სტატისტიკის მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს - ირაკლი კობახიძემ კი შვილების განათლებაში დახარჯა 72 000 ლარი; ნინო წილოსანმა 26 000 ლარი; გელა გელაძემ 145 000 ლარი; დავით სონღულაშვილმა 60 000 ლარი; ირაკლი ჩიქოვანმა შვილების განათლებაში დახარჯა 20 000 ლარი. ადამიანი, რომელიც ამ შენობაში ზის და საკუთარ თავს განათლების მინისტრს ეძახის, დაკავებულია იმით, რომ გურიაში სახლი აიშენოს,- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განათლების სამინისტროსთან გააკეთა.
ანა წითლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას დაეხმარონ ბავშვებს, „რომლებიც შიმშილობენ და არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა“.
„მინდა განახოთ, კონტრასტი, რას ხარჯავენ რეჟიმის წარმომადგენლები საკუთარი შვილების განათლებაზე და მერე განახოთ ის, თუ როგორ შიმშილობენ თქვენი შვილები სკოლებში.
ირაკლი კობახიძემ საკუთარი შვილების განათლებაში დახარჯა 72 000 ლარი; ნინო წილოსანმა საკუთარი შვილების განათლებაში დახარჯა 26 000 ლარი; გელა გელაძემ საკუთარი შვილების განათლებაში დახარჯა 145 000 ლარი; სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საკუთარი შვილების განათლებაში დახარჯა 60 000 ლარი; თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა შვილების განათლებაში დახარჯა 20 000 ლარი და ა.შ.
„ქართული ოცნების“ რეჟიმი საკუთარი შვილების განათლებაში რეალურად იხდის ასი ათასობით ლარს მაშინ, როდესაც ქვეყანაში სასწავლო წელი იწყება ასეთი სტატისტიკით - სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს და 380 000-ზე მეტი ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. 200 000-ზე მეტი ბავშვი იღებს მინიმალურ სახელმწიფო დახმარებას. იმ პირობებში, როდესაც ადამიანი, რომელიც ამ შენობაში ზის და საკუთარ თავს განათლების მინისტრს ეძახის, დაკავებულია იმით, რომ გურიაში სახლი აიშენოს. სასწავლო წელს თქვენი შვილები შეხვდებიან ისე, რომ საჯარო სკოლებში არ არის ამოქმედებული უფასო კვების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვენი შვილები სკოლაში იშიმშილებენ და ეს მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ყველაფრისთვის პოულობს ფულს, მათ შორის იმისთვის, რომ მოიპაროს და გაძარცვოს საქართველოს მოქალაქეები, დღემდე ვერ შეძლონ უფასო კვების განხორციელება სკოლებში. მე მოვუწოდებ ე.წ. პარლამენტს და განათლების სამინისტროს, ორი წლის წინ, ჩვენ დავუტოვეთ დამუშავებული კონცეფცია პარლამენტს და განათლების სამინისტროს, როგორ უნდა დაიწყონ და სწრაფად დაასრულონ უფასო კვების განხორციელება საჯარო სკოლებში, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ და შიმშილისგან გული არ მისდიოდეთ. ამიტომ, მოვუწოდებ, რომ ცოტა ხნით, გააცნობიერონ, რომ საკუთარი შვილების გარდა, ამ ქვეყანაში ასევე არსებობენ ბავშვები, საქართველოს მოქალაქეების შვილები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან, რომლებიც შიმშილობენ და ამ ბავშვებს სჭირდებათ დახმარება“- აცხადებს ანა წითლიძე.