შალვა პაპუაშვილი - მართალია, ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“

მართალია, ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

როგორც პაპუაშვილი წერს, ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, „პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია“.

„მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ, ასეა დღესაც:

ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა.

სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები. სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ.

ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი, წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული. რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას.

ხალხი, როგორც ერთობა, სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით - საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს. ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული. დაბოლოს, საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი:

უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა,

უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,

უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.

რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად.

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს.

საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. „ნამესტნიკების“ და „მეორე მდივნების“ დრო ქართველმა ხალხმა „ბნელ დროს“ ჩააბარა”, - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.

როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია