გრიგოლ გეგელია - ბოიკოტის სენტიმენტის რღვევას მივესალმები, რადგან ყველა ბოიკოტს იგებს ივანიშვილი - ოპოზიციაში კი ახალი ფორმაციები და ერთობები არ არის  საჭირო, გვპატიჟებენ და თვენახევრის შემდეგ ამბობენ, დავაპაუზეთო, ამისთვის არ გვცალია

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიური პრეცედენტია, თუმცა, მისი თქმით, სანქციების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე რუსული ნავთობის გამოყენება სრულად შეწყდება.

ამის შესახებ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს სანქციები ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ წერილებს მოჰყვა, თუმცა რეალურად ევროკავშირსა და მის პარტნიორებს დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროები და მონიტორინგის მექანიზმები აქვთ.

"პრეცედენტი არის დადებითი. იმ შემთხვევაში თუ სტანდარტი დაცული იქნება, თუ რუსული ნავთობი განდევნილი იქნება, ამ შემთხვევაში ყულევის ქარხანა გადაურჩება დასანქცირებას. მე არ მინდა ქვეყანაში ვიხილო ასეთი პრეცედენტები.

„ქართული ოცნება“ ისე წარმოაჩენს, თითქოს ვიღაც სადღაც ჩავიდა, რაღაც თქვა და ამას მოჰყვა სანქცია. „ოცნების“ პროპაგანდა ამას სათავისოდ იყენებს. ზოგიერთ კოლეგას საქმე აქვს აღძრული ამის გამო. ამ ქვეყანაში მუშაობს ათობით საელჩო. ვცხოვრობთ „სმარტფონების“ ეპოქაში, სადაც 3-4 წამში ნახავ ყველაფერს. ამასთან, შავი ზღვის აუზს უამრავი სახელმწიფო აკვირდება. მეგობრებო, ევროპას არ სძინავს. არც ამერიკას სძინავს. ძალიან დიდი საინფორმაციო ქსელი არსებობს“, - აღნიშნა გეგელიამ.

ამასთან, გეგელია გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია თავისუფალი არჩევნების მოთხოვნის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

მისი შეფასებით, ახალი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა უკვე ორი წელია ოპოზიციის მთავარი გამაერთიანებელი საკითხია და ამ მიმართულებით ახალი ფორმაციის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს ოპოზიციაში ბოიკოტის განწყობების შესუსტებას. მისი თქმით, საარჩევნო ბოიკოტი და ნიჰილიზმი მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„ორი წელი რის ირგვლივ ვიყავით კონსოლიდირებულები? ქართულმა საზოგადოებამ ორი წელი გავატარეთ ახალი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნაში. პირველ რიგში, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ახალი ფორმაციის იდეას ვერ ვხედავ. ის, რომ ამ ქვეყანაში ახალი და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არ არის ახალი იდეა. თითქმის ორი წელია დგას ეს საკითხი.

ვხედავ ბოიკოტის სენტიმენტის რღვევას, რასაც მივესალმები. ამას ზოგი უფრო გვიან ხვდება, ვიდრე სხვა. მგონია, რომ ბოიკოტი და საარჩევნო ნიჰილიზმის გაღვივება არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მომავალში ის ენერგიები, რომლებიც აქტიურად მოუწოდებენ ბოიკოტისკენ, ჩემთვის იქნებიან „ქოცური“ ენერგიის გამაძლიერებლები. იმიტომ, რომ ბოიკოტი ბიძინა ივანიშვილს აწყობს. ყველა ბოიკოტით იგებს ივანიშვილი. ძალიან მარტივი წესი მაქვს: თუ ბიძინა ივანიშვილი რამით იგებს, მე ვაგებ. ამიტომ, არანაირი ბოიკოტი, ბევრი მუშაობა. არანაირი ახალი ფორმაციები და ერთობები არ არის საჭირო. ვნახეთ, რომ რაღაცებს ქმნიან, გვპატიჟებენ და მერე თვე-ნახევრის შემდეგ ამბობენ დავაპაუზეთო. არ გვცალია ამისთვის“,- განაცხადა გეგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება