კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) უხელმძღვანელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, GCCA-ი, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, ICPEN-ის პრეზიდენტობის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო პარტნიორებს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და თანამედროვე ციფრულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირების მიმართულებით სააგენტოს აქტივობები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

GCCA-ის თავმჯდომარის განცხადებით, თანამედროვე ეკონომიკაში ნდობა ბაზრის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი საფუძველია და სწორედ ამიტომ, ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილი უწყების მხრიდან - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age) იქნება.

„თანამედროვე ეკონომიკაში ნდობა ბაზრის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი საფუძველია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ურთიერთობენ ციფრულ პლატფორმებთან, ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან და ისეთ ტექნოლოგიებთან, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. GCCA-ის პრეზიდენტობის პერიოდში, ყურადღება სამი ძირითადი მიმართულებით გამახვილდება: მომხმარებელთა დაცვის განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების ეპოქაში, ასევე მოწყვლადი მომხმარებლების, მათ შორის ბავშვების, შშმ პირებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფების ინტერესების დაცვა,“- აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.

ამასთან, საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში, მომხმარებელთა ციფრული ცნობიერების ამაღლებისა და მარკეტინგული პრაქტიკების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით გამართულ სესიას მოდერატორობა გაუწია GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ.

“ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყებების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სექტორში, მომხმარებელთა საჩივრების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, ონლაინ სივრცეში პრობლემური კომერციული პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაძლიერება.

ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, GCCA-ი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა