საგანგაშო ვითარებაა, ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი გვყავს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას, - ასე შეაფასა „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობა 90-ია.
როგორც ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად წაგებული თამაშია, მათ შორის დემოკრატიულ სამყაროსთან მიმართებითაც.
„მაგალითები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოიყვანა, ძალიან სერიოზულია. მაგალითად, ქალბატონი მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ეს ძალიან მძიმე ფაქტია, დამანგრეველიც კი და ამ ეფექტს ვხედავთ. არ მგონია ვიღაცას ეჭვი ეპარებოდეს დასავლეთში. დასავლეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, არ მგონია, ბევრს ეპარებოდეს ეჭვი საქართველოში, მათ შორის მათ, ვინც ტელევიზიით გამოდის და საპირისპიროს ამბობს. ისინიც ხვდებიან, რომ ასე არ არის, მაგრამ „რა ქნან“?! ეჭვი მეპარება, „ქართული ოცნების“ მომხრეები იჯერებდნენ ამ აბსურდს და სასამართლო პროცესის მიმართ ნდობა ჰქონდეთ მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობენ. არ მგონია, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისი შეფასებით, პოლიტპატიმრების საკითხი „ქართულ ოცნებას“ რეალურად ასუსტებს და გარკვეული დროის შემდეგ, ეს რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება.
„რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად დასრულდება ასეთი ტიპის მმართველობა. ვფიქრობ, ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, შეუძლებელია ავტორიტარიზმმა დიდხანს გაძლოს. რომ ვფიქრობდეთ, ასეთი სტილი არის ქართული მოდელი, სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრების წესიც და ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქეც სხვანაირად იცხოვრებდა. სტრატეგიულად იმიტომ აფასებენ, რომ არ „გატარდება“ ის შეცდომები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა. ტყუილად ჰგონიათ, რომ ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ დასავლეთთან ურთიერთობებს. მათი გათვლა არის - „ მე არ ვარ კარგი ბიჭი, მაგრამ როგორიც ვარ მიმიღე, მათამაშე ის როლი, რაც მინდა“. ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება, რადგან ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ავტორიტარიზმში. ამიტომ, სტრატეგიულად წაგებული თამაშია, მათ შორის დემოკრატიულ სამყაროსთან მიმართებითაც. მთავარია, რისი მიღწევა გინდა. თუ გინდა მშვიდად დაასრულო, გაიმყარო შენი ძალაუფლება, იყო ასეთი ავტორიტარული, არადემოკრატიული მმართველი, ჰიბრიდული, გაუგებარი წარმონაქმნი, ევროპის კონტინენტზე ეს სტრატეგიულად წაგებული თამაშია. შეუძლებელია ასეთი სისტემა აქ დამკვიდრდეს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც მარტივად მართვას.
„ხელისუფლების ინტერესია, ჰყავდეთ მართვადი ოპოზიცია, ჰყავდეთ ჯიბეში და იყოს კვაზი პოლიტიკური სისტემა, სადაც რეალურად, ოპოზიცია არ იქნება. ეს არის ავტორიტარული მმართველობის მოდელი. ფორმალურად ქაღალდზე რაღაც არსებობს, მაგრამ რეალურად, არ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები. არ არის არანაირი პოლიტიკური კონკურენცია და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ. ისინი ფიქრობენ, რომ მარტო ისინი არიან, მეტი არავინ. როგორც წესი, პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ იდეოლოგიური ჩარჩო, მაგრამ ეს ხალხი გაუგებარია. დღემდე ვერ მივხვდი მათი შეხედულებები რა არის, გარდა იმისა, რომ პატარა ჯგუფს უნდა, ძალაუფლება ჰქონდეს და მუდმივად იყოს იმ ფორმატში, რომ მართავენ რაღაცას. როგორ მართავენ და მომავალში როგორ ხედავენ, აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაუგებარია. კიდევ ერთი დამახასიათებელი არის ყველგან მტრის ძიება. მთელი დედამიწა ფუთფუთებს მტრებით, მეტს ვერაფერს ხედავენ. არცერთი მეგობარი, პარტნიორი არ ჰყავთ, ყველგან მტერია. უცნაური ფსიქოლოგის ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პარტიის ლიდერებს ვერ ურჩევს, ქვეყანაში დარჩენა სჯობს თუ ქვეყნიდან წასვლა.
„შეიძლება გაქცევა არ იყოს და მაგალითად, დროებით გარიდება იყოს, მაგრამ ეს ტერმინიც რომ გამოვიყენოთ, სერიოზული დილემაა. ძალიან ძნელია ურჩიო ადამიანს იმ დროს, როცა არ იცი, ისინი წავიდნენ თუ არ წავიდნენ. ძალიან რთული საკითხია ადამიანს ურჩიო, რომ ციხეში ჩაჯდეს 12 თუ 13 წელი. პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა ორივე ლოგიკა გასაგებია. მთლიანობაში, ეს არის ტრაგიკული შეცდომების ერთ-ერთი ძალიან მძიმე ეპიზოდი, რა გზითაც ეს ხალხი მიდის. არ არის სახუმარო ამბავი, რომ ადამიანს ციხეში ასე ხანგრძლივი ვადით უშვებ, მით უმეტეს არამარტო პოლიტიკურ ლიდერს, ეს არ არის თამაში. ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. გათვლის თვალსაზრისით არ მგონია, რომ ჭკვიანური იყოს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება არ დანებდება. პოლიტიკური ოპოზიცია ნაწილი რომ დააპატიმრონ ან გადადგან კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი, გააუქმონ კონკრეტული პარტიები, საბოლოდ, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. შედეგი მაინც იგივე იქნება. საქართველო ამ თამაშის წესებს არ მიიღებს, მას სჭირდება პლურალისტური დემოკრატია, ბევრი განსხვავებული პარტია და არა გაუქმებული პარტიები და დაკავებული პოლიტიკური ლიდერები“, - განაცხადა ტუღუშმა.
მისი შეფასებით, დღეს ოპოზიცია რთული ვითარებაშია, რადგან „ვერ დააყენეს საშველი, ერთიანდებიან თუ არ ერთიანდებიან“. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საერთო ენა უნდა გამონახოს და ერთობლივ მიზანზე კონცენტრირდეს.
„როგორც ჩანს, საქართველოში ჭირს ერთდროულად ამდენი პარტია დასხდეს მაგიდასთან და მჭიდრო გაერთიანება შექმნას გარკვეული მიზნების მისაღწევად, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის და მათი მოსვლის გეგმაზეა საუბარი. არ გამოდით ასეთი თამაშის წესი. ამიტომ, მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს კოორდინაცია, თანამშრომლობა. თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იმის მაგივრად, რომ თავისი მიზნების მისაღწევად ძალები გააერთიანონ, ეს ყველასთვის ცუდია, რადგან ერთმანეთთან ბრძოლაში საკუთარ თავს ამარცხებენ და არაფერი იცვლება. შრომა აკლიათ. ჩემი აზრით, ოპოზიციის მთავარი კრიტიკული ნაწილი ეს არის, ისინი სხვა სიბრტყეზე არიან, ერთმანეთთან საქმეს არჩევენ. სულ გაუგებარი ურთიერთობების გარკვევის პროცესია, რომელიც წლებია არ მთავრდება“,-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიებისთვის იდეალურ გარემოს არ შექმნის.
„ხელისუფლებას აწყობს, რომ ოპოზიცია დაყოფილი იყოს და ერთმანეთს ჭამდეს. არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით აქ როდისმე სამართლიან გარემოს შექმნის. ვერ ვხედავ სხვა გზას, გარდა არჩევნებისა, მაგრამ ასევე ვერ ვხედავ ვერანაირ ფორმულაში იმ შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნის. არ ვიცი, რამ უნდა აიძულონ ისინი, რომ ასეთი რამ შექმნან. ამიტომ, რა გრჩება მაშინ? ან უნდა იყო გარეთ და ელოდო, რომ ციდან რაღაც ჩამოვარდება ან ასეთ რთულ პირობებში იბრძოლო. რთულ პირობებში ვიღაცები მოგებას ახერხებენ. აქ მერე სხვა კითხვა რჩება, გვაქვს თუ არა იმის ძალა, რომ რთულ გარემოში მოვიგოთ. შევადარებ უნგრეთის მაგალითს, სადაც ოპოზიციურმა პარტიამ უმძიმეს გარემოში მოიგო“, - განაცხადა ტუღუშმა.
რაც შეეხება იმას, “გაამართლა თუ არა ბოიკოტმა”, ტუღუში ფიქრობს, რომ არჩევნებზე გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას თბილისის და სხვა დიდი ქალაქების მოგება თავისუფლად შეეძლო.
„ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რა სოციოლოგიური კვლევებიც მაშინ ვნახეთ. იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა ოპოზიციას სახელისუფლებო პარტიასთან მიმართებით, პირდაპირ იდო ეს პორტფელი. მაგრამ მერე დავერიეთ ერთმანეთს, ნაწილი იქით წავიდა, ნაწილი აქეთ. ელემენტარულად ხელის გაწვდენა უნდოდა, შრომა და ბრძოლა სჭირდებოდა, მაგრამ შანსი ძალიან რეალური იყო. სწორია ეს? ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რომ კიდევ არ არსებობს გარკვეული სიცხადე და მკაფიოობა ამ თვალსაზრისით. ეს ვითარებას ძალიან აზიანებს. ბოლო 40 დღე საკმარისი არ იქნება, რომ არჩევნებზე რამე შეცვალო. არჩევნებისთვის მზადება აქედანვე უნდა იყოს დაწყებული, თუ მონაწილეობას აპირებენ. არ ვიცი გარედან და შიგნიდან რას ელოდებიან, ხომ უნდა ჩამოყალიბდნენ”, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.