ვიქტორ ყიფიანი - “ საქართველოში რუსული ინფილტრაციის რეალურ მასშტაბს მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება”
ბოჭორიშვილმა “წინასაარჩევნო კამპანია” დაიწყო - გახდება თუ არა საქართველო ეუთოს თავმჯდომარე
მირიან მირიანაშვილი - “სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გარდაუვალი დასუსტება სრულიად ახალ რეალობას ქმნის”
ქართველი სამშვიდობოები ღაზის სექტორში - საქართველო კიდევ ერთ სამშვიდობო მისიაში?!
ირაკლი მელაშვილი - “მოხდება თუ არა რუსეთში „ბენზინის რევოლუცია“?!
* * *
ვიქტორ ყიფიანი - “ საქართველოში რუსული ინფილტრაციის რეალურ მასშტაბს მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება”
“პარლამენტში სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირების მორიგი სერია ვნახეთ. ეს წინასწარგანზრახვით მოხდა თუ გაუფრთხილებლობით, ამასაც არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ ქმედებაზე რომ ვსაუბრობდეთ, კიდევ ჩავთვლიდით, რომ ეს შემთხვევითი გადაცდომა იყო და შეიძლება ეს სხვა ქვეყნების პარლამენტებში მომხდარი ჩხუბებისთვისაც შეგვედარებინა, მაგრამ ჩვენ, პრინციპში, დეგრადირების ერთ თანამიმდევრულ პროცესს ვხედავთ. ეს გულსატკენია, ვინაიდან საქმე მხოლოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩხუბს არ შეეხება. ეს არ არის მხოლოდ ცივილიზებულობაზე ამგვარი დეკლარირებული ფორმით უარის თქმა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო ინსტიტუტების რწმენა ეკარგება”, - აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” წარმომადგენელი, “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “თუ საჭირო გახდა, სპეცმომზადებას გავივლით კარატეში და ...”
“გარდა ამისა, პარლამენტში განვითარებული მოვლენებით ქვეყნის რეპუტაციული იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საგრძნობლად ზიანდება. ვიმეორებ: ეს არ არის მხოლოდ იმის გარჩევა, თუ ვინ ვისზე გაიწია, ვინ ვის დაარტყა, უკნიდან მიეპარა თუ წინიდან. ეს არის ძალადობა, რომელიც ჯერ საკუთარი მოქალაქეების თვალში ვნებს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სანდოობას და შემდეგ ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს ძალიან ობიექტური და რეალობის შესატყვისი შეფასებაა. თუ პოლარიზაცია დაუსრულებლად გაგრძელდა, ვშიშობ, უარეს სურათს მივიღებთ... რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ ანგარიშს, შესაჯამებელ პასუხში თავად პრემიერი კობახიძე გვეხმარება, რომელმაც გამოსვლა ასე დააგვირგვინა: “ტაბლოზე ანგარიშია 7:1”. მოდი, ჩვენც აქედან ამოვიდეთ და ამ “7:1-ის” კონტექსტში მოვუყაროთ თავი ჩემს შეფასებას” აღნიშნავს - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.
“ერთიანი” პრემიერის ფრაზაში შემთხვევით ხომ არ არის ციფრებში გამოხატული “ბედნიერი” ეკონომიკა? ბატონი ირაკლი ძალიან ვრცლად საუბრობდა სტატისტიკაზე. ეს ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ დარგის ექსპერტებმა კარგად იციან, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ნომინალური ეკონომიკა - მხოლოდ ქაღალდზე, ციფრებში გამოხატული - და არსებობს რეალური. ნომინალური ეკონომიკა სწორედ ის დახატული სურათია, რომელიც კობახიძისგან მოვისმინეთ, ხოლო რეალურ ეკონომიკაზე, რომელიც აისახება სიღარიბის დონეზე, ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და დოვლათის არათანაბარ განაწილებაზე, მას სიტყვაც არ დაუძრავს. ჩვენ მისგან მხოლოდ გაფერადებულ ციფრებს ვისმენდით. გარდა ამისა, კითხვა მაქვს პრემიერთან: ეს ის წარმატებული ქვეყანაა, საიდანაც ხალხი მასობრივად გარბის?”- განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ყველაფერი ასე ჩქეფს და ყვავის, მაშინ რა აიძულებს ამ ადამიანებს დატოვონ სამშობლო? ამ გაფერადებული ციფრების წინააღმდეგ ამაზე უკეთესი კონტრარგუმენტი არ არსებობს. რატომ გარბიან “ბედნიერი”, “წარმატებული” და “ეკონომიკურად შედეგიანი” ქვეყნიდან? ან ეს “ერთიანი” შემთხვევით ინსტიტუტების დეგრადირებას ხომ არ ნიშნავს? ან პოლიტიზებულ განათლების სისტემას, სადაც საარჩევნო უბნები სკოლებიდან ვერაფრით გამოვიტანეთ? ან ჩვენს ჯანდაცვას, სადაც, რიგი გამორჩეული ექიმების მიუხედავად, ადამიანები მაინც იძულებული არიან სამედიცინო დახმარების მისაღებად ქვეყნის გარეთ გავიდნენ? ან იქნებ ეს “ერთიანი” ჩვენი დაბეჩავებული შეიარაღებული ძალებია, რომელსაც დაფინანსება აკლია, ხოლო სამხედროს მუნდირით ქუჩაში გასვლა, ფაქტობრივად, ეკრძალება? ან თუნდაც ის მოცემულობა, როდესაც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოფიცრებს პოლიტიკური პოლიციის როლს აკისრებენ? სწორედ ამ “ერთიანზ” ხომ არ საუბრობდა ბატონი ირაკლი? დიახ, ამ ერთიანში იმალება ყველა ის უბედურება და პრობლემა, რომლებზეც საუბარსაც მან თავი განზრახ აარიდა” - მიიჩნევს “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი.
“რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობა აბსოლუტურად ნორმალური მიდგომაა ასეთ რთულ მეზობელთან. თუმცა მიჩნდება კითხვა: ამ სიტყვის მიღმა რეალურად რა შინაარსის პოლიტიკა იმალება? ამას სჭირდება შესაბამისი კომპეტენციით, ნდობითა და პროგნოზირებადობით აღჭურვილი ხელისუფლება, ამ ელემენტების მწვავე დეფიციტს კი აშკარად ვხედავთ. მეტი, უამრავი ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ რუსული გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და კრიმინალური ინფილტრაცია საქართველოს ცხოვრებაში იმაზე ბევრად ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამის რეალურ მასშტაბს მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. ვითარების გარდატეხა ურთულესი იქნება, რადგან ეს არის უზარმაზარ ფინანსურ ინტერესებთან დაპირისპირება. იქ, სადაც გეოპოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია გადაჯაჭვული, ცვლილება ყოველთვის გაჭიანურდება. ეს კაპიტალი მხოლოდ ადგილობრივი წარმოშობის არ არის, ის მჭიდროდ არის შეზრდილი არაქართულ კაპიტალთან. ამიტომ მყისიერ, “ნახტომისებურ” შედეგებზე ლაპარაკი რთულია. ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ საწყისი წერტილი იქნება ქვეყნის ამ ინფილტრაციისგან გასასუფთავებლად. ვფიქრობ, გაცილებით რთული გზის გავლა მოგვიწევს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. იმდენი მიმართულებით გაფუჭდა ძალიან ბევრი რამ, ხელის ერთი მოსმით შემობრუნება ძალიან რთული იქნება”, - განმარტავს ვიქტორ ყიფიანი.
“ოპოზიციისთვის სიტყვა “ერთიანობამ” დღეს აქტუალური დატვირთვა დაკარგა. იმ პარტიებს, რომლებსაც მძიმე, ტოქსიკური წარსული და მემკვიდრეობა აქვთ, უნდა მიეცეთ საშუალება ავტონომიურ რეჟიმში გააგრძელონ საქმიანობა. მათთან ფორმალური, სტრუქტურირებული გაერთიანება სახიფათო იქნება იმ ახალი ძალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ აღმოცენებას. ჩვენი პლატფორმა “ჯერ საქართველო” მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ახალი ალტერნატიული პოლუსი, რომელიც არ იქნება დამძიმებული წარსულის შეცდომებით. ასეთ ძალას საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების ბევრად მეტი შანსი აქვს. ძველ პარტიებთან ფორმალური ალიანსების შექმნა, ვფიქრობ, ქვეყნის დღის წესრიგში არ დგას. ჩემი სურვილია, პოლიტიკურმა კულტურამ თავად აღიდგინოს ნდობა. ჩემი აზრით, ახლა უნდა გადავიდეთ აქტიური თავდაცვის რეჟიმზე და შევინარჩუნოთ თავი, ვიდრე ქვეყანაში თვისებრივი ცვლილებების მომენტი არ მომწიფდება - ეს შეეხება მედიასაც და სამოქალაქო სექტორსაც, როგორც დემოკრატიის კუნძულებს”, - დასძენს ყიფიანი და შეკითხვაზე - “რუსი აკადემიკოსის სერგეი კარაგანოვის განცხადებამ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია...“ - პასუხობს:
“ასეთი ნაბიჯით რუსეთი, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს, თუმცა რუსული პოლიტიკური ელიტა დაავადებულია კონსპიროლოგიური თეორიებითა და ილუზიებით. ის ისე მძიმედ დაავადებულია ამ სენით, რომ რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.... უკრაინის ომის ფინალი პირდაპირ კავშირშია ქართულ თემატიკასთან, რადგან ეს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური წონასწორობის ახალ წერტილს ჩვენს რეგიონში, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც პირდაპირ იმოქმედებს ქართულ რეალობაზე. ამ წერტილის განსაზღვრის შემდეგ, ახალი გეოპოლიტიკური გაყოფისას, რომელ მხარეს აღმოვჩნდებით, ეს უკვე კითხვაა ქვეყნის საშინაო პოლიტიკასთან. ამ დიდი გამოწვევის საპასუხოდ ბევრად ჯანსაღი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და აქტიური საგარეო პოლიტიკა გვჭირდება, რაც დღეს ნამდვილად გვაკლია”.
ბოჭორიშვილმა “წინასაარჩევნო კამპანია” დაიწყო - გახდება თუ არა საქართველო ეუთოს თავმჯდომარე
“დუბროვნიკის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევისათვის გაერთიანების სხვა წევრების მხარდაჭერის მოპოვებაა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს-დასავლეთის ურთიერთობა მკვეთრადაა გაუარესებული, ხოლო ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ “მოსკოვის მექანიზმი” აამოქმედა.... მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად, რადგან წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლობები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის... მისივე თქმით, საქართველოს სურს მომავალი წლიდან გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა" - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბოჭორიშვილმა “წინასაარჩევნო კამპანია” დაიწყო - გახდება თუ არა საქართველო ეუთოს თავმჯდომარე.
“საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა”, - თქვა მან. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევა საკმაოდ სპეციფიკური პროცესია. აქ არ ტარდება ტრადიციული ფარული თუ ღია კენჭისყრა, სადაც ხმების უმრავლესობით წყდება საკითხი. პროცესი ეფუძნება ეუთოს მთავარ პრინციპს - კონსენსუსს. გადაწყვეტილებას იღებს ეუთოს უმაღლესი ორგანოს მინისტრთა საბჭო, ან სამიტი. იმისათვის, რომ ქვეყანა თავმჯდომარედ დამტკიცდეს, საჭიროა ორგანიზაციის ყველა 57-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ვინაიდან გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, ნებისმიერ ერთ ქვეყანასაც კი აქვს უფლება, დაბლოკოს კანდიდატი, თუ მიიჩნევს, რომ ის შეუსაბამოა. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსეთი ბლოკავს დასავლური ქვეყნების კანდიდატურებს, ან პირიქით. ოფიციალურად, ეუთოს წესდებაში არ არსებობს რაიმე გაწერილი კრიტერიუმები თავმჯდომარეობის მსურველი ქვეყნისთვის - თეორიულად, ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს აქვს უფლება გახდეს თავმჯდომარე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თუმცა, პრაქტიკაში ქვეყანას უნდა ჰქონდეს უნარი, იმოქმედოს როგორც “მიუკერძოებელმა მედიატორმა” და მართოს კრიზისები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გარდა ამისა, თავმჯდომარეობა დიდ ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. არჩეული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ხშირი ვიზიტები ექნება. ასევე, კანდიდატმა ქვეყანამ უნდა აჩვენოს ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების -ჰელსინკის დასკვნითი აქტი, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები- პატივისცემა. თუ ქვეყანას ავტორიტარიზმში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ, მისი კანდიდატურა ხშირად დიდ წინააღმდეგობას აწყდება. ამ ყველაფერთან ერთად, ეუთოს თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის უზარმაზარ პოლიტიკურ ბერკეტებსა და შესაძლებლობებს იძლევა. რიგით წევრ ქვეყანასთან შედარებით, თავმჯდომარეს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილებები, რომლებიც მას ორგანიზაციის დღის წესრიგის მთავარ განმსაზღვრელად აქცევს”, - განაგრძობს გამოცემა.
“თავმჯდომარე ქვეყანა ირჩევს, თუ რა საკითხებზე გაკეთდება აქცენტი მისი მანდატის განმავლობაში. მას შეუძლია წინა პლანზე წამოსწიოს მისთვის რეგიონულად ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონფლიქტები და თემები. თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. ის გამოდის ორგანიზაციის სახელით, აწარმოებს მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე და ხდება მთავარი მედიატორი კრიზისების დროს. ასევე, მოქმედ თავმჯდომარეს აქვს უფლება, დანიშნოს თავისი სპეციალური და პირადი წარმომადგენლები კონკრეტულ რეგიონებში ან კონფლიქტურ ზონებში. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, პროცესებში თავისი სანდო დიპლომატები ჩართოს. კრიზისის ან შეიარაღებული ესკალაციის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასწრაფოდ მოიწვიოს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა ვენაში. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ეეჭვება, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, საქართველოს თავმჯდომარეობას ეუთოს ყველა წევრი დათანხმდეს, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია “ქართული ოცნების” მომავალ პოლიტიკაზე”, - დასძენს გამოცემა.
“შანსებზე საუბარი გამიჭირდება იქიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულებაც არის საქართველოს მიმართ თავად ეუთოში. თუნდაც ის რეზოლუციები, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც კრიტიკით სავსე იყო. ასევე მოსკოვის მექანიზმიც აამოქმედეს, რაც იშვიათ შემთხვევებში ხდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს. კი, ფორმალურად თითქოს იქ თანასწორები არიან, მაგრამ ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არის მთავარი, მეორე და მესამე ვიოლინო, ყველამ კარგად ვიცით. თუ საქართველო ასეთი მიზნის განხორციელებას აპირებს, ვფიქრობ, რთულ საქმეს შეეჭიდა. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ცუდი არაა. იმის ცოდნას მაინც მოგვცემს, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ვიღაც მხარს დაგვიჭერს და ვიღაც - არა. ეს “ოცნებას” კი არა, საქართველოს სჭირდება - სხვა ხელისუფალიც რომ ყოფილიყო, ალბათ ისიც იგივეს გააკეთებდა. ანუ შეიძლება „ოცნების" ინტერესებში იყოს, როგორც სახელისუფლებო პარტიის, მაგრამ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა პირობებს დადებს მაკა ბოჭორიშვილი და საერთოდ, როგორი იქნება “ქართული ოცნების” მომავალი პოლიტიკა. თუ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა დალაგდება, მაშინ ყველაფერი ნორმალურად წავა, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ვეჭვობ, “ოცნებამ” მოახერხოს თავმჯდომარეობის მოპოვება. რა თქმა უნდა, ეუთოს მიერ ამოქმედებული მოსკოვის მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ ცუდად იმოქმედებს. ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია პოლიტიკის ცვლილება. სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხდება, რასაც “ოცნება” გეგმავს. ეს არის პროცედურული საკითხი, ეუთოს ლიდერები რიგ-რიგობით ხდებიან. ჩვენმა რიგმა მოგვიწია და წესით, საქართველო თავმჯდომარე უნდა გახდეს, მაგრამ ამ პირობებში რამდენად მოხდება, ესაა მთავარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე.
მირიან მირიანაშვილი - “რუსეთის დასუსტება სამხრეთ კავკასიაშიც გარდაუვალია, რაც სრულიად ახალ რეალობას ქმნის”
“დღეს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით სოლიდარულად მოქმედებენ. სომხეთიდან რუსეთი ჩინურ-ამერიკული კომბინაციით გააძევეს და ამაში ჩინეთის როლი ამერიკისაზე ნაკლები არ ყოფილა. იგივე ვითარებაა ბელარუსშიც, ის რუსეთის სატელიტობიდან დამოუკიდებელ ქვეყნად ყალიბდება - ზელენსკიმ ლუკაშენკოს ულტიმატუმი რომ გამოცხადა, სინამდვილეში ეს ამერიკის ულტიმატუმი უფრო იყო. სარაკეტო შეტევები კოსმოსური უზრუნველყოფის გარეშე ვერ მოხდება, თანაც საუბარი მხოლოდ ანძებზე არ ყოფილა, ულტიმატუმში “ისკანდერების” პოზიციების დაბომბვის მუქარაც შედიოდა. ფაქტობრივად, ეს ლუკაშენკოსთვის ძალიან სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ დამცირებას ნიშნავდა. ამასთან, არ გეგონოთ, რომ ლუკაშენკო ამ თამაშისთვის წინასწარ მომზადებული არ იყო. ეს იყო საჯაროდ ორგანიზებული კომბინაცია ბელარუსში რუსული სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმის დემონტაჟისთვის და ამ პროცესში თავად ლუკაშენკოც მონაწილეობდა -ცხადია, გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “როგორც ჩანს, ამერიკა-ჩინეთს შორის შეთანხმება მიღწეულია და...”
“მიუხედავად იმისა, რომ რუსული დელეგაციები ლუკაშენკოსთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ, მან ისინი ცივი უარით გაისტუმრა. ბელარუსში უკრაინის საზღვრის გასწვრივ შექმნილია უზარმაზარი ინფრასტრუქტურა - ასობით ანძა, რომლებიც რუსებმა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე განათავსეს რუსული დრონებისა და რაკეტების ნავიგაციის კორექტირებისთვის. ამ ინფრასტრუქტურის გამორთვა ავტომატურად ნიშნავს იმ სარაკეტო შესაძლებლობების პარალიზებასაც, რომლებითაც რუსეთი ბელარუსის პლაცდარმიდან ევროპაზე თავდასხმით იმუქრებოდა. ეს რუსეთისთვის ძალიან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური მარცხი და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი მორიგი დამცირებაა. ამ ამბავს წინ უძღოდა ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური დელეგაციის არაერთი ვიზიტი ბელარუსში ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში. შესაბამისად, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ჩინელებიც მონაწილეობდნენ ამ საკითხში. ფაქტობრივად, იმავე პროცესს ვხედავთ, რაც სომხეთში განვითარდა. შეიძლება ითქვას, ბელარუსში ლუკაშენკოს “ფაშინიზაცია” მიმდინარეობს”,- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი.
“რუსეთს მართლაც ძალიან მძიმე ზამთარი ელის, შეიძლება გათბობა-ენერგეტიკული კომპლექსის სრულფასოვანი ფუნქციონირების გარეშე მოუწიოს გამოზამთრებამ. ამას შესაძლოა მძიმე სოციალურ-დემოგრაფიული შედეგებიც მოჰყვეს, მით უფრო, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში ეს ყველაზე მკაცრი ზამთარი იქნება. ამ ფონზე ცხინვალის ანექსიის თემის გააქტიურება, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება. ეს უფრო პოლიტიკური სიგნალია, რომელიც ამერიკისკენ არის მიმართული. კრემლს აინტერესებს ვაშინგტონის რეაქცია და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის შეცვლილ რიტორიკას და მის განცხადებას, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. მთავრობის ცვლილება რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან სასურველი სიგნალი ვერ მიიღო. შესაბამისად, ცხინვალის დაჩქარებულ ანექსიას ამ ეტაპზე გამოვრიცხავ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი შეფასებით, ბელარუსის შემდეგ კავკასიაშიც რუსეთისთვის არასახარბიელო პროცესები გაგრძელდება. ცხინვალის თემის გააქტიურება შესაძლოა გზავნილი იყოს ჩრდილოეთ კავკასიისთვის, კერძოდ, დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმ ძალებისთვის, რომლებიც თურქეთსა და საუდის არაბეთთან არიან დაკავშირებული. მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ რეგიონში პროცესებს კვლავ აკონტროლებს და დეზინტეგრაციულ ნაბიჯებს არ დაუშვებს. რუსეთის დასუსტება სამხრეთ კავკასიაშიც გარდაუვალია და სრულიად ახალ რეალობას ქმნის. დამატებითი გამოწვევა იქნება კასპიის რეგიონიც, სადაც თურქეთი სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს. აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ყოფნა უკვე რეალობაა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც თურქი სამხედროების, ისე ავიაციის მონაწილეობა. თუ სომხეთში რუსეთის გავლენის შემცირება გაგრძელდება, სამხრეთ კავკასიაში ორი მთავარი გავლენის ცენტრი ჩამოყალიბდება - ამერიკა და თურქეთი”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი
“ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის ფარული ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გაგრძელება სერიოზულ რისკებს შექმნის. თუ ქვეყანა ამერიკასთან თანამშრომლობას არ აირჩევს, შესაძლოა თურქეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. იმედი, რომ საქართველო ამ ტრანსფორმაციებს ნეიტრალიტეტით გადაურჩება, ილუზიაა. დღეს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მთავარი არქიტექტორი ამერიკაა. რეგიონული კონფიგურაციების დამოუკიდებლად შექმნა არც ევროპის ძალებს შეუძლიათ და ხშირ შემთხვევაში არც ჩინეთს. ამის მაგალითია ტაივანი, მიუხედავად პეკინის ეკონომიკურ-პოლიტიკური ძალისა, ამერიკასთან შეთანხმების გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ტრამპის გზასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ამერიკა-ჩინეთს შორის შეთანხმება მიღწეულია. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თურქულ სატრანსპორტო და ფორვარდინგ-კომპანიებს ჩინეთმა ტენდერებში მონაწილეობაზე უარი უთხრა, რაც ანკარისთვის სერიოზული სიგნალია. ფაქტობრივად, გადაზიდვების გადანაწილების დონეზეც კი შეთანხმებულ სქემაზე ვსაუბრობთ, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი ბლოკები შეთანხმებულია. ამ ეტაპზე დისკუსიის მთავარი დარჩენილი თემა რუსეთის მომავალი როლია”, - განმარტავს მირიან მირიანაშვილი.
“რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დე ფაქტო მნიშვნელოვნად დასუსტებულია, თუმცა დე იურე ჯერ კიდევ ცდილობს გავლენის შენარჩუნებას, მათ შორის საქართველოში. თუმცა რეგიონში მისი რეალური ბერკეტები მკვეთრად შესუსტებულია და ეს თემაც უფრო პოლიტიკურ რიტორიკად არის დარჩენილი, ვიდრე რეალურ გავლენად. სწორედ ამიტომ ხდება ამ თემის აქტიური გამოყენება. შესაბამისად, რეგიონი შეიძლება დადგეს ახალი გეოპოლიტიკური გადაწყობის წინაშე, სადაც რუსეთზე ფარული აქცენტების გაგრძელებამაც კი რისკები წარმოშვას”, - დასძენს მირიანაშვილი და შელითხვაზე - “ალბათ, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში საქართველოს თურქეთის გავლენის ქვეშ მოქცევა არ უნდა შედიოდეს” - პასუხობს:
“თუ ამერიკას არ სურს თურქეთის გავლენის გაფართოება სომხეთში, იგივე ლოგიკა ვრცელდება საქართველოზეც, რადგან გეოპოლიტიკურად ისინი ერთიან სუბიექტებად განიხილებიან. საუბარია იმაზე, რომ თურქეთს არ მიეცეს შესაძლებლობა შექმნას უწყვეტი სატრანზიტო კორიდორი აზერბაიჯანიდან ცენტრალური აზიის თურქულ სახელმწიფოებამდე. თუ ანკარას უარს ეუბნებიან სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, ეს ნიშნავს უარს უფრო ფართო სტრატეგიულ პროექტზეც, რომელიც თურქეთის გრძელვადიან ხედვასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, თუ ეს მიდგომა მოქმედებს სომხეთში, ის ლოგიკურად ვრცელდება საქართველოზეც, რადგან საქართველოს გამოყენებით იმავე კორიდორის ფორმირება ტექნიკურად მარტივად შეიძლება. როგორც ჩანს, ამერიკელებს ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებები გადავადებული აქვთ. პროცესი, სავარაუდოდ, საბოლოო შეთანხმების ფაზაში მხოლოდ მაშინ გადავა, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. შესაბამისად, ეს გარდამავალი ეტაპი უახლოეს პერიოდში, დაახლოებით სექტემბრისთვის, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება...”
ქართველი სამშვიდობოები ღაზის სექტორში - საქართველო კიდევ ერთ სამშვიდობო მისიაში?!
“ქართველი სამხედროები ღაზის სექტორში, შესაძლოა, მშვიდობისმყოფელების სტატუსით გაემგზავრონ. ებრაული მედიის ამ ინფორმაციას ოფიციალური თბილისი მესამე დღეა დუმილით ხვდება. ეს ცნობა ამ დრომდე ოფიციალურად ასევე არ დაუდასტურებია კონფლიქტში მონაწილე არც ერთ მხარეს. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სიტუაცია გაურკვეველია და რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გამართლებული იქნება ამ საშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობა. საქართველოსა და ვიეტნამთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების ინიციატივის ფარგლებში. რაზის სექტორში ომის შემდგომ პერიოდში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით - ინფორმაცია ებრაული გამოცემა “ტაიმს ოფ ისრაელი” ავრცელებს. ასევე იგეგმება ღაზის სექტორის სიახლოვეს, ისრაელის ტერიტორიაზე ქალაქ კირიათ-გათში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის რეფორმირება, რისი მიზანისც ,ოსო ოპერატიულობის გაზრდა და ტრამპის “,შვიდობის საბჭოსთან” კოორდინაციის გაძლიერებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველი სამშვიდობოები ღაზის სექტორში - რამდენად რეალურია საქართველოს ჩართვა კიდევ ერთ სამშვიდობო მისიაში.
“ეს ცენტრი სამხრეთ ისრაელში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა ღაზაში ომის დასრულების შესახებ ტრამპის გეგმის ფარგლებში. მას დაევალა ისრაელ-ჰამასისი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, დახმარების შეტანის ხელშეწყობა და პალეტინის ტერიტორიისთვის ომის შემდგომი პოლიტიკის შემუშავება. ახალი გეგმით ცენტრს სახელი ნშეეცვლება და “ღაზის სექტორის დახმარების საერთაშორისო ცენტრი” დაერქმევა, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები კი, რომელიც ისრაელის გასვლისა და “ჰამასისი” განიარაღების შემდეგ გარდამავალ პერიოდში ღაზის სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მის საქმიანობაში გაცილებით დიდ როლს შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად ასევე შემცირდება ღაზის სექტორის მომავალთან დაკავშირებული მაღალი დონის დისკუსიებში ჩართული ქვეყნებისა და წარმომადგენლების რაოდენობა. მიმდინარეებს მოლაპარაკებები საქართველოსა და ვიეტნამთან ღაზის სექტორში ჯარების გაგზავნის შესახებ და საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ შეთავაზებას” - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ გახდა საქართველოს მსგავსი ინტერესი ობიექტი. “სამხედრო-ოპერატიული კუთხით რომ შევაფასოთ. ქართულ თავდაცვით ძალებს აქვთ დიდი გამოცდილება სამშვიდობო ოპერაციებში, ჩვენი კონტინგენტი თითქმის ყველა კონფლიქტურ კერაში მონაწილეობდა - კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა... ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა და როგორც ჩანს, საქართველოს ამ კუთხითაც იყო არჩეული. გარდა მაისა, როგორც ჩანს საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც გარკვეულწილად ნეიტრალიტეტის პრინციპით გამოირჩევიან”, -მიიჩნევს მაისაია, ხოლო კითხვაზე, რამდენად გამართლებულია ქართული სამშვიდობოების ღაზაში გაგზავნა, ამბობს, რომ ჯერჯერობით გაგზავნაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იქ საბრძოლო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს. ხოლო ქართული მხარის დუმილს იმით ხსნის, რომ თემა სენსიტიურია და ინფორმაციაც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამ ეტაპზე რთულია თქმა, იქნება თუ არა უსაფრთხო და შესაძლებელი ქართული კონტინგენტის ღაზის სექტორში გაგზავნა. ეს სენსიტიური საკითხია, რადგან ღაზის სექტორი რთული თემაა, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები არსებობს და ასეთი ინფორმაციის გაჟღერებით შესაძლოა საქართველო უხერხულ მდგომარეობაში წარმოჩინდეს. არ უნდა გამოვიცხოთ, რომ ეს ცნობა შეიძლება დეზინფორმაციაც იყოს. გარდა ამისა, როგორ აღიქვამს ამას ქართული საზოგადოება, ესეც გასათვალისწინებელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ირაკლი მელაშვილი - “მოხდება თუ არა რუსეთში „ბენზინის რევოლუცია“?!
“ბოლო მონაცემებით, რუსეთის 53 რეგიონში საწვავზე ლიმიტები დაწესდა და სერიოზული დეფიციტია. იქ კი, სადაც ოფიციალური შეზღუდვები არ მოქმედებს, საწვავის ფასმა 150 რუბლს (დაახლოებით 5 ლარს) მიაღწია. შავ ბაზარზე დიზელის ფასი უკვე 500 რუბლამდე (17-18 ლარამდე) ავიდა. ეს ვითარება დიდ ქალაქებში გადაზიდვების გაჩერებას ან ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რამაც რუსეთი შესაძლოა სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანოს... ამჟამად მთავარი გამოწვევაა, დაარტყამს თუ არა უკრაინა სტრატეგიულ კვანძს ე.წ. იამანსკი კრესტს, სადაც თავმოყრილია 18 ნავთობ- და გაზსადენი. უკრაინა ამ წერტილთან უკვე ახლოსაა, რაზეც ტიუმენზე დარტყმებიც მოწმობს. თუ მათ ამ კვანძსაც მიაწვდინეს იარაღი, ქვეყანაში სრული კოლაფსი დაიწყება - შეწყდება გაზის მიწოდება და გაჩერდება თბოელექტროსადგურები, რაც შიდა სისტემას მთლიანად პარალიზებულს გახდის. ვითარება უკიდურესად ფეთქებადია”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით მოხდება თუ არა რუსეთში „ბენზინის რევოლუცია“?!
“იუთუბზე" გავრცელდა რუსი სამხედროს მიმართვა პუტინისადმი, სადაც ის შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ ჯარმა შესაძლოა იარაღი პრეზიდენტისკენ შეატრიალოს. ამ ვიდეოს რუსეთში ერთ დღეში 12 მილიონი ნახვა ჰქონდა. ფაქტია, განწყობები რადიკალურად იცვლება და ამას კრემლშიც ხვდებიან, თუმცა პუტინს გამოსავალი არა აქვს - უკრაინასთან დათმობა მისთვის პოლიტიკური ხარაკირია. გავრცელებული ინფორმაციით, გერასიმოვი მოხსენებით ბარათში წერს, რომ არმიას აღარ შესწევს ძალა დაიცვას მოსკოვიც და ყირიმიც და განაგრძოს შეტევა... თავდაცვის მინისტრ ბელოუსოვის ძმა, რომელიც სამთავრობო კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, პროგნოზირებს, რომ თუ შემოდგომამდე რამე არ შეიცვალა, კოლაფსი გარდაუვალია! ეს “რამე” კი არის ომის დასრულება. ქვეყანა ყოველდღიურად ღარიბდება, ფრონტზე განადგურებული ტექნიკისა და ჭურვების ჩანაცვლება უზარმაზარ ფინანსებს მოითხოვს. რუსეთი ვეღარ აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“უკრაინელთა დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა 5 უმნიშვნელოვანესი ობიექტი და მოსკოვი იძულებულია აწარმოოს დიდი რაოდენობით მოძველებული იარაღი. დღეს რადიკალი კრემლისტი ექსპერტებიც კი აღიარებენ, რომ რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს, რადგან ქვეყანა 1917 წლის სცენარს უახლოვდება, როდესაც არმიის დეზორგანიზაციამ რევოლუცია გამოიწვია. მართალია, მასობრივი ქუჩის პროტესტი ჯერ არ არის, მაგრამ სოცქსელების ბლოკირების მიუხედავად, შიდა უკმაყოფილება მაინც იზრდება. მოსახლეობა ინფორმაციას VPN-ის საშუალებით იღებს. ინტერნეტში ე.წ. ძ-პატრიოტებიც კი შეშფოთებულ ვიდეოებს აქვეყნებენ საწვავის რეალური დეფიციტის შესახებ. იმავდროულად, ყირიმიდან გამოქცეული მოსახლეობის გამო გზებზე 40-კილომეტრიანი საცობებია, რაც სამხედრო გადაადგილებებს უქმნის კოლაფსის საფრთხეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პუტინის ხელისუფლებასა და რუს საზოგადოებას შორის 2000-იანი წლების შუახნიდან მოქმედებდა გარკვეული შეთანხმება - 90-იანი წლების შიმშილისა და ქაოსის სანაცვლოდ ნავთობდოლარებით უზრუნველყოფილი მაღალი ცხოვრების დონე, სტაბილური ხელფასები და მოგზაურობის თავისუფლება. ამის სანაცვლოდ საზოგადოება თვალს ხუჭავდა დემოკრატიისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე. ხალხი მზად იყო შეჰგუებოდა პოლიტიკურ ვაკუუმს, თუკი ექნებოდა ბიზნესი და შემოსავალი, დღეს კი ეს შეთანხმება დაირღვა - აღარც ბიზნესია, აღარც შემოსავლები და ქვეყანა სასურსათო პრობლემების წინაშე დგას. საწვავის დეფიციტი რუსეთს ყველაზე კრიტიკულ მომენტში - მოსავლის აღებისას დაატყდა თავს. მაგალითად, ირკუტსკის ოლქში განაცხადეს, რომ მოსავალს ვერ აიღებენ, რადგან რეგიონის მთელი საწვავი მოსკოვში გადაისროლეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს სასოფლო-სამეურნეო რეგიონებს”, - თვლის ანალიტიკოსი.
“ხორბალი, ნავთობის შემდეგ, რუსეთის უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყაროა. საწვავის ფასის სამ-ოთხჯერ გაძვირება გამოიწვევს პურისა და ფქვილის ფასების კატასტროფულ ზრდას. პუტინის მთავარი დაპირება, “მე ვმართავ, თქვენ კარგად ცხოვრობთ”, უკვე ანულირებულია. მოსახლეობაში ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უნდა მოითმინონ ეს ყველაფერი, როცა აღარც კარგი ცხოვრება აქვთ, აღარც თავისუფლება, ინტერნეტსაც უზღუდავენ და შიმშილიც ემუქრებათ? ხალხი ხვდება, რომ მათ ნახირის, ე.წ. ბიდლოს როლში აყენებენ, ასეთ სტიქიურ პროცესებს კი ვერც პესკოვის პროპაგანდისტული მანქანა ვერ შეაჩერებს. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უკვე რამდენიმე დღეა სერიოზული უკმაყოფილებაა. დაძაბული მდგომარეობაა სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის ეკატერინბურგსა და პერმში. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ისეთი რეგიონები იბომბება, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი საომარი მდგომარეობა არ ყოფილა. ზოგიერთ მათგანს კონფლიქტი ივანე მრისხანეს მიერ ყაზანის აღებისა და ერმაკის მიერ ციმბირის დაპყრობის შემდეგ არ უნახავს”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.
“რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თავიდანვე ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთის მიმართულებიდან მოსკოვის დასაცავად. მოსკოვი-ასტრახანის პირობით ზოლს მიღმა მსგავსი თავდაცვა არ არსებობს. უზარმაზარი ტერიტორიები სრულიად დაუცველია. საქმეც ის არის, რომ სწორედ ეს რეგიონებია რუსეთის სიმდიდრის - ნავთობის, გაზის, ნედლეულის ძირითადი წყარო. გარდა ამისა, აქ მდებარეობს უმნიშვნელოვანესი სამხედრო ქარხნები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ურალში სწორედ მიუწვდომლობის იმედით გადაიტანეს. დღეს უკრაინული დრონები მოსკოვს უვლიან და პირდაპირ ამ სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამენ. ეს ქვეყანაში აბსოლუტური დაუცველობის განცდას აჩენს - ამ ვითარებას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. 1945 წლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში გერმანელების მთავარი პრეტენზია ჰიტლერთან იყო არა ომის დაწყება, არამედ ის, - მისი “უძლეველობის მითი” ინგრევა, რადგან მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დაცვაც კი ვეღარ ხერხდება”, - განმარტავს რესპონდენტი.
“რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. თანამედროვე ეპოქაში ომების ბედი აღარ წყდება ისე, როგორც მე-19 ან მე-20 საუკუნეებში, როდესაც გამარჯვებას ფრონტზე ჯარისკაცების ცოცხალ ძალად მიყრითა და ჩახოცვით აღწევდნენ. დღეს დრონების გამოყენება მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს რუსეთის იმ მასშტაბურ უპირატესობას, რაც აქამდე ჰქონდა. ამას ემატება ტექნოლოგიური კოლაფსიც _ ის ქარხნები, რომლებიც სამხედროებისთვის თუნდაც დაბალი ხარისხის ელექტრონიკას აწარმოებდა, განადგურებულია, ჩინეთი კი მოსკოვს იმას არ აწვდის, რაც რეალურად სჭირდება. კრიტიკულ ფაზაში შედის სამხედრო კონტინგენტის შევსების საკითხიც. თავიდან ფრონტზე მოხალისეები მიდიოდნენ, შემდეგ კონტრაქტორები. ესენი იყვნენ უღარიბესი რეგიონების ყველაზე დაბალი ფენა, მათთვის ომი გაჭირვებიდან თავის დაღწევის ერთადერთ შანსს წარმოადგენდა. დღეს ეს რესურსი ამოწურულია. ახლა ხელისუფლება ჯარში ხალხის იძულებით წაყვანას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ... ამ პროცესის მასობრივად გავრცელება სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ეს მზარდი პროტესტი ხელისუფლებას ყველაზე სახიფათო დროს - შემოდგომის არჩევნების წინ უპირისპირდება. თავად რუსული სამთავრობო კვლევების ცენტრებიც ადასტურებენ, რომ ხალხში მმართველი ძალის მიმართ აბსოლუტური უნდობლობაა. ფაქტია, “იუთუბზე” გავრცელებული სამხედროს მიმართვა მაღალი რანგის ოფიცრების პოზიციას გამოხატავს. ჯარში არსებულ ფარულ საფრთხეებზე მოწმობს გენერლების დაპატიმრება და სუროვიკინის აფრიკაში გადასროლაც - კრემლი იშორებს ავტორიტეტულ სამხედროებს. თუ სასწაული მოხდა და პუტინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, არავინ უნდა ელოდოს დემოკრატების ან ლიბერალების მოსვლას. დღევანდელ რეალობაში ეს მხოლოდ ძალოვანებს შეუძლიათ, თუმცა მათი შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება შეუძლებელია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრუშევი, ნარიშკინი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა თავიდანვე უკრაინაში ომის დაწყების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ პუტინმა მათ არ მოუსმინა. ელიტაში შიდა დუღილი აშკარაა, თუმცა რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის. ერთი რამ ფაქტია _ პუტინის ნაცვლად როგორი რადიკალი ნაციონალისტი ან ძალოვანიც არ უნდა მოვიდეს სათავეში, მას მხოლოდ ერთი გამოსავალი ექნება - ომის სასწრაფო გაჩერება. სხვა შემთხვევაში, რუსეთის უმძიმესი პრობლემების მოგვარებას აზრი ეკარგება”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.