New York Post - გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა, - ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

New York Post-ის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე ახლად აშენებული ვილა რეკორდულ თანხად, 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა.

გამოცემის ცნობით, ბაჩიაშვილმა ვილის გაყიდვის შესახებ განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში განათავსა. თავდაპირველად, ვილა 55 მილიონ დოლარად იყიდებოდა, თუმცა განცხადების გამოქვეყნებიდან 11 დღის შემდეგ უცნობმა მყიდველმა 51.5 მილიონ დოლარად შეიძინა.

ასევე, NYP-ი წერს, რომ ბაჩიაშვილმა ვილა 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა, რომელიც „დაუსრულებელი და მშენებლობის პროცესში იყო“.

ბაჩიაშვილის ადვოკატმა, პიტერ ჯ. სალასმა გამოცემას განუცხადა, რომ მისი კლიენტის ადგილსამყოფელი საიდუმლოდ რჩება.

შეგახსენებთ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი 2026 წლის 18 თებერვალს გათავისუფლდა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია