თაზო დათუნაშვილი - მტკნარი სიცრუეა, რომ ანაკლიაში ინტენსიური სამუშაოები მიდის - რეალური ვითარება აღწერს ტრაგიკულ სიტუაციას, რაც ანაკლიის პორტის გარშემო დაატრიალა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“

იმის მაგივრად, რომ ტყუილების ტირაჟირებით იყოს დაკავებული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ან გამოვიდეს და სიმართლე უთხრას ქართულ საზოგადოებას, რომ არავითარი ინვესტიცია იქ არ იდება, არავითარი ჩინური კომპანია იქ არ შედის, ან გაეშვას საერთოდ ამ საქმეს, რომელიც ნამდვილად არ გამოსდის, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებას ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

თაზო დათუნაშვილის თქმით, მტკნარი სიცრუეა, რომ ანაკლიაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, „ლელოს“ წევრებთან ერთად იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც „მუშის ფორმაში გადაცმული სამი კაცი დადის“ და სინამდვილეში არავითარი სამუშაოები არ ტარდება.

"მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელი კვირების მანძილზე საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან გააქტიურებულია ანაკლიის საკითხი. უკანასკნელ დღეებში ადგილობრივ პოლიტიკაშიც საკმაოდ გააქტიურდა ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ჩავედით ანაკლიაში და მოვინახულეთ რეალური მდგომარეობა, რომელიც ადგილზე დაგვხვდა - რეალური ვითარება, რომელიც აღწერს ძალიან კოშმარულ და ტრაგიკულ სიტუაციას, რაც ანაკლიის პორტის გარშემო დაატრიალა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ". დღეს არ დააყოვნა პროპაგანდამ და ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის ახალგაზრდა მოადგილემ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მტკნარი სიცრუე მიეყიდა რეალობად.

კერძოდ კი მინისტრის მოადგილე იოსელიანი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე აქტიურ და ინტენსიურ ფაზაშია შესული ანაკლიის პორტის და ანაკლიის პორტის ტალღმჭერის მშენებლობა იწყება.

ინტენსიური სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ანაკლიაში, თუ მოითხოვს იგივე შემადგენლობას, რაც 3-ოთახიანი ბინის გარემონტებას სჭირდება, ანუ რამდენიმე ადამიანი ფორმებში და „კასკებში“ და ერთი სატვირთო მანქანა, მაშინ შეიძლება რეალობად აღვიქვათ ის, რასაც ქალბატონი მინისტრის მოადგილე გვაწვდის, მაგრამ სინამდვილეში ის რეალობაა, რაც გითხარით - იმ ტერიტორიაზე 3 კარისკაცი დადის, რომელსაც მუშის ფორმა გადააცვეს და როდესაც დაინახეს, რომ „ლელოს" ლიდერები ვიყავით ჩასული ერთი და იგივე მანქანა შედიოდა და გამოდიოდა პორტის ე.წ. სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე, თუ ეს არის ის რეალობა, რასაც ქალბატონი იოსელიანი თვლის, რომ კოლოსალური და ინტენსიური სამუშაოებია, მაშინ ამ ახალბედა, გამოუცდელი მინისტრის მოადგილე შეიძლება თავის თავთან მართალი იყოს, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, მტკნარი სიცრუეა, რომ რაიმე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს! მედიაშიც გავრცელებული იყო და როგორც პიროვნულად იქ ჩასული ადამიანი გეუბნებით, რომ ტერიტორია არის გაპარტახებული, ანაკლიის ტერიტორიაზე თითქმის ყველა სასტუმრო, ფაქტობრივად, ლპობის რეჟიმშია, ანაკლიის ინფრასტრუქტურა განადგურების პირასაა და პორტის სამშენებლო მოედანი ტრაგიკულ სურათს აღწერს, სადაც ეს ქვიშა, რომელიც ამოღებულია ღრმაწყლოვანი პორტის მიწიდან და რომელშიც ათეულობით მილიონი ლარი, 80 000-ზე მეტია დახარჯული შეიძლება ისევ თავიდან შეივსოს ამ ქვიშით. არავითარი სამუშაოები არ მიდის. 2 წელია ტენდერი აქვს მოგებული ჩინურ კომპანიას, რომელიც თითს თითზე არ ადებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტში რაიმე ინვესტიცია ჩადოს და ამის პარალელურად ის შუა დერეფნის გზა, რომელმაც უნდა გაიაროს ანაკლიის პორტზე, აქტიურდება საქართველოს სამხრეთით, ე.წ ტრამპის გზაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით და საქართველოს თითოეული მოქალაქე უდიდეს შესაძლებლობას კარგავს - ერთ თაობაში მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და რეალურად გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური ჯაჭვის ნაწილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმის მაგივრად, რომ ტყუილების ტირაჟირებით იყოს დაკავებული მინისტრის მოადგილე ან გამოვიდეს და სიმართლე უთხრას ქართულ საზოგადოებას, რომ არავითარი ინვესტიცია იქ არ იდება, არავითარი ჩინური კომპანია იქ არ შედის, ან გაეშვას საერთოდ ამ საქმეს, რომელიც ნამდვილად არ გამოსდის“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება