ირაკლი კუპრაძე - ანაკლიას უნდა მიენიჭოს სტრატეგიული, ნომერ პირველი ეროვნული პროექტის სტატუსი - ივანიშვილი უნდა ვაიძულოთ, ანაკლიას ავარიდოთ საეჭვო კომპანიები და პორტი აშენდეს ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტების მიერ

ანაკლია, როგორც იდეა, ბიძინა ივანიშვილმა მოკლა. მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, საზოგადოებამ და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის, რომ მთავარი შინაარსი დაუბრუნდეს ანაკლიის პორტს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველო“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ანაკლია არ არის ბიზნესპროექტი, ანაკლია არ არის ერთეული რიგითი ინფრასტრუქტურული პროექტი, ანაკლიას უნდა მიენიჭოს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი, უნდა გახდეს ნომერ პირველი ეროვნული პროექტი საქართველოსთვის“.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ანაკლიაში. ანაკლია უნდა ყოფილიყო მთავარი ადგილი, საიდანაც უნდა დაწყებულიყო საქართველოს რეალური ინტეგრაცია ევროკავშირთან, დასავლეთთან. რეალური პარტნიორობა აშშ-სთან. ანაკლია უნდა გამხდარიყო უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მეშვიდე წელია ანაკლიის პორტი არის გაჩერებული. ანაკლია, როგორც იდეა, ბიძინა ივანიშვილმა მოკლა. მეშვიდე წელია არ მიმდინარეობს არანაირი რეალური სამუშაო იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი და პორტი განხორციელდეს და აშენდეს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. ივანიშვილმა ყველა პირობა დაარღვია. ყოველწლიურად, ის ცდილობს მოატყუოს საზოგადოება, თითქოს აპირებს ანაკლიის პორტში რაიმე ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას. ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ეს ტერიტორია არის მიტოვებული და ყველა შესაძლო შანსი ივანიშვილის პირობებში დაკარგული ჰქონდა. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვითარება იცვლება. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ინტერესდება საქართველოთი, როგორც ახალი სტრატეგიული შესაძლებლობით, საქართველოს სატრანზიტო პოლიტიკის პირობებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი ახლა მაინც არ დაკარგოს საქართველომ და ქართველმა ხალხმა.

მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, საზოგადოებამ და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის, რომ მთავარი შინაარსი დაუბრუნდეს ანაკლიის პორტს - უსაფრთხოება, თავდაცვის რეალური გარანტიები, ეკონომიკური განვითარება. ის, რომ 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ანაკლიის პორტს, ამ პორტის მუშაობით უნდა შევსებულიყო ასეულობით მილიონი ლარით ბიუჯეტი, უნდა გაზრდილიყო პენსია, განვითარებულიყო სამეგრელო, რომლისთვისაც ეს იქნებოდა ეკონომიკის ახალი განვითარების ეპიცენტრი, ამ ახალი ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა შეერთებული შტატები, დასავლური სამყარო კიდევ ერთხელ აქტუალურად სვამს საკითხს თუ როგორი მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ანაკლიის პორტი უნდა გახდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტი.

ანაკლია არ არის ბიზნესპროექტი, ანაკლია არ არის ერთეული რიგითი ინფრასტრუქტურული პროექტი, ანაკლიას უნდა მიენიჭოს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი, უნდა გახდეს ნომერ პირველი ეროვნული პროექტი საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ავარიდოთ ანაკლიის მშენებლობას ყველა ის სადავო, საეჭვო საფინანსო ინსტიტუტები, რომელიც კავშირშია ან რუსეთის ან ჩინეთის ინტერესებთან. ანაკლია უნდა აშენდეს ევროატლანტიკური და მსოფლიოს მთავარი, მნიშვნელოვანი ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით და რაც მთავარია, ყველა ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო იმისთვის, რომ არ განმეორდეს ის შეცდომები, რაც თავის დროზე დაუშვა ივანიშვილმა და საზოგადოებამ, რომელმაც ნაკლებად გააკონტროლა ეს პროცესი.

ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ანაკლიის პროექტი, რომელიც მოკლა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს ამ ახალ ვითარებაში, მაშინ როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტური ვითარება გადაიჭრა და ჩვენს რეგიონში გაჩნდა ახალი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა, „ტრამპის გზის“ სახელწოდებით, ამ გზამ გვერდი ვერ უნდა აუაროს საქართველოს. იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობა და იყოს „ტრამპის გზის“ რეალური გაგრძელება, კარიბჭე დასავლეთში, ევროპასთან ურთიერთობის, ეკონომიკური ურთიერთობების გზაზე, ამისთვის აუცილებლად უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი. ჩვენი კოალიცია იყო, არის და იქნება ანაკლიის პორტის მთავარი მხარდამჭერი. ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს და ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს“, - განაცხადა კუპრაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ