ვფიქრობ, ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი და ახლა მასთან მისვლა და გასაუბრება მოუწია.
„ვფიქრობ, ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედს მიჩენს, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ ყველა იმ ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, იმედია, რომ გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის სიმცდარეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ყველა ეს ურთიერთობა.
4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ, ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელის ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინელ ხალხს და უკრაინას, არ არსებობს რეზოლუცია რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება.
როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის გვერდში მდგომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უწესებ სანქციებს, ეს არის ყველაფერი, გარდა მადლიერების გამოხატვისა. რაც შეეხება სხვა ქცევებს, ყველა ჩვენგანი ვიყავით ამ ყველაფრის მომსწრე, ჩვენი თვალით ვნახეთ და ჩვენი ყურით მოვისმინეთ, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირდაპირ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები დაეორგანიზებინა და გაეშვა უკრაინაში საომრად და ამით ღიად ჩართულიყო, როგორც მხარე, რუსეთ-უკრაინის ომში. ამას ქართულად ჰქვია „ომში ჩათრევა“, არ ვიცი უკრაინულად რას ეძახიან.“- განაცხადა პაპუაშვილმა.