ევროპასთან ციფრული კავშირების გაძლიერებამ შესაძლოა, საქართველო აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან ხიდად აქციოს - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ციფრული მიმართულების დირექტორმა, ანტონიო ზაბალიოსმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ADB „აზია-წყნარი ოკეანის ციფრული მაგისტრალის“ განვითარებაში 20 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს. პროექტი მოიცავს რეგიონში ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელების, წყალქვეშა კაბელებისა და რეგიონული მონაცემთა ცენტრებისა განვითარებას. საქართველოც ამ პროექტის ნაწილი.
„არ არსებობს საზღვრები ციფრული ტრანსფორმაციისთვის, მონაცემები თავისუფლად გადაადგილდება ქვეყნებს შორის და არ ცნობს გეოგრაფიულ საზღვრებს. ციფრული კორიდორის განვითარება არის სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი, რადგან ის აძლიერებს რეგიონულ ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ინვესტიციების მდგრადობას და წარმოადგენს განვითარების ერთადერთ გზას. ეს მოითხოვს უზარმაზარ ინვესტიციას და მასშტაბის ეკონომიას. თავის მხრივ, მასშტაბის ეკონომია პირდაპირ დამოკიდებულია იმ ნაკადებზე, რომელსაც ინფრასტრუქტურა მოიზიდავს.
თქვენი ქვეყანა უკვე არის „აზია-წყნარი ოკეანის ციფრული მაგისტრალის“ ნაწილი. საქართველოს მთავრობასთან მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჯერ არ მქონია საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, თბილისში დაგეგმილი პრეზენტაციებისა და მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება პროცესი“, - აღნიშნავს ზაბალიოსი.
ADB-ის ციფრული მიმართულების დირექტორის განცხადებით, ციფრული კავშირების გაძლიერებამ შესაძლოა, დამატებით წაახალისოს სხვა მიმართულებებიც, კერძოდ, საქართველო შესაძლოა, ცენტრალური აზიისთვის ციფრული უნარების ჰაბი გახდეს.
აქვე ანტონიო ზაბალიოსი აანონსებს, რომ არსებული პოტენციალის შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრება.
„რუმინეთთან და ზოგადად ევროპასთან ციფრული კავშირების გაძლიერებამ შესაძლოა, საქართველო აქციოს მნიშვნელოვან ხიდად აზიასა და ევროპას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინიციატივები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ისინი ყოველთვის არ მოიცავს უშუალოდ ევროპა-აზიის დაკავშირებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შესაძლოა, სამომავლოდ შევისწავლოთ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, პარალელურად შეიძლება განვითარდეს სხვა ტიპის ჰაბებიც, მაგალითად, ციფრული უნარების მიმართულებით. ციფრული ინფრასტრუქტურა ხშირად იზიდავს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკოსისტემებს - სრულიად რეალისტურია, რომ საქართველო გახდეს ცენტრალური აზიისთვის ციფრული უნარების ჰაბი. ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება შესაძლოა, იყოს რეგიონული ჰაბის შექმნა, რომელიც მოემსახურება ცენტრალურ აზიას და ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას სხვა ქვეყნებიდანაც.
იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ან მომავალი წლის დასაწყისში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა მექნება. ეს საშუალებას მომცემს უკეთ შევაფასო პოტენციალი და განვსაზღვრო, როგორ შეიძლება ქვეყნის ციფრული ეკოსისტემის ეფექტური განვითარება“, - განაცხადა ანტონიო ზაბალიოსმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.
„აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.
ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.