საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელსაც გამოყოლილი აქვს საშემოდგომო და ახლა ცდილობს, რომ რაიმე ფორმით ჩააბაროს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას: „საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ ვინმემ საშემოდგომო გამოაყოლოს, საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო - თუ რაიმე გაფუჭდა ამერიკულ ურთიერთობებში, გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობების მოწესრიგებას, რათა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები მოუხსნან.
„რაც ბატონმა რუბიომ თქვა, ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ რაღაცნაირად ურთიერთობა მოაწესრიგოს აშშ-სთან. ძირითადად ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ივანიშვილს როგორღაც სანქციები მოუხსნან. „ქართულ ოცნებას“ როგორც სჩვევია, ალბათ რაღაც-რაღაცებს შეჰპირდნენ. ამბავი ჩაუტანეს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, რაღაცები გაითვალისწინოს, რაღაცებზე უკან დაიხიოს და ქცევა შეიცვალოს.
რაც შეეხება საშემოდგომოს, თუ კობახიძე კარგად დაუკვირდება, ბატონი რუბიო ამბობს, რომ „თუ ისინი შეიცვლიან ქცევას“ ანუ აქ საქართველოზე კი არ ლაპარაკობს, ლაპარაკობს „ქართულ ოცნებაზე“, საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელსაც გამოყოლილი აქვს საშემოდგომო და ახლა ცდილობს, რომ რაიმე ფორმით ჩააბაროს. ამაზეა აქ ლაპარაკი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს შეურაცხყოფა მიაყენა და „მისი ასე თავხედობა, მარტივად არ ჩაივლის“.
„კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჯო უილსონს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ უილსონის დონემდე არ უნდა დახვიდეთო. დაამცირა კაცი, არადა კობახიძე არის ჭიაყელა ჯო უილსონთან შედარებით, როგორც პოლიტიკური მოღვაწე. კობახიძე არავინ არ არის და ჯო უილსონი არის ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი, უკვე დიდი ხანია კონგრესის წევრია და ტრამპთან დაახლოებული პირია. მე მგონია, რომ კობახიძის ასე თავხედობა, ასე მარტივად არ ჩაივლის“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.