საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანების შესახებ პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მთავრობამ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი უკან გაიწვია, რადგან ის არ იძლეოდა საშუალებას, რომ ცვლილებები ახალი ინიციატივისთვის მოერგოთ.
„რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო, არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებით კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა გამომდინარე კანონპროექტი იქნება ასახული. ტექნიკური საკითხი იყო, ამიტომ შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ ამ პროექტს და დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული, რომ შექმნილიყო ეს პოზიცია იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყოლოდა ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა ამ საკითხს და იქნებოდა ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც ასეთ კომპლექსურ საკითხს გაუძღვებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ამიტომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მთავრობა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით იქნება თავად ამ საკითხების განმახორციელებელიც და კოორდინატორიც“.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.