ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერილში აღნიშნავს, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართა.
როგორც ის წერს, „ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან“
„ევროპის ერთიანობა ვერ იქნა მიღწეული და ჩვენ მივიღეთ ომი“ - ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის ამ ფუძემდებლურ დასკვნას. ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება.
„ევროპა ერთ მომენტში ან ერთი გეგმით ვერ შეიქმნება“ - განაცხადა რობერ შუმანმა თავის ცნობილ დეკლარაციაში. სამწუხაროდ, დღესდღეობით ვხედავთ, რომ შუმანის ეს ბრძნული სიტყვები უგულებელყოფილია, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და ცრუ და ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგიების საფუძველზე ხორციელდება, რომლებიც უგულებელყოფენ ევროპის მოსახლეობის კულტურულ სიმდიდრეს, იდეოლოგიურ მრავალფეროვნებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობაც ამ ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის კარგი მაგალითია.
ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც. ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან.
ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ისეთ ევროპულ იდეალებს, როგორებიცაა ეროვნული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული ღირებულებები და ცხოვრების ტრადიციული წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ. სწორედ ევროკავშირის ამ დამფუძნებელ სულისკვეთებასთან შეუთავსებლობას ავლენენ ისინი, ვინც მეტისმეტად ერთობიან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებით, აწესებენ ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელ იდეოლოგიებს და ტრადიციებში არსებული განსხვავებების უგულებელყოფით, ცდილობენ ერთგვაროვანი ცხოვრების წესის დანერგვას.
„ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის“ შექმნის იდეა, რომელიც რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წარადგინა, მიზნად ისახავდა „ცხოვრების დონის ამაღლებას და მიღწევების შენარჩუნებას“. მას კარგად ესმოდა, რომ მშვიდობა საჭიროებს მყარ ეკონომიკურ ფუნდამენტს. სწორედ ამ იდეაზე იყო დაფუძნებული მთელი ევროპული პროექტი. თუმცა დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, ეს საბაზისო პრინციპიც დავიწყებული აქვს. სხვა რით უნდა აიხსნას, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შეთავაზების გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართვის დაჟინებული მოწოდებები, რომელზე დაყოლაც გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას, არამედ რეგიონულ არასტაბილურობასაც, რაც ევროპას მნიშვნელოვანი ენერგორესურსებისა და გეოეკონომიკური მარშრუტების გარეშე დატოვებდა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.