აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ შეიძლებოდა [რუსეთ-უკრაინის] ომის თავიდან აცილება. ეს ვერ შეძლო ევროკავშირმა, ვერ შეძლო ნატო-მ, ვერ შეძლო მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე და ამას ადასტურებს უკრაინის ხელისუფლება. ნებისმიერი ინიციატივა, რომ ომი დასრულდეს, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ, დასავლურმა ქვეყნებმა სამწუხაროდ, ომამდეც გამოიჩინეს.
„შეგახსენებთ, ამ ომის დაწყებიდან ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, სტამბოლში პარაფირებული იქნა სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან. უკრაინის დელეგაციას დავით არახამია ხელმძღვანელობდა და მისი განცხადებაა, რომ იყო მისაღები პირობები უკრაინისთვის, მოხდა პარაფირება, დაბრუნდნენ კიევში, კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჩაშალა ეს შეთანხმება და უთხრა უკრაინის ხელისუფლებას, რომ არანაირი შეთანხმება, ვიომოთ! ამის შემდეგ, უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დღეს მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში იღებს მონაწილეობას. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ომამდეც გამოიჩინეს დასავლურმა ქვეყნებმა, მათ, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე, მათ შორის ევროკავშირი, ნატო. მათ ვერ შეძლეს ამ კონფლიქტის შეჩერება, ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ადასტურებს დღეს, აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, ეს ვერ შეძლო ევროკავშირმა, ვერ შეძლო ნატო-მ, ვერ შეძლო მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე და ამას ადასტურებს უკრაინის ხელისუფლება. როგორც დავით არახამია ამბობს, ბორის ჯონსონი არის ის ადამიანი, რომლის პირითაც ჩაიტანეს გზავნილი კიევში, რომ ეს ომი არ უნდა დასრულებულიყო 2022 წელს. დღეს, ხედავთ, რომ კვლავ გრძელდება. ოთხი წელი გავიდა და ასობით ათასი სამხედრო, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ ომის მსვლელობისას და სამწუხაროდ, ამ ომის დასრულებას ბოლო არ უჩანს. ასე რომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომ ომი დასრულდეს, მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მეტ-ნაკლებად მისაღები პირობები იყოს ყველასთვის, მაგრამ თავად უკრაინის ხელისუფლებაც აცხადებს, მათ შორის დავით არახამიას განცხადება იყო, რომ ის პირობები, რომელზეც ახლა მიდის მსჯელობა უარესია, ვიდრე 2022 წლის აპრილის სტამბოლის შეთანხმების პროექტი, რომელიც მაშინ ჩაშალა ბორის ჯონსონის ვიზიტმა კიევში“, - განაცხადა პაპუაშვილმა