მოწმე ელგუჯა ხარაზიშვილი ჩორჩანას საგუშაგოზე - აბა, მე რა ვიცი, უნდა იდგეს თუ არა - საგუშაგო რომ ჩადგეს, იმის მერე გადმოწიეს რუსებმა საოკუპაციო ხაზი

აბა, მე რა ვიცი, უნდა იდგეს თუ არა [ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში]. ის ვიცი, საგუშაგო რომ ჩადგეს იმის მერე გადმოწიეს რუსებმა საოკუპაციო ხაზი, - ასე უპასუხა მოწმე ელგუჯა ხარაზიშვილმა სასამართლო პროცესზე ადვოკატ ბერდია სიჭინავას კითხვას, მისი აზრით, უნდა იდგეს თუ არა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრალდების საქმეზე, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება, პროცესი მიმდინარეობს. დღეს პროკურატურის ორი მოწმე იკითხება, არჩილ ლომიძე და ელგუჯა ხარაზიშვილი. ხარაზიშვილის თქმით, ცხოვრობს ხაშურის რაიონის სოფელ წაღვში, მისი სოფელი კი სოფელ ჩორჩანიდან დაახლოებით 4 კმ-ით არის დაშორებული. ელგუჯა ხარაზიშვილის თქმით, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ მის სოფელში საუბრის შედეგად გაიგო.

„ვცხოვრობ სოფელ წაღვში. ჩემი სოფლიდან სოფელი ჩორჩანა 4კმ-ით არის დაშორებული. გავიგე, რომ 2019 წელს გაკეთდა [ქართული პოლიციის] საგუშაგო, შემდეგ კი რამდენიმე დღეში ოკუპანტებმა ააგეს საგუშაგო. შემოვიდნენ 1კმ ან 1,5კმ-ით სიღრმეში. ამოვიდნენ ტექნიკით, ტყე გაჭრეს და ააგეს საგუშაგო მაღალ ადგილზე. ამ ტყით კი ძირითადად ვსარგებლობდით სოფლის მოსახლეობა. ეს ტყე იყო დაახლოებით 2,5 ან 3 ჰექტრამდე.

ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანაში თავიდან დროშები დაამაგრეს, მერე ტყის მასები გაჭრეს და ააგეს საგუშაგო.

როცა საგუშაგო გააკეთეს ჩვენებმა, იმის შემდეგ დავკარგეთ ეს ტერიტორია", - განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

ადვოკატ ბერდია სიჭინავას კითხვაზე, რომ 2008 წელს საგუშაგო არ ჩაუდგამს ქართულ მხარეს, თუმცა ომი მაინც დაიწყო რუსეთმა, ანუ მისი აზრით სჭირდება თუ არა რუსეთს საბაბი, ელგუჯა ხარაზიშვილმა ასე უპასუხა: „აბა, მე, რა ვიცი“.

გარდა ამისა ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტყეში ჯონჯოლის საკრეფად მიდიოდნენ, ქართული პოლიციის საგუშაგოს ჩადგმამდეც იტაცებდნენ.

„ჯონჯოლის საკრეფად წასული საქართველოს მოქალაქეები ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე, 4-5 წლით ადრე, ჩორჩანას მხარეს, დაიჭირეს რუსებმა“, - განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

ამ პასუხის შემდგომ პროკურორმა თამარ იაკობიძემ მოწმეს მიმართა დაეზუსტებინა წინადადება „4-5 წლით ადრე პერიოდში" გულისხმობდა 2019 წლამდე პერიოდს, თუ გულისხმობდა 2019 წლის შემდგომ პერიოდს? პროკურორის ამ კითხვამ კი მასსა და გიორგი გახარიას ადვოკატ, ბერდია სიჭინავას შორის მცირე შეკამათება გამოიწვია. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მკაფიოა მოწმის პასუხი, რომ „სოფელ ჩორჩანაში ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდეც იტაცებდნენ".

თუმცა ამის შემდგომ თავად ბერდია სიჭინავამაც დაუსვა იგივე შინაარსის კითხვა მოწმეს, რაც პროკურორმა დაუსვა - სოფელ ჩორჩანაში, საქართველოს მოქალაქეებს 2019 წლამდე ანუ საგუშაგოს ჩადგმამდეც იტაცებდნენ, თუ საგუშაგოს ჩადგმის მერე? კითხვას მოწმემ უკვე ასე უპასუხა: „აღარ მახოვს, საგუშაგომდე იყო თუ საგუშაგოს მერე“.

რაც შეეხება მეორე მოწმის, არჩილ ლომიძის ჩვენებას, ადვოკატის კითხვაზე, თუ რამ გამოუწვია სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა, მან ასე უპასუხა: „მე, არ ვიცი, რამ გამოუწვია საგუშაგოს აგება.... ოკუპირებული რომ არის ჩვენი ტერიტორია, ვისი ბრალი იქნება? რუსების ბრალია!“

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს, კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებს პროკურატურა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ