პაატა ზაქარეიშვილი - გამორიცხულია, ბულგარეთისგან ორბანის უნგრეთი მივიღოთ, ორბანი ძლიერი პოლიტიკოსი იყო, არა მარტო უნგრეთის ლიდერი, არამედ მემარჯვენე მოძრაობის მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი - ევროპას შეუძლია მშვიდად ისუნთქოს!

ბულგარეთი სულ სხვა რამეა და ევროპას შეუძლია მშვიდად ისუნთქოს - ბულგარეთი მემარჯვენეთა ყრილობაზე ამდენ ადამიანს ვერასდროს შეკრებს, ვერ გამოვა ტრიბუნაზე ირაკლი კობახიძე და სისულელეებს ვერ ილაპარაკებს - კობახიძე ჩავა სოფიაში, ისიც [რუმენ რადევი ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი და ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი] ალბათ, ჩამოვა საქართველოში, მაგრამ გარდა ცერემონიალური სხეულების მოძრაობისა, სხვა არაფერი იქნება, - ასეთია პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასება, რომელმაც ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და გავლენაზე “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

ზაქარეიშვილის მტკიცებით, “გამორიცხულია, ბულგარეთისგან ორბანის უნგრეთი მივიღოთ“.

„როცა ორბანმა ევროკავშირისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, ხოლო ორბანი მთელი თავისი შიგთავსით გამოჩნდა, ორბანი უკვე ძლიერი პოლიტიკოსი იყო. ორბანს ევროპაში მემარჯვენე ძალები შეკრული ჰყავდა. ორბანი არ იყო მარტო უნგრეთის ლიდერი, ორბანი იყო მემარჯვენე მოძრაობის მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი და კონკურენტი საფრანგეთის მემარჯვენე კონტექსტისა. ვინაიდან ევროპაში მემარჯვენეობის აჩრდილი დადის, ეს ჩრდილი ორბანიდან უფრო მოდიოდა, იმიტომ, რომ აკოწიწებდა ევროპაში მემარჯვენე ალიანსს, სპეკულირებდა არა მარტო უკრაინის კონტექსტში. ის ბევრ რამეში ერეოდა და წარმატებული იყო. უნგრეთი მეტ-ნაკლებად მდიდარი იყო ორბანის დროს და მერე დასცა, როცა უნგრეთი ბულგარეთს სიღარიბეში დაეტოლა.

ბულგარეთში სულ სხვა რამეა. ბულგარეთი ყოველ წელს ევროკავშირისგან იღებს 4 მილიარდ ევროს. უნგრეთის მაგალითი მშვენიერი მაგალითია ბულგარელებისთვის, თუ სადამდე უნდა შეტოპონ, რომ 4 მილიარდი არ დაკარგონ. ჩვენ 2008 წელს ევროკავშირი ვერაფრით რომ ვერ დაგვეხმარა, 4 მილიარდი მოგვცა. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ამოისუნთქა - პენსიები, ბევრი რამ მოაგვარა. ჩვენ ერთხელ მივიღეთ ცხოვრებაში 4-მილიარდი დახმარება და ბულგარეთი ყოველ წელს ღებულობს ამას. ამიტომ, გამორიცხულია, ბულგარეთისგან ორბანის უნგრეთი მივიღოთ.

ბულგარეთი წელიწადში ერთხელ ჩადიოდა მემარჯვენეთა ყრილობაზე უნგრეთში. პეტერ მადიარი ჯერ კიდევ არ არის პრემიერი და თქვა, ჩვენთან ყრილობები არ იქნებაო. ბულგარეთი ვერასდროს შეკრებს ამდენ ადამიანს და ასე ვერ გამოვა ტრიბუნაზე ირაკლი კობახიძე და ვერ ილაპარაკებს სისულელეებს - კობახიძე ჩავა სოფიაში, ისიც, ალბათ, ჩამოვა საქართველოში, მაგრამ გარდა ცერემონიალური სხეულების მოძრაობისა, სხვა არაფერი იქნება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, ზაქარეიშვილმა გადაცემაში აშშ-ი-ირანის ომის პერსპექტივებზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, “დრო აქვს ირანს, მაგრამ არა აქვს აშშ-ს და ამაში ჰყავს გამოჭერილი ირანს აშშ“. რაც შეეხება ირანის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნებს, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ჩქარობს.

„აშკარად ჩანს, რომ არც ერთი მხარე ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს. ჩვენ იძულებული ვართ ვიმარჩიელოთ, როდის ამბობს ტრამპი ან ირანის ესა თუ ის მმართველი სიმართლეს. კი არ იტყუებიან, ბოლომდე სიმართლეს არ ამბობენ, ეს გასაგებიცაა, ამაში ვერ დაადანაშაულებ ვერავის, როცა ომში იმყოფება მხარე, რათა მან ბოლომდე სიმართლე არ თქვას.

აშკარაა, რომ ორივე თავის პრინციპებს მიჰყვება და არც ერთი აპირებს, მეორე მხარეს დაუთმოს. აშკარად იგრძნობა, რომ ირანმა თავისი ძალა იგრძნო. იგრძნო, რომ ქვის ხანიდანაც შეუძლია ქვები ისროლოს. აშშ ვერ ბედავს და არ უშვებს სახმელეთო ოპერაციის სერიოზულ განხორციელებას. მატერიკზე გადასვლა ძალიან ძვირად დაუჯდება. არჩევნები მოდის აშშ-ში, ახლა ჩინეთს ხვდება. 4 ივლისი მოდის აშშ-ში, რომელიც ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, მგონია, რომ დრო აქვს ირანს და არ აქვს ამერიკას. ამაში ჰყავს გამოჭერილი ირანს აშშ, თუმცა განადგურებული აქვთ მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ეს ფაქტია.

მუქარის ნებისმიერ ფორმას აუცილებლად კაპიტულაციისკენ მივყავართ. არაკაპიტულაციის ფორმაა: ჩვენ მზად ვართ მოვითმინოთ, ვილაპარაკოთ, ჩვენთვის მშვიდობიანი ფორმა არის უზენაესი. გაგინადგურებ ელექტროსადგურებს, ხიდებს, ეს კაპიტულაციისკენ მიმართული გზაა. მზად არის ირანი კაპიტულაციისთვის? - მგონი, რომ ჯერ არ არის. იქნება მზად როდისმე? - გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის განმარტებით, დღეს ირანს „გუშაგთა კორპუსი“ მართავს, გადაწყვეტილებებს ირანის რევოლუციის “გუშაგთა კორპუსი“ იღებს და მათზე არც პრეზიდენტს, არც მთავრობას არანაირი გავლენა არა აქვს.

ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა განსხვავებული აზრის საფუძველი ირანში მთლიანად გაანადგურა და რეჟიმი გააძლიერა. მისი შეფასებით, ტრამპი ხშირად ერთს ამბობს, მეორეს - აკეთებს, ხოლო მის სურვილები და აშშ-ის ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

“კი ამბობს, რეჟიმი შევცვალეო, მაგრამ ეს სასაცილოა. რეჟიმი იქნება უფრო სასტიკი და დაუნდობელი საკუთარი ხალხის მიმართ. შეიძლება ირანს დააცალონ კბილები საგარეო ურთიერთობებში, შეიძლება შეასუსტონ მის პროქსი ძალები - იქნება ჰუსიტები, ჰეზბოლა თუ ჰამასი, მაგრამ შიგნით თუ ვინმემ გაიმარჯვა ახლა ამ ომში არის ირანის რეჟიმი და თუ ვინმე დამარცხდა, ეს არის ირანელი ხალხი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება