ეს არის “აურზაური სალხინეთში“ ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი იმიტომ, რომ ყოფილი პრემიერი, როცა პრემიერი იყო, რა ხდებოდა, იმაზე ჩატარდა გამოძიება? - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები არის შიდა უნდობლობისა და დაპირისპირების ბოლო ფურცელი.
„ახლა რაღაცას ამბობს [ირაკლი ღარიბაშვილი], ბოლომდე ამბობს, თუ ეს ჩვეულებრივია, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსულა, რომ „გამაჩერეთ, თორემ ყველაფერს ვიტყვი“... და მერე ბოლოს არასდროს ამბობენ ყველაფერს და ვრჩებით რაღაც დაუმთავრებელ ისტორიაში, რომელიც მოითხოვს ახსნას, განმარტებას და არაფერი ხდება.
ეს არის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობის, შიდა დაპირისპირების, აღარ იციან რა სიტყვებით შეამკონ ერთმანეთი. ხან ნაცვლიშვილი გამოდის უზრდელური სიტყვებით, ხან ვინ და ხან - ვინ. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ და თქვენ გინდათ, რომ აგიხსნათ და ვთქვა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ... - არ არსებობს "იმიტომ, რომ". ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია, არც ახსნა-განმარტება.
პარანოიული რეჟიმი გახდა. ყველა ყველას ემდურის, არავის ნდობა არ გააჩნია, იცის, რომ დღეს თუ ხვალ რაღაც შეიძლება შეემთხვეს. შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, დააბრალონ კორუფცია, შეიძლება, თვითონაც დაიბრალოს კორუფცია. კორუფციის თემები ძირითად ხელისუფლებიდან მოდის და ნაკლებად ოპოზიციიდან. ასეთი რეჟიმი არის დასასრულის ბოლო ეპიზოდში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.