ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა - იგი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები.
„2026 წლის 22 ივლისს აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან თავს სამი პირი დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი კოორდინირებული მედიაკამპანია როგორც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ანგარიშის, ასევე სახელისუფლებო მედიის მხრიდან.
ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა. იგი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები.
ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისაგან შემაკავებელი
ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს.
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ 2026 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშიც საქართველოში რეპრესიების შესახებ. ანგარიშში „ამნესთი ინთერნეიშენალი“ საუბრობს სულ მცირე 6 ადამიანზე, რომლებიც 2023 წლიდან დისკრედიტაციის კამპანიის შედეგად გახდნენ ფიზიკური ძალადობის სამიზნე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.