თინა ბოკუჩავა - ამ პაპუაშვილს მუდმივად ჩახუტებით დახრჩობა რომ ელანდება, მის ქცევებშიც გამოხატული იყო - შესაძლებელია ჰერჩინსკი საბჭოთა კავშირსაც გულისხმობდა, პაპუაშვილისთვის კი ეს შეიძლება სულაც არ არის ბნელი წარსული

ამ პაპუაშვილს მუდმივად ჩახუტებით დახრჩობა რომ ელანდება, მის ქცევებშიც გამოხატული იყო. ალბათ ყველას ახსოვს, როგორ მოიქცა ჩემთან მიმართებაში, როდესაც სწორედ ამ მოძრაობით, რომელსაც ახლა აღწერს ჰერჩინსკისთან მიმართებაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იძალადა ქალზე, ამ პაპუასმა, მართლა მოძალადემ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ისტორიაში თუ რამე იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა, „ჩახუტებით გავეგუდეთ“.

ბოკუჩავას შეფასებით, პაველ ჰერჩინსკი თავის განცხადებაში, სადაც ის საქართველოს ბნელ წარსულზე ლაპარაკობს, არა მხოლოდ 90-იან წლებს, არამედ საბჭოთა პერიოდს გულისხმობს. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სრულიად შესაძლებელია, რომ შალვა პაპუაშვილისთვის, ისევე, როგორც პუტინისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფასთან ასოცირდება.

„მე ეჭვი მაქვს, რომ პაველ ჰერჩინსკი სინამდვილეში გულისხმობდა არა მხოლოდ ბნელ 90-იან წლებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ის საბჭოთა კავშირსაც გულისხმობდა. ეს არის რეალურად საქართველოს უკიდურესად ბნელი წარსული, როდესაც მოხდა ქვეყნის ოკუპაცია საბჭოთა რეჟიმის მხრიდან, რომლის რეინკარნაციადაც ახლა ვლადიმერ პუტინი გვევლინება, რომელიც თვლის, რომ გასული საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა სწორედ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო და მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას ცდილობს დღემდე რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკით, რომლის ნაწილიც საქართველო სამხედრო თვალსაზრისით გახდა ჯერ კიდევ 2008 წელს და ამ დრომდე არის ამ ექსპანსიური პოლიტიკის მსხვერპლი.

პაპუაშვილისთვის ეს შეიძლება სულაც არ არის ბნელი წარსული და პუტინის აზრს იზიარებს. სადაც ზახაროვასა და პუტინის სხვა პროპაგანდისტებს უამრავ სხვა შეფასებაში ეთანხმებიან რუს-ქოცური რეჟიმის წარმომადგენლები, სავსებით შესაძლებელია, რომ შალვა პაპუაშვილი პუტინს იმ შეფასებაშიც ეთანხმება, რომ გასული საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა და უკიდურესად სამწუხარო მოვლენა იყო ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ, ქართველი ხალხის ბრძოლით მოიპოვა დამოუკიდებლობა”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ „ოპოზიციის ალიანსის“ თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შესახებ ოპოზიციურ პარტიებში გაკეთებულ შეფასებებზეც ისაუბრა.

ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ანტი-მიშა“ ფორმაციად ვერ და არ დაიწყებს პოზიციონირებას.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს ერთგვარი იმედგაცრუებაა. მე ნამდვილად არ გამოვდგები მსაჯულად, თემიდას ფუნქციას ვერ და არ შევითავსებ შეგნებულად იმიტომ, რომ ვარ პოლიტიკოსი, მაქვს პოლიტიკური მიზანი და ეს პოლიტიკური მიზანი არის, ხალხში მაქსიმალურად დავნერგოთ იმედი.

არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია და რომლისთვისაც ყველაზე დიდი ელექტორალურ ძალას წარმოადგენს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვერასდროს და არასდროს არ იქნება ისეთი ფორმაციის ნაწილი, რომელიც „ანტი-მიშა“ ფორმაციად დაიწყებს პოზიციონირებას.

ჩვენ ამ ალიანსში შევედით არა იმისთვის, რომ განსხვავებული ხედვებისთვის გაგვესვა ხაზი, არამედ იმისთვის, რომ მეტი რწმენა გაგვეჩინა საქართველოს მოქალაქეებში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთობლივად მუშაობა შეგვიძლია”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება