შალვა პაპუაშვილი - ვაცადოთ ჯო უილსონს, დატკბეს ვარსკვლავური მომენტებით - უკვე ნანახი გვაქვს ეს კინო, რომელიც სერიალად იქცა: აყენებს რაღაც ცვლილებებს და ამაზე უნდა წავიდეს დაუსრულებელი საუბარი, მშვიდად ვუყურებთ ამ საკითხს

ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც სერიალად იქცა, რომ ჯო უილსონი აყენებს რაღაც ცვლილებებს და ამაზე უნდა წავიდეს დაუსრულებელი საუბარი. ძალიან მშვიდად ვუყურებთ ამ საკითხს. ვაცადოთ ჯო უილსონს, რომ პოლიტიკის მიღმა ცხოვრება უზრუნველყოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ დაყენებული ინიციატივები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებით ორი შესწორების სახით დაამტკიცა და ერთ-ერთი მათგანი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობას ეხება“.

პაპუაშვილის განმარტებით, ნებისმიერ ტესტს უძლებს ის მტკიცებულებები, რომლითაც მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის შეხსენება.

„ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკიდან წავიდეს და შემდგომ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის.

როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მასაც სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ის, რომ ლობისტურ საქმიანობაშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა „ფარას“ რეესტრიდან.

ვაცადოთ ჯო უილსონს დატკბეს ვარსკვლავური მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის მატარებელი ხდება ხოლმე. ვფიქრობ, სერიოზულად არ უნდა შევხედოთ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს.

რაც შეეხება შესწორებების შინაარს, სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება თუ შეხსენება. ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენს ინტერესებშია და თქვენ ხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორ აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული და როგორ ზუსტად და ყოველგვარი კითხვების გარეშე მოქმედებს. ნებისმიერ ტესტს უძლებს ის მტკიცებულებები, რომლითაც მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და გარდა იმისა, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღიკვეთოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობები, ეს არის მათ შორის პრევენცია და გაფრთხილება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, სამყაროს რომელი მხრიდან გვიყურებენ, ყველასთვის გაფრთხილებაა, რომ დღეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოავლინოს სადაზვერვო საქმიანობები, აღკვეთოს, სადაც საჭიროა, საჯარო გახადოს ეს ყველაფერი, სადაც საჭირო არ არის, შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტებით მოახდინოს ამ სადაზვერვო საქმიანობების აღკვეთა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების ბრალია.

„რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობას, ამას აქვს თავისი ხაზი, რომელიც არის ხელისუფლებებს შორის, მათ შორის ეს ვიზიტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იყო, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლების ჯგუფის მხრიდან და სადაც იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, რომელიც გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, არის სწორად აღქმული, იქნება გაზიარებული და ჩვენ ვიხილავთ ადეკვატურ ნაბიჯებს აშშ-ის მხრიდან. მე არ მგონია, რომ რამე სამართლიანი და ობიექტური წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა თავად აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ. ბაიდენის ადმინისტრაცია არის დამნაშავე იმაში, რომ დღეს ეს ურთიერთობები არის ისტორიულად დაბალ წერტილში და გააფუჭა უსამართლობით და ის, რაც უსამართლობას დაუნგრევია, სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ეს არის ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება მიიღო. შესწორებები კონგრესმენმა ჯო უილსონმა („რესპუბლიკური პარტია“) წარადგინა.

„კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და სხვა პირების დაკავებითა და დაპატიმრებით, რომლებიც ფართოდ არიან მიჩნეულნი პოლიტიკურ პატიმრებად და მიაჩნია, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და შესაბამისად მაღალ დონეზე უნდა წამოიჭრას საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ ურთიერთობებში. ამიტომ, კომიტეტი თავდაცვის მდივანს ავალებს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია პოლიტპატიმრების საკითხის საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში ჩართვის შესახებ”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს შესახებ შეტანილი მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც იკვლევს რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში და იკვლევს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია