რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

ამასთანავე, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტურობას.

ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.

გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„დღეიდან დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე მოხდება რუსთაველის გამზირზე არსებული ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩის სრულად ჩაკეტვა. რაც შეეხება ობიექტს - არის რამდენიმე ლოტად დაყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვადები მაქსიმალურად შემჭიდროებულია, საჭიროა მთელ გამზირზე, ყველა ლოტზე ერთდროული სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების სპეციფიკას - ყველა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლა მოხდება. მოეწყობა ახალი გამწვანების თარგები, ახალი გარე განათების ქსელი, მიწისქვეშა თანამედროვე ურნები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა მოხდება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. სამუშაოები იწარმოებს 24 საათის განმავლობაში, რამაც შეიძლება აქ მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას, რისთვისაც წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ამ ვადაში დასრულება სხვანაირად შეუძლებელია,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილონამდე ლარია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი