ჯუანშერ ბურჭულაძე - 2015 წლამდე 7-8 ბინას ვფლობდი და ვაქირავებდი - ყველა შემოსავალი დამიდასტურეს ბრალდების მხარის მოწმეებმა - რაც მქონდა, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წელში, ის გახდებოდა 8 მლნ დოლარი და ვგავარ იმ კაცს, ფული გადამეყარა? თუ კაზინოში ვთამაშობდი?

ვგავარ იმ კაცს, რომ ფული გადამეყარა? თუ კაზინოში ვთამაშობდი?,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

ბურჭულაძე სასამართლოში ერთ საათზე მეტია, რაც საბოლოო სიტყვას ამბობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში დეტალურად საუბრობს, თუ რა ქონებებს ფლობს ის და მისი ოჯახი.

„მადლობა ყველა მხარეს, რომ კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარიმართა განხილვები. ორი მუხლით მაქვს ბრალდება წარდგენილი - 194-ე და 332-ე მუხლებით. თუ შეიძლება, აქედან ვისაუბრებ 194-ე მუხლთან დაკავშირებით და შემდეგ, თუ შეიძლება დავხუროთ, საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით.

დავიწყოთ იმით, რომ შინაარსობრივად გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ქონება 2015 წლის შემდეგ გაუმჯობესდა თუ არა. 2015 წელს ჩემი ერთი შვილი 15 წლის იყო, მეორე -13 წლის, ერთი 7 წლის წინ დაოჯახდა და თავის საქმიანობას ეწევა და ჩემთან კავშირში არაა.

მე და ჩემი ოჯახი 4 წელ-ნახევარი ვაშინგტონში ვცხოვრობდით, იქ ვმუშაობდი, 2015 წლის შემდეგ ხარჯები თუ გამეზარდა, ეს ბუნებრივია. თუ ჩემს მიმდინარე ხარჯებს და შეძენილ ქონებას შევადარებთ იმ პერიოდს, ვიდრე ამერიკაში სამუშაოდ წავიდოდი, ჩემი შემოსავალი 10-ჯერ მეტი იყო. ამონაწერები მაქვს წარმოდგენილი, 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის თანხები, მაშინ ბარათების გამოყენება დახვეწილი არ იყო, თანხები შემქონდა, ან ბიზნესის ინვესტირებისთვის იყო, ვახურდავებდი ლარად და იმას ვხარჯავდი ოჯახში. 600 000-ის კომუნალური მაქვს გადახდილი, მანამდე 143 000 ლარი მაქვს კომუნალურში გადახდილი, მაშინ 8 ბინა მქონდა, მერე 6 ბინა, ეს ხომ ალოგიკურია? კომუნალური გაძვირდა, მაგრამ 4-5-ჯერ არ გაძვირებულა ხომ? კომუნალურებიც კი ბარათზე არ მქონდა მიბმული, პირდაპირ შემქონდა მიმღების - „თელასის", „ყაზტრანსგაზის" და ა.შ. ანგარიშის ნომერზე. 2015 წლამდე 8 ბინა მქონდა. მოგვიანებით განგიმარტავთ, თანხები რაში მქონდა ინვესტირებული და რას ვიღებდი.

ავხსნი, რა უნდა იყოს ჩემს შემთხვევაში გათვალისწინებული.

გამოდის, რომ ეჭვი უნდა მივიტანოთ ყველაზე, ვისაც ემიგრანტი ჰყავს ოჯახის წევრი და ბინა გაქირავებული აქვს.

შემოსავალი რაც იყო, ყველაფერი დამიდასტურა ბრალდების მხარის წარმოდგენილმა მოწმეებმა.

2006 წელს ჩემმა ოჯახმა გაასხვისა რუსთაველის გამზირზე მდებარე ქონება 1 6000 000 ლარად, საიდანაც გასავალი ჩანს - მე და დედაჩემმა ბანკიდან გავიტანეთ დაახლოებით, 700 000 დოლარი. გარდა ამისა, მივიღე 900 000 დოლარი, რადგან საწარმოში პატრონების წილები გამოვისყიდე, გავაქირავე, რუსთაველზე მაღაზია რომ არის, „დიკა" ჩვენი ფართი იყო და ასევე წყეული კაზინოც პირველიც და მეორეც საქართველოში ჩვენი იყო, საიდანაც შემოსავლებს ვიღებდი იჯარის სახით.

1000 კვ მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ფლობდა ჩვენი ოჯახი. 1 200 000 დოლარი 2007-2008 წლის განმავლობაში ბებიაჩემს ჩაერიცხა. დედაჩემი, მამაჩემი დედისერთაა, მამაჩემი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთად ცხოვრობენ და სამეწარმეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

თანხების მემკვიდრე სხვა არავინ ყოფილა, ერთი ძმა მყავს და სასულიერო პირია.

ამერიკაში 6 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მქონდა, ის თანხა იქ იხარჯებოდა... იმ ქონებებს, რომელსაც 2015 წლამდე ვფლობდი, 7-8 ბინა იყო, ბუნებრივია, მით უმეტეს, ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, ვაქირავებდი.

დიღომში კერძო სახლი მქონდა, სამსართულიანი, 140 000 დოლარად გავყიდე, 2010-2014 წლებში გაქირავებული მქონდა, 90 000 დოლარი მაქვს იქიდან მიღებული.

რაღაც ქონებებს ვყიდდი თავიდანვე, ან ვაქირავებდი, მოკლედ არ ვჩქარობდი... პირველი სკოლის უკანაც მქონდა ინვესტიცია, ყველა ქონება რაც შევიძინე, სარგებლის სახით მქონდა მიღებული.

ნუცუბიძის ბინა 2010 წელს ვიყიდე, აშშ-ში რომ წავედი, გავაქირავე. ფალიაშვილის გამზირზე, ნასიძის გამზირზე ბინა გაქირავებული მქონდა...

რაც ჩამოვთვალე, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წლის განმავლობაში, ის გახდებოდა 8 მილიონი დოლარი, ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი?",- განაცხადა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, ბურჭულაძემ ისაუბრა თავისი შვილის საქმიანობაზეც და განაცხადა, რომ მისი შვილის ოჯახის დაფუძნებული ყველა კომპანია რუსეთთანაა კავშირში.

„თუ ოჯახი გაინტერესებთ, [შვილის ოჯახი] ყველაზე მსხვილი ბრენდი, რაც არის მსოფლიოში ავტომობილების, არათუ მფლობელი, არამედ წარმომადგენლები არიან საქართველოში, მოსკოვში აქვთ რკინის ქარხანა. რა კომპანიებიც დააფუძნა, რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები არიან, შავ პიარს ამიგორებენ-მეთქი და ბავშვს ვთხოვე, არ დაგინახო ქალაქში მაგ მანქანით, ბავშვს შევუზღუდე ცხოვრება სრულად, რომ ჩემზე რამე არ ესაუბრათ.... ეს ჩემი ლეგალიზაციაა?“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.

ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება