შალვა პაპუაშვილი - საკმარისია, გლობალურ იდეოლოგიას მოერგო, წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ხოლო ვინც ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, იდევნება - საქართველო გამოირჩევა პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით

დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა, იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით.

,,ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს უნარი, იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, სწორად შეაფასოს გარემო და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები.

საქართველოს არჩევანი სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან.

ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ, და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრებისა და კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე.

საკმარისია, გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქება-დიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც „დაგეხმარებიან“ და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზეც თვალს დაგიხუჭავენ. სამაგიეროდ, ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, სტიგმატიზირდება, ბათილდება, და იდევნება ,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია