უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შეხვდა და უთხრა, რომ მზად იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად და რომ უკრაინა დონბასიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს.
„ის კიევში ჩამოვიდა. მან თქვა: მე პირდაპირ თქვენ [გადმოგეცით] შეტყობინება და მინდა თქვენგან შეტყობინებები მივიღო და [ვლადიმერ] პუტინს გადავცე, მაგრამ მან თქვა, რომ ეს უნდა [გაკეთდეს] ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე. მე ვუთხარი: ეს თქვენი არჩევანია - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აბრამოვიჩი მათთან მივიდა და სურდა გაეგო, რისთვის არის მზად უკრაინა, როდესაც საქმე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება.
ზელენსკის მტკიცებით, მან გარკვევით განაცხადა, რომ დონბასის რეგიონს რუსეთს არ დაუთმობდა.
„ეს იყო მთავარი გზავნილი. მე ვთქვი, რომ არ გავალთ. ამ გზით გამარჯვებას არ მოგცემთ. ჩვენ შესაძლო კომპრომისზე ვისაუბრეთ. მე ვთქვი: ყველა კომპრომისი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც აბრამოვიჩმა მისგან შეტყობინებები მიიღო, თქვა, რომ პირდაპირ პუტინთან წავიდოდა. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავდასხმების ტალღას გააგრძელებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ისწავლა, შეისწავლა და შექმნა სხვადასხვა რაკეტები და დრონები.
„უბრალოდ ჩუმად არ დავიხოცებით. ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერები ვიქნებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მაშინ უსმენს, რას იტყვიან კიევი და მისი მოკავშირეები, როდესაც მასზე სრული ზეწოლაა. „ჩვენ მათ ომს მათ ტერიტორიაზე დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.