ვახო სანაიაზე, ასევე, სხვა ჟურნალისტებზე, განსაკუთრებული წნეხი არის იმიტომ, რომ მათ შეწყვიტონ ხელისუფლების კრიტიკა - „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო დაპატიმრება აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უწმაწურ სიტყვებზე გამოკიდება და ამ მხრივ ზომების გატარება მხოლოდ მოჩვენებითი პროცესია.
„როგორ შეიძლება მოგწონდეს სიძულვილის ენა, უწმაწური ლექსიკა?! ბუნებრივია, ამას აბსოლუტურად ვემიჯნები, თუმცა ეს პროცესი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო, არის მოჩვენებითი. რეალურად ეს პროცესი იმისთვის დაიწყო, რომ განსხვავებული აზრი შეზღუდოს. რაც შეეხება ვახო სანაიას ამბავს - ჟურნალისტის მთავარი ღირებულება, ალბათ, ის არის, რომ თავისუფალ აზრს გამოთქვამდეს, ეს არ უნდა იყოს შეზღუდული და ამ მხრივ, ვახო სანაიაზე, ასევე, სხვა ჟურნალისტებზე, განსაკუთრებული წნეხი არის სწორედ იმიტომ, რომ მათ შეწყვიტონ ხელისუფლების კრიტიკა. „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო დაპატიმრება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
მე ინსტიტუციურ ორგანოში, ამ შემთხვევაში, საკრებულოში მომისმენია ისეთი გამოთქმები, რომელიც შეურაცხმყოფელი ყოფილა ჩემთვის. ამ შემთხვევაში ლექსიკას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ისე გააკეთონ, რომ აბსოლუტურად შეურაცხყონ ჩემი ღირსება. ამას აკეთებენ, ამიტომ უწმაწურ სიტყვებზე გამოკიდება და ამ მხრივ ზომების გატარება არის მხოლოდ მოჩვენებითი პროცესი. შალვა პაპუაშვილის მხრიდანაც არაერთი ძალიან ხისტი და ცუდი გამონათქვამი მახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართულებით, ამიტომ ჯერ საკუთარ რიგებში მოძებნონ და ნახონ. სიძულვილის ენას ებრძვიან სოციალურ ქსელში და მთელმა საქართველომ ნახა, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად დაესხნენ თავს. ამ მხრივ არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ეს უფრო მძიმე ფაქტი არ არის?! ერთ მხრივ შეიძლება ებრძოდე ვერბალურ გამოხატულებას, მაგრამ როცა პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურად ძალადობენ, ამ მხრივ რატომ არაფერი გააკეთეს?!“ - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „თუ რაიმე არის სიძულვილის ენის გამავრცელებელი სოციალურ ქსელში, ეს არის სწორედ ის „ტროლ-ბოტების“ სისტემა, რომელიც „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას აქვს შექმნილი“.
„თუ სიძულვილის ენასთან ბრძოლა უნდათ, უპირველესად, საკუთარი „ტროლ-ბოტების“ ქარხნები უნდა გააუქმონ და რეალურად იმუშაონ ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
გარდა ამისა, ის გადაცემაში გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციას, რომ „საქართველოში 90 პოლიტპატიმარია“ და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფიქრობს პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების ციხეში გამოკეტვას, პოლიტიკური პროცესის მოკვლას და ამით ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ეს როგორც გეოპოლიტიკურად, ისე შიდაპოლიტიკურად, საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს დააზიანებს. სწორედ ამის გამოა, რომ ძალიან ბევრი ურთიერთობა, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებთან, შეზღუდულია, შეწყვეტილია. განვითარებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდეს ადამიანის უფლებები და ადამიანებს პოლიტიკური პოზიციების გამო აკავებდნენ,“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ამასთან, ნიკა ჩერქეზიშვილმა დედაქალაქში მოსული ნალექის გამო ქუჩების დატბორვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არასწორმა დაგეგმარებამ გამოიწვია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქალაქში გრუნტიანი ნიადაგი აღარ დარჩა და დედაქალაქში არსებული სანიაღვრე სისტემები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ წყალი გაატაროს.
„შეუძლებელია ამ რეჟიმის და პოლიტიკური მართვის პირობებში, ეს პრობლემა გამოსწორდეს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის გაანგარიშებული. რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომ 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა, სანიაღვრე სისტემები სწორედ ამაზე უნდა იყოს გათვლილი. ის უნდა იყოს გათვლილი მაქსიმუმზე, პიკურ მდგომარეობაზე რომ ნაკადების გატარება უზრუნველყოს, მაგრამ ეს ვერ მოხდება, იცით რატომ?! ბუნებრივი ზედაპირი აღარ დარჩა ქალაქში, გრუნტიანი ნიადაგი აღარ დარჩა. ან არის დაბეტონებული, ან მოასფალტებული, ამიტომ წვიმის წყლის გაწოვა აღარ ხდება. ეს სანიაღვრე სისტემები, რომელიც არის ქალაქში, აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ წყალი გაატაროს. აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხიც არის. თბილისის მერი არ აღიარებს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ არასწორი დაგეგმარება მოხდა, არასწორი რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირი, რომელიც ახლადრეაბილიტირებულია, ისევე იტბორება როგორც მაგალითად, დიღომი და გლდანი. კახა კალაძე საკუთარი სიტყვების ტყვე იქნება. ბუნებრივია, ეს არავის უნდა, მაგრამ თქვენ ნახავთ, მომავალ წვიმაზე, თბილისი კვლავ დაიტბორება,“ - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.