2025 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 71.3 მილიარდ ლარს მიაღწია და მისი წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14 პროცენტი იყო, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
ეროვნული ბანკის შეფასებით, მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს.
“საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისი სესხების გარდა) შემადგენლობა, სეგმენტების ჭრილში მცირედით შეცვლილია. კერძოდ, წლის მანძილზე გაიზარდა კორპორატიული სეგმენტის წილი, ხოლო მიკრო და მცირე და საშუალო სეგმენტების წილი მთლიან პორტფელში შემცირდა.
საკრედიტო პორტფელი სექტორულად დივერსიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ციკლური სექტორების (უძრავი ქონების დეველოპმენტი, უძრავი ქონების მენეჯმენტი, სასტუმროები და ტურიზმი, რესტორნები და კვების ობიექტები, ავტოდილერები) ჯამურმა წილმა პორტფელში 17.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პპ-ით ნაკლებია“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკი ანგარიშში წერს, რომ 2025 წელს ჯამურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა უმოქმედო სესხების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით, თუმცა საცალო სეგმენტისგან განსხვავებით, სადაც კლება დაფიქსირდა, დანარჩენ 3 სეგმენტში უმოქმედო სესხების წილმა მცირედით მოიმატა.
“აღსანიშნავია, რომ IFRS დარეზერვებაზე გადასვლის შემდგომ პორტფელის ხარისხის ერთჯერადი გაუმჯობესების ეფექტის საკომპენსაციოდ ბანკებს კაპიტალზე დამატებითი CRA ბუფერის დაცვა მოეთხოვებათ. რაც შეეხება საცალო საკრედიტო პორტფელის ხარისხს, მთლიანი საცალო პროდუქტების პორტფელში მცირედით შემცირდა უმოქმედო სესხების წილი, რაც პორტფელის ზრდითა და იპოთეკური სესხების ხარისხის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის პროცენტული წილი პორტფელში ყველა საცალო პროდუქტისთვის, გარდა სატრანსპორტო, მომენტალური განვადების და სტუდენტური სესხებისა შემცირებულია, პორტფელის ჩამოწერის და ზრდის ეფექტის გათვალისწინებით.
საკრედიტო აქტივობა და დაბალი დანაკარგები ხელს უწყობს ბანკების მომგებიანობას. 2025 წელს კაპიტალზე უკუგებამ 22.3% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.6 პპ-ით ნაკლებია“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემაში დოლარიზაცია კვლავ მაღალია, რის შედეგადაც, სავალუტო რისკის ფაქტორი ქართული ბანკებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება.
“საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზედამხედველო ზომების მიღებას სავალუტო რისკის მართვის არსებული მიდგომების სრულყოფის მიმართულებით. წლის განმავლობაში ბანკები სტაბილური სავალუტო პოზიციებით განაგრძობდნენ საქმიანობას და შესაბამისობაში იყვნენ ყველა ვალუტის საერთო კრებსითი პოზიციის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%-იან ლიმიტთან.
2025 წლის ბოლოს ყველა ბანკის საერთო კრებსითი სავალუტო პოზიცია დახურულია და მისი ფარდობა საზედამხედველო კაპიტალთან შეადგენს 0 პროცენტს“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.