გოტა ჭანტურია - ნოდარ დუმბაძე თვითონ ხუმრობდა ღმერთზეც და რელიგიაზეც, თან ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა - „ქართული ოცნება“ მასაც „გააშავებდა“, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო

თუ ვინმე არ არის დღეს სუვერენული, არის „ქართული ოცნება“, რომელიც ერთი ადამიანის აზრებზე და ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის განწყობაზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა გოტა ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის პოლიტიკა.

რაც შეეხება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს შესახებ ჩანაწერიც ფიქსირდება და კითხვას: რას დაინახავს სახელმწიფო მდივანი, რომელსაც, მათ შორის, საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური გარემოს შეფასება დაევალა, გოტა ჭანტურიამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო მდივანი პირველ რიგში პოლიტიკურ დევნას დაინახავს ყველას მიმართ, ვისაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონს“.

„საგარეო მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ძალიან მძიმედ აქვს საქმე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სადაც უამრავი ანგარიში იწერება, ყველა ნეგატიურ კონტექსტში. სტრატეგიული ურთიერთობები, ფაქტობრივად, გაწყვეტილი და შეჩერებულია და მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ პოლიტიკით, სადაც უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს, რეპრესიული კანონები მიიღება, სადაც ამერიკის მაღალჩინოსნებს ხან „დიფ სთეითად“, ხან აგენტურად, ხან მტრულ სახელმწიფოდ მოიხსენიებენ, რაღაც შეიცვალოს. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ რაღაც რადიკალურად უნდა შეცვალოს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ოდნავ უკეთესობისკენ წავიდეს. სამწუხაროა, რომ ამ დონეზე დავედით და დავეცით და ზუსტად ამიტომ გვინდა „ქართული ოცნების“ ცვლილება, რომ პერსპექტივას, მათ შორის, საგარეო კუთხით, ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება იმას, რას დაინახავს ამერიკის წარმომადგენლობა საქართველოში, დაინახავს პოლიტიკურ დევნას ყველას წინააღმდეგ, ვისაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, ვინც ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის. ვახო სანაის შემთხვევაც არის პრეცედენტული, რომ ადამიანს მისი „ფეისბუქ“ პოსტის გამო 14- დღით იჭერენ ციხეში. წინა ხელისუფლება მე პირადად იმიტომ არ მიყვარს, რომ გადაავსეს ციხეები და ახლა მივიღეთ ანალოგიური სურათი, როდესაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არიან, აპატიმრებენ და ეს მხოლოდ ვახო სანაიას წინააღმდეგ არ არის, ეს არის ნიშანი სხვებისთვის, რომ აზრი არ გამოხატონ. ხელისუფლების მეთოდები არის ძალადობრივი, მაგრამ არის სხვადასხვა, ამ შემთხვევაში სანაია „ფეისბუქ“ პოსტის გამო დაიჭირეს, ონისე ოქრიაშვილის შემთხვევაში პროპაგანდის ქარხანამ აწარმოა წარმოუდგენელი ტყუილები, ბოლოს კი დახვდნენ ამ ადამიანს სახლთან „ტიტუშკები“, ვიღაცას ჯარიმა დაუწერეს, ვიღაცას ტელეფონზე ურეკავენ, სამსახურიდან უშვებენ - ეს რეპრესიები ყველა მხრიდან არის და ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ამას ეფექტი არ აქვს, არ იქნება მართალი, ყველა ვხედავთ, რომ ამას ეფექტი აქვს, ავტორიტარიზმი იმიტომაც არის ავტორიტარიზმი. ეს ჯგუფი ყველაფერს აკავშირებს საკუთარ თავთან, საკუთარ კეთილდღეობასთან, ძალაუფლების შენარჩუნებასთან და თუ ვინმე არ არის დღეს სუვერენული, არის „ქართული ოცნება“, რომელიც ერთი ადამიანის აზრებზე და ერთი ადამიანის განწყობაზე არის დამოკიდებული - ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

რაც შეეხება ონისე ოქრიაშვილის შემთხვევას, ჭანტურიას შეფასებით, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე წარმოდგენა არ აქვთ არც ირაკლი ზარქუას და არც იმათ, ვინც ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ, რადგან თავად დუმბაძეც ხშირად ხუმრობდა ღმერთსა და რელიგიაზე.

„ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა თვითონ ღმერთზეც და რელიგიაზეც, იმდენი რაღაც აქვს ნოდარ დუმბაძეს დაწერილი, თან იუმორისტული და ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა მას, „ქართული ოცნება“ მასაც გააშავებდა, დღეს რომ ის ცოცხალი ყოფილიყო. უბრალოდ მათ არ აქვთ წაკითხული, წარმოდგენა არ აქვთ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც თავს დაესხნენ და მათ შორის ირაკლი ზარქუას. ამასთან, ტყუილი ითქვა, თითქოს ონისე ოქრიაშვილმა შეურაცხყო ნოდარ დუმბაძე, ეს ასე არ ყოფილა“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, კერძოდ ე.წ. საბოტაჟის საქმის შემოდგომისთვის გადადებას, გოტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის შევიწროებას, პოლიტიკურ ინსტრუმენტად და დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს.

„ჩემი აზრით, ამას იყენებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ, ისე საგარეო ურთიერთობებში. რამდენი ხანია საუბრობენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში შეიტანეს განაცხადი. ეს არის პოლიტიკური იარაღი მათ ხელში, გარდა ამისა, ქმნიან დღის წესრიგს. სხვა რეალურ, შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მაშინ, როცა ეს ამბავი ხდება და ამას ვერ გავცდით - წლებია უკვე საუბარი, რომ ოპოზიციის შევიწროება ხდება და „ქართული ოცნება“ ამას ძალიან კარგად იყენებს. ამ დიქოტომიაში ვართ, რომ „ქართული ოცნება“ თუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ამას საზოგადოების წინააღმდეგაც კარგად იყენებს, იმიტომ, რომ თვითონაც იცის, რომ თუ ეს პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოეცალა ხელიდან, მაშინ ახალი რა იქნება?! ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იარაღია ეს საქმე. ცხადია, არის სრულიად უკანონო, არასამართლიანი და ამორალური და არავისთვის არ არის მისაღები, თუმცა ასე თამაშობს, რომ დღეს ცოტა ხნით გადადებს, სექტემბერში თუ რამე შეიცვალა, მერე კიდევ გადადებს, მაგრამ შემონახული აქვს, რომ თუ რამე მოხდა, გადავა დაპატიმრებებზე“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება