თამარ ონიანი - ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა „ფეისბუქ-პოსტის” გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან - ამას ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს

ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, - ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას.

როგორც ონიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ვახო სანაიას დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან და ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა.

„ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა “ფეისბუქ-პოსტის” გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან. ეს აქტები მიღებულ იქნა არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეპრესიული მიზნების განსახორციელებლად. მაინც, თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს, ფორმალური სამართლის მიღმა, რა შეუძლიათ სასამართლოებს, დავწერ: სინამდვილეში, სასამართლო პრაქტიკის კონვენციური კონტროლი წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ინსტანციების, არამედ ეროვნული სასამართლოების ფუნქციურ ვალდებულებასაც. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობა. ამიტომაც, “კანონია ასეთი” ვერ ამართლებს ვერაფერს. ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო“, - წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო