სიგარეტის კოლოფი 40 დოლარად - ავსტრალიის ფისკალური პოლიტიკის ჩრდილოვანი შედეგები

ავსტრალიას მსოფლიოში თამბაქოს პროდუქტების კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოლიტიკა აქვს: უკვამლო პროდუქტები (გასახურებელი თამბაქო, ვეიპი, ნიკოტინის ბალიშები) აკრძალულია, ხოლო წვად სიგარეტზე კი მსოფლიოში ყველაზე მკაცი ფისკალური და რეგულირების ჩარჩო მოქმედებს.

New York Times-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიგარეტის ფასი სწორედ ავსტრალიაშია - საშუალო სეგმენტის სიგარეტის კოლოფი, დაახლოებით, 55 ავსტრალიური დოლარი ღირს, რაც თითქმის 40 აშშ დოლარს უტოლდება. მოწევის მაჩვენებლის შესამცირებლად, ბოლო ათწლეულში ავსტრალიის მთავრობამ 8-ჯერ გაზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოს პროდუქტებზე.

ავსტრალიის არალეგალური თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტების საკითხის კომისრის 2024-2025 წლების ანგარიშის მიხედვით, ბოლო ცვლილება 2025 წლის სექტემბერში განხორციელდა, რის შედეგადაც თითო სიგარეტზე დაკისრებულმა აქციზმა, დაახლოებით, 1.50 ავსტრალიურ დოლარს მიაღწია - ეს ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.თუმცა, მაღალი ფასების პარალელურად ჩამოყალიბდა მზარდი შავი ბაზარი, რომელიც დღეს ავსტრალიაში, უკვე მრავალმილიარდიან ინდუსტრიად არის შეფასებული.

New York Times-ის მიხედვით, კონტრაბანდული სიგარეტი ავსტრალიის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ღიად იყიდება, როგორც თამბაქოს სპეციალიზებულ, აგრეთვე სურსათის მაღაზიებშიც. კონტრაბანდის უმეტესი ნაწილი ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან შემოდის. ამავე დროს, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის გამძაფრდა ძალადობა კონტრაბანდული თამბაქოს მომგებიანი ბაზრის წილის მოსაპოვებლად, რაც ხშრად გამოიხატება ხანძრის, სროლებისა და მკვლელობების სერიაში.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ავსტრალია არალეგალური თამბაქოს „კრიზისშია“. გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ვიქტორია არალეგალური თამბაქოსა და ვეიპებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის „ეპიცენტრად“ იქცა, პოლიციის სპეციალური ჯგუფი აქტიურად მუშაობს აღნიშნული საქმიანობის შეზღუდვაზე. ორი კვირის წინ, ვიქტორიას პოლიციამ და თერაპიული პროდუქტების სახელმწიფო ადმინისტრაციამ ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა, რაც 52 დაკავებასა და 84 რეიდს მოიცავდა. შედეგადაც ამოღებულ იქნა 500,000 არალეგალური ვეიპი, რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთანავე ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ერთი ოპერაციის ფარგლებში ამოიღეს 433,400 არალეგალური სიგარეტი, 686 კილოგრამი არალეგალური ფხვიერი თამბაქო და 50,200 ერთჯერადი ვეიპი.

„რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ერთგვარი ფსევდო-პროჰიბიციის შექმნა, რამაც ორგანიზებული დანაშაულის ბაზარი წარმოშვა“ - განუცხადა New York Times-ს როჰან პაიკმა, ფედერალური პოლიციის ყოფილმა დეტექტივმა, რომელიც ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურის თამბაქოს მიმართულების ოპერატიულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

2026 წლის 3 ივნისს, ავსტრალიის მთავრობის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში არალეგალური ნიკოტინის პროდუქტების მოხმარება გასულ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა. არალეგალური ნიკოტინის მოხმარებამ 2025 წელს მთლიანი მოხმარების 80%-ს მიაღწია - შედარებისთვის, ეს რიცხვი 2017 წელს მხოლოდ 12% იყო. ავსტრალიის მოსახლეობის 14%-იანი ზრდის ფონზე, ნიკოტინის საერთო მოხმარება 2017–2025 წლებში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. აღნიშნული წარმოადგენს ფედერალური მთავრობის მიერ ავსტრალიის არალეგალური ნიკოტინის ბაზრის მასშტაბისა და დომინანტობის ფაქტობრივ აღიარებას.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა