ირაკლი კობახიძე პოლიტიკური პატიმრების სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არის ხოლმე, რომ ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ჯანსაღ ლოგიკას - მთავარია, აგენტურაში დაპირისპირება ღრმავდება და ეს გააჯანსაღებს დემოკრატიულ პროცესებს

ხანდახან არის ხოლმე, რომ ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ჯანსაღ ლოგიკას - აგენტურის შიგნით დაპირისპირება ძალიან ღრმავდება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, პოლიტპატიმრების სიის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის შეფასებას.

მისივე თქმით, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი.

„ხანდახან არის ხოლმე, რომ ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ჯანსაღ ლოგიკას. რაც შეეხება ზოგადად შეფასებას - ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით დაპირისპირება ძალიან ღრმავდება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს. საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომლებსაც არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შემქნიან ვერც მომავალში ქართულ პოლიტიკას. რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

მოგვიანებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ პოლიტპატიმართა სიაში არ შეიყვანა. მისივე თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას არანაირი ავტორიტეტი არ აქვს და მას ხალხი „არაგულწრფელ გრანტიჭამიებად“ თვლის.

ამასთან, განცხადება გაავრცელა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და აღნიშნა, რომ კამპანია „ანტიმიშა“ მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი