ალეკო ელისაშვილის საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკური მაგალითია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაცხადა, რომელზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.
ჩერქეზიშვილის შეფასებით, ელისაშვილის განაჩენი პოლიტიკური დაკვეთის გამოცხადება იქნება სასამართლოს მხრიდან, რადგან მას მუხლი მას შემდეგ გადაუკვალიფიცირდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტერორიზმში ბრალი საჯაროდ დასდო.
„ბუნებრივია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუმცა, მოგეხსენებათ, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში თავიდან საქმე აღძრული იყო ქონების დაზიანების მუხლით, თუმცა შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება, სადაც პირდაპირ გადაუკვალიფიცირა საქმე ტერორიზმის მუხლით და მურუსიძის სასამართლომაც მიიღო პაპუაშვილის გზავნილი. სწორედ ამის შემდეგ გადაუკვალიფიცირდა ალეკოს ბრალი და დღეს მას უკვე ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ.
დიდი ალბათობით, დღეს გამოცხადდება განაჩენი, თუმცა მას არაფერი საერთო არ ექნება სამართალთან და სამართლიანობასთან, ეს იქნება პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება სასამართლოს მხრიდან”, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. ჩერქეზიშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდნენ, შიდა პარტიულ გარჩევებზე არიან გადართული და ეს “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან „სამთავრობო ეთერები აქტიურად განიხილავენ ამ მოვლენებს“ და, როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, ეს უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების განწყობაზეც.
„უპირველეს ყოვლისა, რაც მინდა ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი, რადგან შიდა პარტიული არჩევნები ეროვნული არჩევნების დონეზე აიყვანეს. ეროვნულ არჩევნებზე უფრო ნაკლებს საუბრობენ, ვიდრე შიდა პარტიულ არჩევნებზე.
ჩვენ, ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს და რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც პოლიტიკოსებს აწუხებთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა და არა ერთმანეთის შეცვლა, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, ამიტომ რაც უფრო მალე დასრულდება ეს პროცესი, უკეთესი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც” და ზოგადად ოპოზიციური ფლანგისთვისაც. სერიალს დაემსგავსა უკვე და მართლა უხერხულია ეს ყველაფერი.
რეალურ პრობლემებზე უნდა გადავეწყოთ - ხალხი ებრძვის ფასების გაძვირებას, გადასახადების გაძვირებას, დატბორილ ქუჩებს და ამის ფონზე მართლა ძალიან უხერხულია, რომ ყველა სატელევიზიო ეთერი შიდა პარტიულ დაპირისპირებებს ეთმობოდეს. ეს არის წმინდა შიდა პარტიული საქმე და არავითარ შემთხვევაში არ არის ზედაპირზე გამოსატანი იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას აზიანებს, ვისაც თავის შიდა სამზარეულო გამოაქვს გარეთ.
ეს ყველაფერი პროპაგანდისტული საშუალებებისთვისაც და “ქართულ ოცნების” ხელისუფლებისთვისაც წისქვილზე წყლის დასხმა არის იმიტომ, რომ ამით ძალიან კარგად სარგებლობენ და მათი ეთერებიც გაჯერებულია სწორედ ამ ინფორმაციებით. ეს, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების განწყობაზეც”, - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
მან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც გუშინ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა: “მაჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც ერთ კაცზე არ არის აგებული, რომელი პარტია გახსენდებათ, რომელიც მრავალ ლიდერიანია?”
“ეს არის უშუალოდ ლევან სანიკიძის შეფასება საკუთარ პარტიაზე და მას ამის სრული უფლება აქვს, თუმცა აბსოლუტურად არ ვეთანხმები. “ლელოს” დაფუძნების დღიდან ვარ ამ პარტიაში, ჯერ პარტიაც არ იყო, პოლიტიკური მოძრაობა იყო და მე არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, როცა ვინმემ მიმითითა, რა უნდა გავაკეთო. ყოველთვის ვმოქმედებ დამოუკიდებლად, თუმცა ვითვალისწინებ პარტიულ დღის წესრიგსაც.
სწორედ იმიტომ ვარ “ლელოში”, რომ ჩემს ღირებულებებსა და ფასეულობებს ემთხვევა და სწორედ ის არის მთავარი ღირებულება, რომ არავინ არ უნდა მიმითითოს, როგორ მოვიქცე. შეუძლებელია, ვინმეს მითითებებს ასრულებდე, უპირველეს ყოვლისა, შენ უნდა გმართავდეს შენი შინაგანი კონსტიტუცია და შინაგანი რწმენა, თუ როგორ მოიქცევი.
ბუნებრივია, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გვქონია განსხვავებული აზრი და ეს აზრი გამოგვიხატავს. თქვენ ნახეთ, თვითმმართველობის არჩევნების პირობებში იყო განსხვავებული აზრი და თავისუფალმა ადამიანებმა მიიღეს პირადი გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს, ასეთი მკვეთრი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს იმიტომ, რომ პოლიტიკა არის სახელმწიფოებრივი საქმე და აქ ყველა უნდა ხელმძღვანელობდეს თავისი ქვეყნის ინტერესებით, ამიტომ ლევან სანიკიძის შეფასებას არ ვეთანხმები”, - აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.