რეალურად ეს არჩევნები კი არა რეფერენდუმი იყო სომხეთის გეოპოლიტიკასა და სომხეთის მომავალ ადგილთან დაკავშირებით, თუ სად უნდა იყოს ეს ქვეყანა. მსგავსი რეფერენდუმი სომხეთს არასდროს ჰქონია - ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა პროდასავლური მმართველი ძალა და 3 პრორუსული პარტია, რომელიც არაერთი რუსი პოლიტიკოსის მხარდაჭერით სარგებლობდა, - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა დღის ნიუსრუმში" ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ღია ზეწოლა, სანქციები, სომხური პროდუქტების აკრძალვა, მუქარა არსებობდა, ევროკავშირი და აშშ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ღია მხარდაჭერას ავლენდა. ბატიაშვილის შეფასებითვე, სომეხმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ სწორი განვითარების გზა არის დემოკრატია და ევროპული მომავალი.
„სომეხმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ სწორი განვითარების გზა არის დემოკრატია და ევროპული მომავალი, ამიტომ ფაშინიანმა ხალხისგან კიდევ ერთხელ მიიღო მანდატი. წინა შემთხვევაში არაორდინალური სიტუაცია იყო, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო.
ამიერიდან, სომხეთი კიდევ უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადადგმას აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების მოგვარების კუთხის. ხელმოსაწერი იქნება სამშვიდობო შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს, პროცესები აქეთკენ მიდის. თურქეთთან გაიხსნება საზღვრები და დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდება. ამით კი, სომხეთი გამოვა იმ იზოლაციიდან, რომელშიც რუსეთი ამყოფებდა ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ყარაბაღის საკითხის „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდა სომხეთის თავზე. ამისგან სომხეთი გათავისუფლდა და ჩანს თუ სად არის თავისუფალი სომხეთის ადგილი - მისი ადგილი დასავლეთ დასავლეთში და ევროპაშია. ეს ყველაფერი დღეებში არ იქნება, მაგრამ კარგი დასაწყისია.
[რაც შეეხება იმას, რა პრობლემებს უნდა ელოდოს ფაშინიანის ხელისუფლება იმის გამო, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება] არ მგონია, რომ მთავრობას პრობლემა შეექმნას, რადგან მას ყველა ისეთი ნაბიჯის გადადგმა შეეძლება, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევას, ბატიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რომ თავისუფალი ნება გამოხატოს, რუსეთმა რაც არ უნდა რესურსი დახარჯოს, სასურველი შედეგის მისაღებად თავის მიზნებს ვერ აღწევს.
„არჩევნებში რუსეთის ჩარევა ყველგან იყო - უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში. დიდი რესურსები ჩადეს, მაგრამ გამარჯვებულები ვერ გამოვიდნენ, ეს კი აჩვენებს, რომ სადაც დემოკრატიული არჩევნები ტარდება, რაც არ უნდა ფული ხარჯოს რუსეთმა, მაინც ვერ ხერხდება მისი კურსის გატარება. ეს განსხვავებაა საქართველოსა და სომხეთს შორის. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, სადაც ხალხს შესაძლებლობა აქვს, რომ თავისუფალი ნება გამოხატოს, არავინ ირჩევს რუსეთს.
[რაც შეეხება მთავარი ოპონენტების მისამართით ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა მოხდება,] ფაშინიანმა ვისი სახელები და გვარებიც ჩამოთვალა, რეალურად ისინი რუსეთის პოზიციის გამხმოვანებლები არიან და ხაზის გამტარებლები. მათ წინააღმდეგ ისედაც საქმეებია აღძრული და ეს მარტო პოლიტიკას არ ეხება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება რუსეთმა გააკეთოს იმისთვის, რომ სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს, ანალიტიკოსის ააზრით, მოსკოვის მხრიდან „სამხედრო გართულებაზე წასვლა ნაკლებად სავარაუდოა“.
„ევროინტეგრაციის პროცესისთვის პრობლემის შექმნა ნაკლებად შეუშლის ხელს სომხეთს. თუმცა პრობლემების გამოწვევა შეუძლია, თუნდაც, რომ შეზღუდვები პროდუქტებზე გააფართოოს. ასევე, ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხედრო გართულებებზე წავიდეს, მიუხედავად სომხეთში გიუმრის ბაზისა. 5000 კაცი არ ეყოფა იმისათვის, რომ სიტუაცია შეცვალოს და სამხედრო გზით ჩამოაგდოს მთავრობა. ასევე, არ მგონია, რომ სამხედრო ნაწილები უკრაინიდან ერევანში გადაისროლოს“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, სომხეთში გამართული არჩევნები და ხალხის მიერ არჩეული კურსი, პრეცედენტული უნდა გახდეს საქართველოსთვის.
„რეგიონში არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ მიდის და ეს პრეცედენტია ჩვენთვის, რადგან ჩვენ დასავლეთში არ მივდივართ. ფაშინიანს სურვილი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან და შტატებთან შერიგდეს, თუმცა ბოლო განცხადებები რაც ვიხილეთ, მიანიშნებს, რომ დასავლეთთან რეალური დაახლოება დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ზურაბ ბატიაშვილმა 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით გაიმართება. მისი თქმით, რეალურია საფრთხე, რომ ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა დაკარგოს.
ბელარუსს და რუსეთს აქვს ვიზალიბერალიზაცია? თუ ამ ქვეყნების რიგში უნდა ვიყოთ, ეს რთული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ეკონომიკისთვის. ეს საკითხი კოლექტიური პასუხისმგებლობის ამბავია, შეუძლებელია, რომ პრორუსულ პარტიას აძლევდე ხმას და თან ევროპიდან სარგებელს იღებდე და მას აგინებდე. ადრე თუ გვიან ეს საკითხი განიხილება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.