რომ რესურსი არ აქვს ამ ტყუილების. ცდილობს, დღის წესრიგში შემოიტანოს ოპოზიციის აკრძალვა. აგერ არ არის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში? ტექნიკურად ხდება ის, რომ განხილვის ვადა იწურება იმ სარჩელის, რომელიც შეიტანეს და ამიტომ გამოაქვთ ეს სარჩელი და აპირებენ თავიდან შეიტანონ. ეს კიდევ ერთი ფარისევლობაა. თუ ვინმეს აკრძალვას აპირებენ, ჩვენ არაფრის გვეშინია, აქ ვართ, ჩვენი აკრძალვით არაფერი შეიცვლება. ჩვენი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ტყუილი და ფარისევლობაა ეს პროცესი. ხომ შეიტანეს სარჩელი, რამდენი თვე გავიდა? თვე-ნახევარში ეწურება საკონსტიტუციოს ვადა რომ განხილვა დაიწყოს და არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ტექნიკურად სარჩელს გამოიტანენ და შემდეგ თავიდან შეიტანენ. ამას ატრიალებენ მუდმივად - „ნაცები“ „ქოცები“. ვერ ხვდებიან, რომ ქართველ ხალხს სურს საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. რეგიონებში რა ხდება, ახალგაზრდას ვერ ვიპოვით. ვინ არის პასუხისმგებელი? ივანიშვილი არ არის?! სამი თვის წინ გვითხრეს ფასებს დავაკლებთო, პირველი შედეგი აპრილში იქნებაო და იმალება კობახიძე. ყველაფერს ემალება. სამარცხვინო დღეშია. აღარაფრის თქმის მორალური [უფლება არ აქვს]- განაცხადა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ