დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილს ძალიან ბევრ ინფორმაციასთან მიუწვდებოდა ხელი, ამიტომ არ მაქვს არანაირი მიზეზი ეჭვი მეპარებოდეს მის ვარაუდებში, რომ ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო გარდაცვალებას უკავშირდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.
ჟორჟოლიანის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო.
„პროკურატურას აინტერესებდა მქონდა თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობა შეიძლება თუ არა ყოფილიყო ბურუსით მოცული ან რამე საეჭვო გარემოებას ეარსება. ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, მაქვს ასეთი ინფორმაცია, იმიტომ, რომ ასეთი ინფორმაცია მომაწოდა არც მეტი, არც ნაკლები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან იყო დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძესთან. დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილს ძალიან ბევრ ინფორმაციასთან მიუწვდებოდა ხელი, ამიტომ არ მაქვს არანაირი მიზეზი ეჭვი მეპარებოდეს მის ვარაუდებში, რომ ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო გარდაცვალებას უკავშირდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი.
ასევე იყო შეკითხვა, მქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან. რას მოვესწარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მე, ნანუკა ჟორჟოლიანს მეკითხებოდა მქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან. მე ვუთხარი, რომ არ შეიძლება ასეთ რამეს ეარსება და ვუთხარი რა იყო ჩემი ინფორმაციის წყარო და მივუთითე [სოციალური ქსელი].
ირაკლი ღარიბაშვილის „განაცება“ უნდათ. იმიტომ, რომ რასაც ირაკლი ღარიბაშვილი მოყვება, საზოგადოებას უთხრან, რომ ის არის „ნაცი“, მოღალატე და რომ მის მოყოლილში სიმართლე არ არის. ამიტომ გვიბარებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გვიბარებენ.
ყველა დასმული შეკითხვა არის იმის მცდელობა, რომ რაღაც ტიპის სიახლოვე გამოკვეთონ. ირაკლი კობახიძეს არ გამოუვა მასზე უფრო მეტი „ქოცი“ ირაკლი ღარიბაშვილის „განაცება“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანის თქმით, მისი აზრით, აღნიშნული პროცესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის იმის დასაჯერებლად, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა პოზიცია შეიცვალა - „განაცდა“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნონ იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „განაცდა“ ან გაგიჟდა და ამ სისულელეებს იმიტომ ჰყვება“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.