ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეები მოატყუა, როდესაც ნახევარ წელზე მეტია ფასების შემცირებას ჰპირდება. მან ამ ტყუილისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და საქართველოს მმართველობას მოშორდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საწვავზე აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს, რადგან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ყოფა გაუსაძლისი ხდება.
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, საქართველოში აგვისტოს თვეში აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.6%-მდე გაიზარდა. „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ინტერესები არ აინტერესებს და არ ადარდებს. კორუფციაში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ოქროს ზოდებს ყიდულობს და სახლში ასაწყობებს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ შიდა კრიმინალური „კლანები“ ერთმანეთთან პოლიტიკურ კანიბალიზმში შეჯიბრებით არიან დაკავებული და ამ ყველა სიბინძურეში ჩემი და ჩემი კოლეგების ჩათრევას ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობა აგვისტოს თვეშიც გაღარიბდა. აგვისტოს თვე ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის იმაზე გაუსაძლისი იყო, ვიდრე წინა თვეები.
სანამ „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ოქროს ზოდებს უთვლიან და ათეულობით მილიონ დოლარის მოპარვაზე საუბრობენ, მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენას ახერხებს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად ფუფუნების საგანი ხდება საწვავი, საქონლის ხორცი და ასე შემდეგ.
2026 წლის აგვისტოში 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით:
დიზელის საწვავი გაძვირდა - 39%;
ბენზინი - 23%;
ქათმის ხორცი - 15%;
ძროხის ხორცი - 18%;
თევზეული - 18%;
პური და პურპროდუქტები - 7%.
დღეს უკვე კიდევ ერთხელ და სრულიად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია, პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება, ეს პროპაგანდისტული მიზნით შექმნილი ბიზნესთან დაპირისპირებები იყო აბსოლუტური ტყუილი, ფარსი შექმნილი იყო საქართველოს მოსახლეობის მოსატყუებლად.
„ლელო - ძლიერი საქართველო” უკვე თვეებია მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან, საქართველოში ინფლაციის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეამციროს საწვავზე აქციზის გადასახადი, დააბრუნოს მინიმუმ 2017 წლის ზღვარზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადასახადი გააორმაგა. აქციზის შემცირება იმოქმედებს როგორც საწვავის ფასზე, ასევე აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე, რომელსაც საწვავის მოხმარება სჭირდება. საქართველოს მოქალაქეები რეალურ შვებას ნახავენ. მაღალი ინფლაცია მოქალაქეების ყოველდღიურობას ფაქტობრივად კლავს. ამ ვითარებაში ქართველ პენსიონერებს მხოლოდ 20 ლარით მოემატათ პენსია, ხოლო მაღალჩინოსნებს და ჩინოვნიკებს ძალოვან სტრუქტურებში თუ სხვაგან ათასობით ლარით მოემატა ხელფასი.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველთვიურად დგას არჩევანის წინაშე, აირჩიოს საკვები, კომუნალური თუ სხვა სერვისები. ეს ვითარება ყოველთვიურად უფრო მძიმეა. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის საწვავზე აქციზის შემცირება, მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა და ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რასაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არასდროს უწერია განხორციელება. ამას 14 წელია ვერ ვხედავთ. ირაკლი კობახიძე არის მატყუარა.
მან საქართველოს მოქალაქეები მოატყუა, როდესაც ნახევარ წელზე მეტია ფასების შემცირებას ჰპირდება. ირაკლი კობახიძემ ამ ტყუილისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და საქართველოს მმართველობას მოშორდეს. როგორი მძიმეც არ უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, „ძლიერი საქართველო“ არ შეწყვეტს ხალხის პრობლემებზე საუბარს და პრობლემების მხილებას. ამ პრობლემების მიზეზი და ნუსათავე ერთია, მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მოდელი ჰქვია, რომელიც დგას კორუფციაზე, ტყუილზე, ქართველების შეშინებასა და შევიწროებაზე“, - განაცხადა დათუნაშვილმა.