ხატია დეკანოიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე - „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია და ამ კრიზისის დინების შეცვლა უნდათ - მივმართავ შსს-ს: თუ აინტერესებთ საქმის არსი, დაიბარონ კობახიძე, მდინარაძე, ვისზეც ღარიბაშვილი საუბრობს, ჩემზე და გვარამიაზე ხომ არ საუბრობს?!

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ აინტერესებთ რეალური მიზეზები, ან აინტერესებთ საქმის არსი, დაიბარონ კობახიძე, დაიბარონ მდინარაძე და ის ადამიანები, ვისზეც ღარიბაშვილი წერილში საუბრობს. ჩემზე ხომ არ საუბრობს ღარიბაშვილი ამ წერილში, ან ნიკა გვარამიაზე. დაიბარონ ის ადამიანები და გამოკითხონ, მაშინ შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ გამოძიება ნამდვილად არის ობიექტური,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, მის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო, თუმცა იმ გარემოებებთან დაკავშირებით კითხვები, რომლებზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავის წერილში საუბრობს და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებს ეხება, მას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქვს, და აპირებს დასვას სასამართლო დარბაზში.

„არ მქონდა არანაირი წარმოდგენა, ვინ არის ეს ადამიანი და მხოლოდ და მხოლოდ გავიგე ღარიბაშვილის წერილიდან. მაგრამ საქმე ამაში არ არის, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ და სამწუხაროდ, იმ კრიმინალურ იუსტიციას, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“, არ აინტერესებს ფაქტები. ეს არის სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ამ სისტემის ნაწილია ღარიბაშვილი, ამ სისტემის ნაწილია კობახიძე და მდინარაძე და იმის მაგივრად, რომ ამ წერილის შემდეგ დაებარებინა გამოძიებას კობახიძე და მდინარაძე, დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ის ადამიანები, ვინც აზრი გამოთქვა კონკრეტულად ღარიბაშვილის წერილზე. ჩემთვის ეს არის ერთი რამის მანიშნებელი, რომ ამ კრიზისის დინების შეცვლა უნდათ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ფაქტია, რომ არის კრიზისი, როდესაც ერთმანეთს აბრალებენ გაუგონარ დანაშაულს, როდესაც ჩაფლულია მთლიანად „ქართული ოცნება“ კორუფციაში, როდესაც ერთმანეთს აბრალებენ თვითმკვლელობამდე მიყვანას, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს აწყობთ, რომ ამ კრიზისს შეუცვალოს მიმართულება. შესაბამისად, საინფორმაციო გადაფარვის მიზნით, პროპაგანდისტულად დაიბარეს ადამიანები, რომლებსაც არავითარი საერთო იმ ფაქტებთან, რომელზეც საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ აქვთ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ შსს-ც, პროკურატურაც, კრიმინალური იუსტიციის მთელი ეს სისტემა უბრალოდ მართლა ემსახურება ამ მასკარადს და აბსურდს, რასთანაც ახლა ჩვენ გვაქვს საქმე. კითხვები არსებობს და ეს კითხვები პირიქით, მე მაინტერესებს დავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დარბაზში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის დანაშაულები, რომლებსაც ერთმანეთს აბრალებენ და რომელიც მათ ჩაიდინეს, თუნდაც ღარიბაშვილმა, თუნდაც კობახიძე-მდინარაძემ, რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიების რეალური თემა. თუნდაც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, რომელზეც ჩვენ არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ შემდეგ ამ ადამიანს მოუხდა თავისივე მკურნალობის თანხების გადახდა, თუნდაც ციხის უფროსის მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაში თვითმკვლელობა, რომელსაც წინ უძღოდა საკმაოდ მძიმე ფაქტები, იგივე ივანიშვილთან დაკავშირებით, ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ის თემები, რომლითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება და მართლაც საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და არა ის კომიკური აბსურდი, რაღაც დისტოპია, რომელშიც ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს ამყოფებს „ქართული ოცნება“.

მე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ აინტერესებთ რეალური მიზეზები, ან აინტერესებთ საქმის არსი საერთოდ, დაიბარონ კობახიძე, დაიბარონ მდინარაძე და ის ადამიანები, ვისზეც ღარიბაშვილი წერილში საუბრობს. ჩემზე ხომ არ საუბრობს ღარიბაშვილი ამ წერილში, ან ნიკა გვარამიაზე. დაიბარონ ის ადამიანები და გამოკითხონ, მაშინ შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ გამოძიება ნამდვილად არის ობიექტური“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია