საპატრიარქო - კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისმა კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა