ამ პროცესს არავითარი სამართლებრივი ღირებულება არ ჰქონდა, აბსურდი და წარმოუდგენელი კომიკურობა იყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას დაინტერესდა, აპირებენ თუ არა ამ საქმის ფარგლებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და ყოფილი მაღალჩინოსნის მამუკა მდინარაძის გამოკითხვას.
„პირველ რიგში, ჩემი კითხვა იყო, აპირებენ თუ არა გამოკითხონ კობახიძე და მდინარაძე, ანუ იმ 2 გვარის ადამიანი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ფიგურირებს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან იმ წერილში არ იყო ხატია დეკანოიძე, სხვა ოპოზიციონერები დასახელებული, რომლის გამოკითხვასაც აპირებენ ან გამოკითხეს. რა საერთო მაქვს მე ან სხვა ადამიანებს იმ წერილთან, სადაც კობახიძისა და მდინარაძის გვარები ფიგურირებს? ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა. არაფერი მითხრეს, რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ, დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო „ქარიშხალი“ შექმნან.
პირველ რიგში, კითხვა იყო, ვიცნობდი თუ არა ამ ადამიანს. ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არსად მიხსენებია, არც ჩემს სოციალურ ქსელში, არც „ფეისბუქ“ სტატუსში, არც საჯარო გამოსვლებში. საჯარო გამოსვლებში ყველა მნიშვნელოვან თემაზე შემიძლია კომენტარი გავაკეთო და კითხვები დავსვა. არსად ამ კაცის სახელი და გვარი არ ფიგურირებს. ამ წერილში არის მხოლოდ და მხოლოდ კობახიძე-მდინარაძის სახელი და გვარი, მათ გამოკითხვას აპირებენ თუ არა, ეს იყო ჩემი შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ",-განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რა ეწერა ირაკლი ღარიბაშვილის წერილში და როგორ ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის ჩაძირვას.
„არსებობს კითხვები. ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, რომელზეც საზოგადოებას პასუხი არ მიუღია, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძის საქმე, ციხის უფროსის საქმე და ასე შემდეგ, რაზეც პასუხი არ გაცემულა. კონკრეტულად ამ ადამიანების საქმეები დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. იმ წერილის გარშემო მიბარებენ, რომელშიც არ ვარ ნახსენები. ფაქტია, ეს არის კრიზისი "ქართულ ოცნებაში",-განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმასაპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.