მსოფლიო ბანი, მთავარი პროკურორი, პარლამენტის დეპუტატი, საკრებულოს წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და ათიათასობით ქართველი დღისით, მზისით წინასწარ დაანონსებულ აქციაზე გავსულვართ „სახულიგნოდ“. განა სასაცილო არ არის? სად არის დანაშაულის მოტივი?! - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დასკვნით სიტყვაში წარმოთქვა.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენები უნდა შეფასდეს არა სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ ეროვნული მორალისა და სულისკვეთების კონტექსტში.
„თქვენს წინაშე განხილული საქმე პოლიტიკური განზომილებისაა და მისი სასამართლო დარბაზში განხილვა ხელისუფლების ნების და არა ობიექტური მართლმსაჯულების აღსრულებაა.
ხელისუფლება ცდილობს ქართველი ხალხის ეროვნული პროტესტის კრიმინალიზებას. გამომძიებელი, პროკურორი, პირველი წარდგენის და წინასასამართლო სხდომის მოსამართლეები არ სვამენ კითხვას, რამ გამოიწვია ქართველი ხალხის რისხვა 2025 წლის 4 ოქტომბერს?! რამ გამოიყვანა ათასობით მოქალაქე ქუჩაში?!
4 ოქტომბერი უნდა შეფასდეს არა სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ ეროვნული მორალისა და სულისკვეთების კონტექსტში.
2025 წლის 4 ოქტომბერს წინ უძღოდა: ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ისტორიული გზიდან გადახვევა, საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა, წამება, სახლებთან ჩასაფრება და უმოწყალო ანგარიშსწორება ორგანიზებული და აღსრულებული სამართალდამცავი უწყებებისა და მათ მიერ მართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ.
2025 წლის 4 ოქტომბერს წინ უძღოდა: ათეულობით მოქალაქის უკანონოდ დაკავება, გასამართლება და დატყვევება, ახალგაზრდების, ბავშვების, ქალების დამცირება და დევნა, ათასობით მოქალაქეზე ორგანიზებული მუქარა და შეურაცხყოფა, ასეულობით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოყრა.
რა შეიძლება იყოს ქვეყანაში გამეფებულ ამ თავზარდამცემ განუკითხაობაზე პასუხი?! სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა, გვიპასუხებს მავანი და არ შეიმჩნევს, რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საარაკო სისასტიკით უსწორდებოდნენ მოქალაქეებს. პროკურატურისთვის მიგემართათო, გვეტყვის მეორე, მაგრამ იქვე დაავიწყდება, რომ უკუნით ღამეში სასაფლაოს მდუმარება უფრო ხმაურობს, ვიდრე პროკურატურა რეაგირებს პროტესტის მონაწილე მოქალაქეთა ღირსების ფეხქვეშ გათელვაზე. იქნებ, სასამართლო მაინც ყოფილიყო ნაწამები ხალხის ქომაგი, გაგეფიქრებათ ალბათ, ბატონო ირაკლი[მოსამართლე], მაგრამ იქვე გაგახსენდათ, რომ ქართულმა თემიდამ ხან ადმინისტრაციული, ხანაც სისხლის სამართლის წესით, მწამებელთა ჩვენებებისა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, იზოლატორებსა და ციხეებში გამოამწყვდიეთ სწორედ ეგ ნაწამები ხალხი.
როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები პრივატიზებულია ერთი პარტიის მიერ, ხალხს გზა არ რჩება, გარდა ქუჩის აქტიური პროტესტისა, რომლის მოთხოვნა დამნაშავე ხელისუფლების ცვლილება უნდა ყოფილიყო.
4 ოქტომბერი ქართველი ერის გულმხურვალე პროტესტის დღეა, ძალმომრეობის, ზნედაცემულობის, კორუფციის, ადამიანთა დევნა-წამების წინააღმდეგ.
ამ დღეს, არც მურთაზ ზოდელავა და არცერთი აქციაზე გასული ადამიანი კანონის დასარღვევად არ შევკრებილვართ, პირიქით, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება გვსურდა.
დამნაშავე ხელისუფლება მურთაზ ზოდელავას ასამართლებს ხელისუფლების მხილების გამო, შემდეგი ბრალდებით:
ა. მოწოდება კონსტიტუციური წესრიგის ძალადობით შეცვლისკენ;
ბ. სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობა;
გ. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლდა ძალადობა.
თქვენ უკვე იცით ჩვენი პოზიცია წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მურთაზ ზოდელავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდების მიერ დანაშაულებრივად მიჩნეული გარემოებები წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის აღსრულების მცდელობას.
თუმცა, თუნდაც დავუშვათ, რომ მურთაზ ზოდელავას არ ჰქონდა უფლება გაეჟღერებინა ქართველი ხალხის სათქმელი, გაეკეთებინა მოწოდება კონსტიტუციური პრინციპების აღსასრულებლად, ასეთ შემთხვევაშიც კი, ბრალდების პოზიცია დაუსაბუთებელია.
მურთაზ ზოდელავას სატელევიზიო გამოსვლების სსკ-ის 317-ე მუხლით შეფასება სრულად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ძირითად პრინციპებს.
მურთაზ ზოდელავა არცერთ გამოსვლაში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის შეცვლაზე არ საუბრობს. პირიქით, ის დემოკრატიული რესპუბლიკის იდეის ერთგულია და ყოველ ჯერზე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს;
მურთაზ ზოდელავას გამოსვლებში არის არაძალადობრივი მოწოდება.
ის ყოველ ჯერზე საუბრობს აქტიურ მშვიდობიან პროტესტზე. ოქსიმორონია არა სიტყვათა შეთანხმება ,,მშვიდობიანი დამხობა", არამედ მშვიდობიანად სახელდებული პროცესის ძალადობრივად შეფასებაა. ცალკე აღსანიშნავია, რომ ტერმინს ,,მშვიდობიან დამხობას“ მურთაზ ზოდელავას გამოსვლებში ვერ შეხვდებით, ის ძირითადად საუბრობს „ვარდების რევოლუციის ანალოგიური მშვიდობიანი რევოლუციის" საჭიროებაზე.
დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე გამოიკვლია მურთაზ ზოდელავას არაერთი სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ის მკაფიოდ საუბრობს შემდეგს:
,,ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ ან მე, ან თქვენ და როდესაც ადამიანი, კი არადა, გნებავთ უზურპატორი დავარქვათ, გნებავთ, ოლიგარქი, ამ ქვეყანას, რომ თავის საკუთრებად მიიჩნევს, ის ადამიანი ანუ ივანიშვილი ასე აყენებს საკითხს. აქ, ჩემი აზრით, ვერ იქნება ვრცელი, მრავალ წინადადებიანი, მრავალწახნაგოვანი პასუხი. პასუხი უნდა იყოს მარტივი, მოკლე და გასაგები ყველასთვის და პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის, ანუ მე ვრჩები, მე არ მივდივარ. საკითხს ესე აყენებ ან მე ან შენ?! პასუხი ასეთია, მე ვარ საქართველო, პაატა ბურჭულაძის ხმით ნათქვამი, რუსთაველის გამზირიდან, მე ვარ საქართველო ჩემთვის აქტუალური პასუხია, შინაარსიანი პასუხია. პასუხი, რომელიც გვეუბნება რომ ჩვენ პასუხს გაგცემთ, გაგაგდებთ, მოგაშორებთ ხელისუფლებას, მშვიდობიან რევოლუციას გავაკეთებთ ქართველი ხალხი, როგორც ეს გაგვიკეთებია - 4 ოქტომბერს?- რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი არის ჩემი აზრით ის მიჯნა, რომელიც მან გაავლო, ეს არის მის მიერ გავლებული წითელი ხაზი, როდესაც მან თქვა, თქვენ ყველა შეეგუებით.
ახლა არ უნდა შეგვეშინდეს, როგორც იყო ძალიან კარგად მახსოვს. უამრავი ადამიანი მაშინაც იყო ბავშვებთან ერთად, ახლაც ძალიან ბევრი ადამიანი და მეც, ასე ვაპირებ, რომ ჩემს შვილთან ერთად მივიდე. ყველა აპირებს თავისი მცირეწლოვანი, თუ მოზარდი, თუ თინეიჯერული ასაკის შვილებთან ერთად მისვლას, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მშვიდობიანი და მით უფრო კულტურული ტრანზაქცია მოხდება, მით უფრო უექცეზო ტრანზაქცია მოხდება. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე, მშვიდობიანი რევოლუციის დღე, წინსვლის დღე. ჩვენ 5 ოქტომბერს ივანიშვილს არ უნდა ვხედავდეთ არც სატელევიზიო ეთერში და, არც სოლოლაკში, რომ ყავს აყვანილი მინისტრთა კაბინეტი. ვითომ მინისტრები, ვითომ პრემიერმინისტრები დაატკაცუნებს, აკუკუნდებიან მონებივით და დაუსკუპდებიან იქ. არ გვინდა ეს მოდელი, ეს უნდა დამთავრდეს და ამის დასამთავრებლად შევიკრიბებით მთელი ქართველი ერი, მთელი ჯანსაღი საზოგადოება, ნებისმიერი ეროვნების, ვისაც არ უნდა ეს, რაც გითხარით და ვიკრიბებით გამარჯვებაზე, ანუ ივანიშვილის დამარცხებაზე, გნებავთ ასე თარგმნოს. არ ვიცი ვიღაცამ შეიძლება ინერვიულოს, არ ინერვიულოს, მაგრამ მშვიდობიანად ცხადია („ტვ პირველის“ ეთერი)“.
ამასთან ხაზი უნდა გაესვას, რომ მურთაზ ზოდელავას არც ხელისუფლების დამხობისკენ გაუკეთებია მოწოდება. ის მუდმივად საუბრობდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელისუფლებისგან ჩამოშორების აუცილებლობაზე.
სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის არგუმენტად ბრალდების მხარეს მოყავს შემდეგი:
ა. მურთაზ ზოდელავა პაატა ბურჭულაძემ დაასახელა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად;
ბ. მურთაზ ზოდელავამ სცენიდან მოუწოდა ხალხს რეზიდენტის სასახლისკენ;
გ. მურთაზ ზოდელავა დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ;
დ. მურთაზ ზოდელავა გადავიდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში.
თითეული არგუმენტის კრიტიკულად განხილვის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ 225-ე მუხლის შემადგენლობა არათუ მურთაზ ზოდელავას, არამედ,არცერთი აქ წარმოდგენილი ბრალდებულის მიმართ არ არსებობს:
ა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით არათუ დანაშაული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი არ არის. ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში კვლავ გამეორდა ბრალდების დადგენილებიდან, ცრუ, ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული ამონარიდი, რომ მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე წინასწარ შეთანხმდნენ 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ჩასადენად და ამ მიზნით მოქმედებდნენ 4 ოქტომბერს.
ანუ პოლიტიკური მიზანი კი არ ქონია აქციას, ხულიგნობა ნდომებიათ თავიდანვე ამ ხუთეულს და მათთან ერთად ათასობით ქართველს. მსოფლიო ბანი, მთავარი პროკურორი, პარლამენტის დეპუტატი, საკრებულოს წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და ათიათასობით ქართველი დღისით, მზისით წინასწარ დაანონსებულ აქციაზე გავსულვართ სახულიგნოდ. განა სასაცილო არ არის? სად არის დანაშაულის მოტივი?!
თან სასამართლო განხილვებისას ეჭვშეუტანლად დადასტურდა, რომ ამ ხუთეულს 4 ოქტომბრამდე რაიმე კვეთა აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით არ ქონია. ამის საპირისპირო მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება, ყალბი პატაკიც კი არ არსებობს, რაც 4 ოქტომბრამდე ან 4 ოქტომბერს აქციის გამართვამდე ამ ხუთ ადამიანს აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ერთმანეთთან დააკავშირებდა.
აქციას თავიდანვე ქონდა მშვიდობიანი ხასიათი, რასაც ადასტურებს:
აქ წარმოდგენილ ბრალდებულთა მყოფთა საჯარო განცხადებები;
მერიისადმი მიმართვა აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით და მერიისგან მიღებული პასუხი.
კანონით მოთხოვნილი პროცედურების ზედმიწევნით დაცვის პირობებში გამართული აქცია, ბრალდების მხარის მცდელობის მიუხედავად, წინასწარგანზრახულ დანაშაულებრივ თავყრილობად ვერასგზით მოინათლება. ეს კარგად ესმის ბრალდების მხარესვე და ამიტომ აარიდეს გამოძიების მიმდინარეობისას ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების (მერიისთვის მიმართვა და მერიისგან პასუხი) მოპოვებას თავი;
არცერთ სამართალდამცავ ორგანოს 4 ოქტომბრის აქციის მშვიდობიანობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ არის ერთი დოკუმენტიც კი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში, რომ აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე წინასწარი, თუნდაც გამაფრთხილებელი, ღონისძიება გატარდა?!
მურთაზ ზოდელავამ დაკითხვისას
დეტალურად განმარტა, 4 ოქტომბერსვე საჯაროდ გაცხადებული საკითხი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაადგილების მოწოდების მოტივაციის შესახებ - მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე განვითარებული მოვლენების განმუხტვის მიზნით, მოქალაქეთა გამოსაყვანად გაჟღერდა აღნიშნული მოწოდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მშვიდობიან მოტივაციას.
ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილება არა სპონტანური, არამედ დაგეგმილი იყო, მცდარია. ბრალდება ცდილობს წყლის ჭავლგამოვლილი, მხუთავგაზნაყლაპი უაღრესად აღელვებული მურთაზ ზოდელავას კომენტარის გამოყენებას ამ თეზისის გასამყარებლად, მაგრამ ბრალდებამ ვერ მოიყვანა ერთი მოწმეც კი, ვინც იტყოდა, რომ მან იცოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილების შესახებ, ვერ მოიყვანა ერთი მოწმეც კი, ვინც იტყოდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია ქონდა პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება არსებობდეს რაიმე გეგმა, რის შესახებაც არავინაა ინფორმირებული?! ან როგორ შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყო პრეზიდენტის სასახლის შტურმი და ათამდე სდსს-ის თანამშრომელს შეეკავებინა შიშველი ხელებით ?!
მურთაზის კომენტარი მხოლოდ მშვიდობიან მიზანს ემსახურებოდა, ორბელიანის მოედანზე დარჩენილი ხალხისთვის ტელევიზიის მეშვეობით მაინც რომ მიეწვდინა ხმა, რომ იქ აღარავინ დარჩენილიყო.
რაც შეეხება ,,ბ-დ" ქვეპუნქტებში მოყვანილ არგუმენტაციას, ბრალდების მხარე უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ არის შესაძლებელი ქმედებისთვის სსკ-ის 225-ე მუხლით დაედოს მსჯავრი ადამიანს, რომელსაც ზუსტად იმავე ქმედებისთვის ედავებიან სსკ-ის 222-ე მუხლით.
თუ მურთაზ ზოდელავას მოწოდებას პრეზიდენტის სასახლის დაკავებისა და წინააღმდეგობის გამწევი სამართალდამცავების შეკავების შესახებ დანაშაულად მივიჩნევთ, მაშინ გვექნება მხოლოდ ერთი დანაშაულის ნიშნები სახეზე, სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობა. ამ პროცესის თანმდევი ნებისმიერი ქმედება, რაც ბრალდებას უნდა, რომ წარმოაჩინოს, როგორც ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 225- ე მუხლით, ვინაიდან ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის ღობესთან და სასახლის ეზოში განვითარებული მოვლენები პროკურატურასვე სრულად მოქცეული აქვს სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობის ბრალდებაში. საშვი, რომ დაეშვათ და ისე შესულიყვნენ პრეზიდენტის სასახლეში 222-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება ხომ ისედაც არ გვექნებოდა? ცხადია, ობიექტის დაკავება გულისხმობს აქტიურ მოქმედებებს, მათ შორის, ობიექტის დამცველთა წინააღმდეგობის გადალახვას.
ამასთან, ჯგუფური დანაშაული აუცილებლად გულისხმობს, ჯგუფის წევრებს შორის როლების გადანაწილებას, ყოველი პირის ფუნქციის განსაზღვრას და ა.შ. ამ მიმართულებით ერთი სიტყვა მაინც ამოიკითხეთ დასკვნით სიტყვაში? ერთი მტკიცებულება მაინც გამოვიკვლიეთ სასამართლო განხილვისას? - არა! ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია. ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ - კი ბატონო.
რაც შეეხება 222-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში, საკითხის ღრმა და მრავალშრიანი შეფასებისას, ვერც ამ კვალიფიკაციით მოხდება მურთაზ ზოდელავას მსჯავრდება.
4 ოქტომბერს სცენიდან კი გოროზად ჟღერდა, ხოლო დაკავების შემდეგ ბევრს შეიძლება ეფიქრა, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო მურთაზის გასასამართლებლადო, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ მოვისმინოთ რა თქვა მან:
,,დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგვხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: „ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ? სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, ვინც სწორ პასუხს გაგვცემს, რომ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაი-ლაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო, დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“.
სად არის აქ კრიმინალი?! რომელ მოწოდებას არ იზიარებთ?!
ა. ქართველ ხალხს არ ეკუთვნის სახელისუფლებო ცენტრები?! არ არის ხელისუფლების წყარო ხალხი?!
ბ. პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი ვისკენ უნდა იყოს, ქართველი ხალხის თუ რუსეთისკენ?! ვის სადარაჯოზე უნდა იდგეს, კონსტიტუციური წესრიგის თუ პარტიის თავმჯდომარის სიმშვიდის?!
გ. პრეზიდენტის სასახლის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გასაღები ეკუთვნის თუ არა ქართველ ხალხს?!
ნებისმიერი, ვინც ამ კითხვებს საკუთარი სინდისის და მოქალაქეობრივი ღირსების კარნახით გასცემს პასუხს, მურთაზ ზოდელავას უდანაშაულოდ სცნობს.
მამაკაცურ ძალასთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავამ 4 ოქტომბრამდე სატელევიზიო ეთერში მკაფიოდ განმარტა, რომ აღნიშნულის ხაზგასმის მიზანს წარმოადგენდა ქალთა ღირსების დაცვას, რაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფორმალური და არაფორმალური დაჯგუფებების მიერ დემონსტრაციულად ითელებოდა ფეხქვეშ - ,,ამიტომ თუ არჩევნები ვერ იქნება და თუ ეს ქვეყანაც ყოფნა არ ყოფნის პირას არის ოთხი ოქტომბერია აგერ, კონკრეტული თარიღი, წითელი ხაზი დადგენილია ივანიშვილის მიერ, ყველა მოვიდეთ ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ სუყველამ და განსაკუთრებით მამაკაცებმა, იმიტომ რომ მასკულანური, მამაკაცური ძალა ჭირდება ამ საქმეს და ხედავთ, რომ ბოლოსდაბოლოს მართლა არ შეიძლება ასე, რომ ტელევიზორთან ვიჯდეთ და ვუყუროთ, უი ამ ქალს შეაფურთხეს, უი ეს ქალბატონი გააშიშვლეს, ეს რა არის?! რა ქართველობაზე გვაქვს საერთოდ ლაპარაკი?! ამის მოთმენა არის წარმოუდგენელი, უბრალოდ (ფორმულას ეთერი)“.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში წუთიერ შესვლას, მურთაზ ზოდელავამ დაკითხვისას მკაფიოდ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ხალხმა გადაინაცვლა ორბელიანის მოედანზე და იყო ექსცესები ღობესთან, მის პიროვნული პასუხისმგებლობად ჩათვალა, ყოფილიყო ხალხის გვერდით, მოვლენათა ეპიცენტრში. თქვენ თავად ნახეთ კადრი, შეუძლებელია, შიშველხელება, საქართველოს დროშა მოხვეული 2 მამაკაცის მოშლილ ღობეზე გადასვლა ობიექტის დაკავების მცდელობად ჩაითვალოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მურთაზ ზოდელავას მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი ბრალდების ყველა ეპიზოდში",- განაცხადა ბასილაიამ.