შალვა კერესელიძე - ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ის, რაც დღეს ხდება, 90-იან წლებს მაგონებს - გაიზარდა კრიმინალი, ქურდობა, დაჭრა, მკვლელობა - ეს არის ამ რეჟიმის შედეგი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრება, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა და დაჭრა, ასევე, პოლიტპატიმრების ყოლა სხვა არაფერია, თუ არა „კრემლის სტილით მოქმედება“.

კერესელიძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ 2028 წელს, არჩევნების გზით, აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და ძალაუფლების დათმობა.

„ეს ყველაფერი უკვე აღარ მიკვირს. ის, რაც დღეს ხდება, ჩემი სტუდენტობის დროს, 90-იან წლებს მაგონებს. იმდენად მიეჩვია თვალიც, ყურიც, რომ საზოგადოებაში დიდ რეაქციასაც აღარ იწვევს, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებს. ეს არის ამ რეჟიმის შედეგი. კრიმინალში ჩართული ადამიანები ხედავენ, რომ ქუჩაში ძალადობა შესაძლებელია, პოლიციაში ძალადობა „მოსულა“, პარლამენტში ძალადობა „მოსულა“ და ფიქრობს, მისი მხრიდან რატომ არ „მოსულა“ ასეთი ქმედებები?! ამიტომ გაიზარდა კრიმინალი - ქურდობაც, დაჭრაც, მკვლელობაც და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დროულად მოხდეს ამ ხელისუფლების შეცვლა. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ფორმებით, არჩევნების გზით.

კრემლის სტილს უკვე დავემსგავსეთ. ახლა უფრო ჩრდილოეთ კორეის სტილს ვუახლოვდებით. ვახო სანაიას დაპატიმრება სხვა არაფერია, თუ არა კრემლის სტილის მოქმედებებით სიარული. ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ახალგაზრდების მკვლელობას ვგულისხმობ, სხვა არაფერია თუ არა კრემლის სტილზე დამსგავსება. რასაც ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა პოლიტპატიმრების სახით, რომლებიც რეალურად, არაფრის გამო არიან ციხეში, სხვა არაფერია, თუ არა პუტინის პოლიტიკა,“ - განაცხადა კერესელიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გადაცემაში, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეყვანაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ კიდევ უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ქვეყნის რეპუტაციაზე მოახდენს“.

კერესელიძის თქმით, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, კორუფციული ფულის გამო, როგორ ცვლის საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

„ეს ძალიან სამწუხარო პროცესია ქვეყნისთვის. სწორედ ხელისუფლების კორუფციული ფულის და კურსის გამო იღებს სახელმწიფო ასეთ შეურაცხყოფილ რეპუტაციას. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსულ ფულს, რომელსაც საქართველოს ჩინოვნიკები იღებენ და სანაცვლოდ რუსეთს ნავთობს აწვდიან. ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, კორუფციული ფულის გამო, როგორ ცვლის საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ნაცვლად იმისა, რომ ვფიქრობდეთ, რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის რომ, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ დიდ ევროპულ ოჯახში, ისე შეცვალეს პოლიტიკური ვითარება რომ ასეთ გადაწყვეტილებამდე მიიყვანეს მდგომარეობა.

რა თქმა უნდა, ეს სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ კიდევ უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს რეპუტაციულ მდგომარეობაზე. როდესაც შენ, საქართველოს სახელმწიფო ასეთ პროცესებში ხარ ჩართული და კორუფციული ფულის გამო, შენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებაზე მიდიხარ, ეს არის ზუსტად ქვეყნის ინტერესების ღალატი,“ - აღნიშნა კერესელიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის მიღებაზე, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. შალვა კერესელიძე ფიქრობს, რომ აშშ-ს დასკვნა საქართველოსთან მიმართებით „ძალიან მკაცრი იქნება“ და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, პოზიციები, ნარატივი და მიდგომები შეცვალოს”.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამორჩევა როგორც ევროკავშირის სახელმწიფოების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების კრიტიკით, ლანძღვა-გინებით და ა.შ., რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს აშშ-ში, ის მუდამ სცემდა და სცემს პატივს საქართველოს სახელმწიფოს და ხალხს და არა ხელისუფლებას. ის დახმარება, რასაც ჩვენ აშშ-სგან ვიღებდით და ვიღებთ სწორედ ხალხის და სახელმწიფოს დამსახურებაა.

შევხედოთ გუშინდელ შეხვედრას ერგნეთში - ოკუპანტი მოითხოვენ, რომ საქართველომ დათმოს საკუთარი ტერიტორია - ჩორჩანა და მოითხოვენ ჩორჩანას საგუშაგოს გატანას. ამდენს რომ ბედავენ ისინი და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ რომ მიაქვს სამაჩაბლოს ტერიტორია, ზუსტად იმის გამოძახილია, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიმართ პოლიტიკა შეცვალა და ისინი აღარ მიაჩნია საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებად. როდესაც მათი მხარდაჭერა, გვერდში დგომა იყო მკაფიო და ცალსახა, ისინი [რუსები] ასეთ რაღაცას ვერ ბედავდნენ. ეს არის რეალური შედეგი. დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასკვნა იქნება ძალიან მკაცრი და ხელისუფლება იძულებული გახდება, შეცვალოს პოზიციები, ნარატივი და ის მიდგომები, რაც მას რეალურად გააჩნია,“ - განაცხადა კერესელიძემ.

რაც შეეხება მოსაზრებებს, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაპაუზება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობს, ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ „ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოუწევს და ძალიან ბევრი რამის შეცვლაც“.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ პოლიტპატიმრები არის მისი სავაჭრო კოზირი. ვნახოთ, რა იქნება. ამ ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოუწევს და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ როგორმე, 2028 წლამდე საკუთარი ხელისუფლება შეინარჩუნოს და თავი გაიტანოს. პასუხისმგებლობები იქნება ინდივიდუალური - ბიძინა ივანიშვილზე, მთავრობის წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სასამართლოს წარმომადგენლებზე.

„ოცნებას“ ძალიან ბევრი რამის შეცვლა მოუწევს. არამარტო შეცვლა, არამედ დათმობა. უფრო მეტსაც გეტყვით, საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების დათმობაც კი მოუწევს. მოვა ეგ დროც ძალიან მალე. რა თქმა უნდა, არჩევნებით, დემოკრატიული ფორმით. 2028-ში აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და ძალაუფლების დათმობა,“ - განაცხადა კერესელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება