„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
შესაბამისი განცხადებით ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
ფოფხაძის თქმით, მმართველ გუნდშიც ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ივანიშვილია და არა ოფიციალურ თანამდებობებზე მყოფი პირები.
„როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას რაღაცაში, ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს. ეჭვებს და კითხვებს უფრო აჩენს იმაზე, რაზეც არის საუბარი. ის, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, არ უნდა იყოს დავის საგანი“, - აღნიშნავს ფოფხაძე.
მან, ასევე, გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად არ მიაჩნია. ფოფხაძის შეფასებით, კობახიძე მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს ახმოვანებს, რომლებიც ივანიშვილის მიერ არის მიღებული.
„ არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს მისი პრემიერობა, „სტენდაფ კომიკოსის“ როლი ერთ-ერთია, რომელსაც შეუძლია მოერგოს. რასაც ის ლაპარაკობს ასეთი სიმშვიდით, თან „ფეისკონტროლს“ ბოლომდე ინარჩუნებს, არც ეცინება. ჩვენ მშვენივრად ვიცით ამ ქვეყანაში ვინ იღებს გადაწყვეტილებას. კობახიძე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა კობახიძე იყოს, ისვე გადაწყვეტს, როცა აღარ უნდა იყოს კობახიძე. ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ივანიშვილს ყველა თანამდებობის პირთან დაკავშირებით. ქვეყანაში არა თუ არაფორმალური მმართველობაა, არამედ ასეთი ფეოდალიზმი შეიძლება შუა საუკუნეებში მონატრებოდათ ფეოდალებს. ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ ჩვენ ფეოდალიზმის პირობებში ვცხოვრობთ.“,- განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძე ასევე შეეხო ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის საკითხს და აღნიშნა, რომ არ სურს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც, მისი შეფასებით, მხოლოდ ფორმალური დემოკრატიის ილუზიას ქმნის.
„სულ არის დისკუსია თუ რატომ არ შევედით პარლამენტში, არ მინდა მათი ფორმალური დემოკრატია „გავაპრავო“. დიქტატურა არის მოცემულობა და ამ მოცემულობას არ მინდა ლეგიტიმაცია მივცე და ფსევდო ოპოზიციის როლი შევასრულო. ამ ვითარებაში რაზე უნდა ეკამათო ხელისუფლებას, რომელიც გიმტკიცებს, რომ არ არის ავტორიტარული მმართველობა. მათ უნდათ ფსევდო დემოკრატია და ქვეყანაში ჰქონდეთ დიქტატურა, ამას ვერ მიიღებენ“,- განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, ოპოზიციონერის თქმით, ირაკლი კობახიძის გასამართლებაც დაუშვებელია, თუმცა ეს მოხდება.
„ირაკლი კობახიძეს მოუწევს ამ ყველაფრის ახსნა, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივუსჯით და ვერ გასამართლდება, რადგან ასეთი ადამიანების გასამართლება კანონით აკრძალულია, მაგრამ ეს მოხდება“, - აღნიშნა მან.