ირანის ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და მაღალი რანგის დელეგაცია დაესწრება, - ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც ოფიციალურ დელეგაციას უხელმძღვანელებს.
WANA News-ი წერს, რომ დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
დაგეგმილი გრაფიკის თანახმად, გარდაცვლილი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ და მეშჰედში დაკრძალავენ. გამოცემა წერს, რომ ზოგიერთმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა და მომლოცველმა, რომლებიც თავდაპირველად ირანში ცერემონიებზე დასწრებას გეგმავდნენ, გადაწყვიტეს ერაყში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება. თეირანში, ყუმსა და ერაყში ცერემონიების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.