ფიქრია ჩიხრაძე - ბურთი „ქართული ოცნების“ მხარესაა, მაგრამ აქამდე მხოლოდ  სახელმწიფოს კარში გააქვს ხელისუფლებას, რაც შეეხება თავისუფალ არჩევნებს, არ მგონია, რომ ეს მხოლოდ „ოპოზიციური ალიანსის“ პრეროგატივაა, დაპირისპირება არის „ქარიშხალი ჭიქაში“

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, აშშ-ს საქართველოსთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა მისი პარტნიორობა ვერ შედგება ისეთ ქვეყნებთან, რომელიც მის სტრატეგიულ ინტერესებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება.

ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღისნიუსრუმში“ აშშ-საქართველოსურთიერთობებისპერსპექტივებზეისაუბრა.

მისი შეფასებით, იმ დროს, როდესაც აშშ ირანის დიქტატურას ებრძვის, საქართველოს ხელისუფლება ირანთან მეგობრობას აღნიშნავს და ანძას ირანის დროშის ფერებში ანათებს, “რაც ამოვარდნილია არათუ პარტნიორული ურთიერთობებიდან, არამედ ჰუმანური პოზიციებიდანაც კი”.

„საქართველო, როგორც სახელმწიფო, თანაბარი პოზიციებითა და თანაბარი ინტერესების დაცვით უნდა ელაპარაკებოდეს ყველა პარტნიორს, ჩვენი პრეტენზია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი სწორედ ის არის, რომ პარტნიორებთან ჩხუბი და „ცივი ომი“ აქვთ გამოცხადებული, ხოლო ვისაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები ან ის, ვინც ჩვენს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებში არ ჯდება, მათთან მჭიდრო ურთიერთობას ახერხებს. ხშირ შემთხვევაში, ძალიან დამთმობი, მობოდიშებითი ტონალობა აქვს. ჩვენ ვისწრაფვით სახელმწიფოსკენ, რომელიც ყველა პარტნიორის ტოლი, სწორი იქნება და სახელმწიფო ინტერესების დაუზიანებლად შედგება ყველანაირი ურთიერთობა. საქართველოსთან ურთიერთობაზე აშშ-ს უარი არ უთქვამს, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა აღარ გვაქვს. აქვს ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელსაც მანამდე ეს მონაცემები არ ჰქონდა, მაგრამ დღეს დაწინაურდა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის მიღწევა, რაც გვქონდა, დავთმეთ საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად შეგნებული, მიზანმიმართული პოლიტიკის გამო. აშშ-ს საქართველოსთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ აშშ-ს თავისი ინტერესები აქვს. მისი პარტნიორობა ვერ შედგება ისეთ ქვეყნებთან, რომელიც მის სტრატეგიულ ინტერესებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. როდესაც აშშ ირანის დიქტატურას ებრძვის და შენ მაშინ მოგინდება ირანთან საუკუნოვანი „მეგობრობის“ ღონისძიებები” აღნიშნო, ანძა გაანათო ირანის დროშის ფერებში, ეს ამოვარდნილია არათუ პარტნიორული ურთიერთობებიდან, ჰუმანური პოზიციებიდანაც კი“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაც, რასთან დაკავშირებით არსებულ ტენდენციას დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შეეგუება.

„არცერთ შემდგარ სახელმწიფოს არ მოუნდება ურთიერთობა ისეთ სახელმწიფოსთან, სადაც ძალიან თვალშისაცემია დემოკრატიული უკუსვლა და დეგრადაცია“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ამასთან, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმით, „რის საფუძველზეც შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება“. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ბურთი „ქართული ოცნების“ მხარეს არის, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ახმოვანებენ.

„აქამდე რასაც ვხედავთ, ბურთი მხოლოდ ქართული სახელმწიფოს კარში გააქვს ჩვენს ხელისუფლებას, ეს ძალიან სამწუხაროა. ბურთი ნამდვილად მათ მხარეს არის, მაგრამ ერთი თავისებურება აქვს- კობახიძე რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს პრემიერ-მინისტრის რანგში, ამ ხელისუფლებისთვის უმთავრესი არის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების და მისი ფინანსური უსაფრთხოების ინტერესები. ბიძინა ივანიშვილს ადარდებს სანქციები მის მიმართ და არა მისი გუნდის წარმომადგენელთა მიმართ. ბიძინა ივანიშვილს ადარდებს, იმ დონეზე ჰქონდეს ურთიერთობები შენარჩუნებული, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნებას საფრთხე არ შექმნას და როგორმე ასეთი ურთიერთობებით აღადგინოს პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან. მას არ უნდა ყველასთან ომი ჰქონდეს გამოცხადებული, მაგრამ ამავე დროს, ძალაუფლების დაკარგვაც არ უნდა. თუ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს დასჭირდა, კობახიძე თავის განცხადებებთან ერთად საერთოდ პოლიტიკური ველიდან გაქრება და გამოჩნდება ვიღაც, ვინც სხვანაირად დაიწყებს ლაპარაკს, ან თვითონ კობახიძე დაიწყებს სხვანაირად ლაპარაკს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი ხისტი პოზიცია, მაგრამ როცა სიტუაციას დასჭირდება, აბსოლუტურად ცვლიან“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

გარდა ამ საკითხებისა, მან ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ ურთიერთთავდაუსხმელობა ბოლომდეც ვერ დაიცვა და ისინი არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდნენ.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ალიანსის პრეროგატივა გახდა მარტო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თემა, არ მგონია ასე იყოს. ეს არის “ქარიშხალი ჭიქაში”. ვერც კი დავეწიე, რანაირად მოხდა ეს დაპირისპირება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეტყვიან: „მიდით, ბოლომდე ბოიკოტს მიაწექით“, ეს ასე არ არის. პოლიტიკური ურთიერთობების ანა-ბანა შეიძლება არ იცოდე ადამიანმა, რომ წარმოიდგინო ვინმემ ეს გითხრას. ჩვენი პოზიცია გაცხადებული იყო. სჯობს ალიანსი თავის პოზიციაში ჩამოყალიბდეს, ისინი ისევ ბოიკოტის პოზიციას აგრძელებენ მომავალ არჩევნებში თუ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ბოლო პერიოდში იყო განცხადებები ბოიკოტთან დაკავშირებით, მაგრამ მათი ბევრი წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევნების გზა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვინც არჩევნებზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, არ მგონია, უნდა გამოხტე, თავს დაესხა და გაუგონარი ცილისწამებების ნიაღვარი გადმოღვარო. ალიანსს ერთი უცნაურობა სჭირს - ერთადერთი პრინციპი ჰქონდათ, რომ ურთიერთთავდაუსხმელობაზე შეთანხმდნენ და ესეც ბოლომდე ვერ დაიცვეს. ერთმანეთსაც თავს ესხმიან. არ მიკვირს, რომ „ლელოზე“ თავდასხმა მოუნდათ. ეს არის აბსოლუტურად მოგონილი, ქარიშხალი ჭიქაში“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია