ივანიშვილის "გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალს" სულ უფრო მეტ ოჯახს შეეხება, ყოველთვის გაქვთ არჩევანი ან გაგებით მოეკიდოთ თქვენი შვილის სიცოცხლისადმი საფრთხეს, ან ეს კრიმინალურ ბანდა გააძევოთ ხელისუფლებიდან , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექს-პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა, ეხმაურება ვერაზე მომხდარ სროლას, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი დაიჭრა და აცხადებს, რომ ახლა არჩევანი ჩვენი თაობის გასაკეთებელია და თუ არ გავაკეთებთ მას, გააკეთებენ რუსეთი და მისი მარიონეტები.
„ჩემი სკოლა და ჩემი სამეგობრო წრე იყო ვერაზე. კრიმინალური გარჩევები, სკოლაში დანების ტრიალი, დაჭრები, მკვლელობები, ყველაფერი ეს ჩემი ბავშვობის ატრიბუტები იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროს. შემდეგ, ეს ყველაფერი მასშტაბირდა 90-იან წლებში, როცა "ვერის საძმო" იყო ყველაზე "ბესპრედელშიკი" ორგანიზაცია მაშინდელ საქართველოში.
ჩვენ ამას დავუსვით ძალიან მსხვილი წერტილი ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელიც იყო ერთდროულად ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური რევოლუცია. შესაბამისად, როცა მოხდა კონტრ-რევოლუცია, ეს იყო კორუფციონერების და კრიმინალების რუსეთის დახმარებით მოწყობილი კონტრ-რევოლუცია.
ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ წულუკიანის კომისიაზე საპატიო სტუმრად ჰყავდათ მოწვეული ვინმე ზერეკიძე - ვერელი თინეიჯერი კრიმინალი, რომელიც ჩვენს დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში იყო მიცემული.
გუშინ ვერაზე 17 წლის ბავშვის მკვლელობაზე პასუხისმგებელია ის ბანდა, რომელმაც მკვლელ ვაზაგაშვილს დაუდგა ძეგლი იუსტიციის სახლთან და ამ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის ადამიანებიც, ვინც კრიმინალის ძეგლის დადგმა გააყარა, ვითომ არაფერი. მიუხედავად ვაზაგაშვილის მიერ მოკლულების ოჯახის წევრების ხმამაღალი პროტესტისა.
მინდა აღიარება გავაკეთო, იცით რის შემდეგ გამოვაცხადე კრიმინალურის მიმართ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა? ეს მოხდა იმ ინციდენტის მერე, რომელიც ჩემს ოჯახს შეეხო. გაჩერებულ მანქანაში სანდრა საჭესთან იჯდა, ედუარდი ჰყავდა უკანა დასაჯდომზე. ამ დროს ბავშვის თვალწინ ვიღაც კრიმინალმა უკანა ფანჯარაში ხელი შემოყო, ედუარდს დანა დაადო და სანდრას ჩანთა მოიპარა. ჩემმა შვილმა მძიმე სტრესი მიიღო მაშინ, ასეთი კრიმინალი ეხებოდა ძალიან ბევრ ოჯახს, მაგრამ სანამ ჩემს ოჯახსაც არ შეეხო უშუალოდ, მანამდე არ გამიმკაცრებია სისტემა, თუმცა ამის გაკეთების ვალდებულება დიდი ხნით ადრე მქონდა.
ხოდა სამწუხაროდ, ივანიშვილის "გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალს" სულ უფრო მეტ ოჯახს შეეხება, ჰოდა ყოველთვის გაქვთ არჩევანი ან გაგებით მოეკიდოთ თქვენი შვილის სიცოცხლისადმი საფრთხეს, ან ეს კრიმინალურ ბანდა გააძევოთ ხელისუფლებიდან.
მთელი ჩვენი ისტორია შედგება ასეთი ტიპის არჩევნებისგან. ახლა ეს არჩევანი ჩვენი თაობის გასაკეთებელია და თუ არ გავაკეთებთ მას, ჩვენ მაგივრად გააკეთებენ რუსეთი და მისი მარიონეტები“,- წერს სააკაშვილი.